Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გამოძიება დაიწყო პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის, არესტოვიჩის წინააღმდეგ


ფოტო არქივიდან. ოლექსი არესტოვიჩი
ფოტო არქივიდან. ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინაში გამოძიება დაიწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ინტერნეტსივრცეში პოპულარული პერსონის, ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ, მისი სექსისტური განცხადებების გამო. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება პარლამენტის დეპუტატ ინა სოვსუნზე დაყრდნობით. არესტოვიჩს სწორედ სოვსუნმა უჩივლა.

როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ოლექსი არესტოვიჩი თავის „ფსიქოლოგიურ სემინარებზე“ არა მხოლოდ სექსიზმის პროპაგანდითაა დაკავებული, არამედ ქალებს უწოდებს „არსებებს“, რომელთა „დახრჩობა" სურს, კაცებს კი მიიჩნევს „ღმერთებად“ და „კერპებად“, რომლებიც უნდა განადიდო.

დეპუტატ ინა სოვსუნის ინფორმაციით, ეროვნული პოლიციისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი წარმოება დაიწყო მუხლით, რომელიც ეხება ძალადობის კულტის და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციის პროპაგანდის შემცველი მასალების შექმნასა და გავრცელებას. უკრაინის კანონმდებლობით, მსგავსი დანაშაულისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელი დაჯარიმებაა, ყველაზე მძიმე კი - 5 წლამდე პატიმრობა.

დეპუტატ ინა სოვსუნის ცნობით, საქმე კიევის საქალაქო პროკურატურას გადაეცა. უკრაინის პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ თუ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი და მტკიცებულება, რომ დაუსჯელობა ნორმა აღარ არის და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

უკრაინელი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, ბლოგერი ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უშტატო მრჩეველი გახდა 2020 წლის დეკემბერში. არესტოვიჩმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ მთავარ სპიკერად იქცა.

2023 წლის იანვარში არესტოვიჩმა მრჩევლის თანამდებობა დატოვა, რასაც წინ უძღოდა მისი სკანდალური განცხადება, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და დიდი მსხვერპლი გამოიწვია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

XS
SM
MD
LG