ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია მიანიჭა მაჰსა ამინისა და ირანულ მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“

მაჰსა ამინისა და ირანელი ქალებისადმი სოლიდარობის აქცია სტამბოლში. 21 სექტემბერი, 2022.

მაჰსა ამინის და ირანის მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“, რომელსაც ბიძგი მისცა 22 წლის ქალიშვილის სიკვდილმა, მიენიჭათ სახაროვის სახელობის წლევანდელი პრემია - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებების სფეროში.

მანამდე სულ რამდენიმე კვირის წინ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ირანელ ქურთ აქტივისტ ქალს, ქალთა უფლებების დამცველ ნარგეს მოჰამადის, რომელიც ციხეში იმყოფება.

ასევე ნახეთ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ირანელი უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი გახდა

მაჰსა ამინი, რომელიც ასევე ქურთი ირანელი იყო, შარშან გარდაიცვალა თეირანის ციხეში, სადაც ის ე.წ. ზნეობის პოლიციას ჰყავდა დაკავებული ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის. ამინი და მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ სახაროვის პრემიაზე წარადგინა ევროპარლამენტის სამმა უდიდესმა პარტიამ - „ევროპის სახალხო პარტიამ“, „სოციალისტებმა და დემოკრატებმა“ და „განაახლე ევროპამ“.

ამინისა და მოძრაობის წარდგენა არის „ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მათი მამაცური ძალისხმევის აღიარება“, - განაცხადა ევროკავშირის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, როცა ნომინანტების მოკლე სია გამოაცხადა 12 ოქტომბერს.

„პარლამენტი მთელს მსოფლიოში უდგას მხარში ყველას, ვინც საკუთარ სიცოცხლეს დემოკრატიული ფასეულობების დაცვას უძღვნის“, - დასძინა მან.

2022 წლის სექტემბერში ამინის სიკვდილმა ბიძგი მისცა ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს, რასაც ირანის ავტორიტარული რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ აფასებენ 1979 წლიდან მოყოლებული.

ასევე ნახეთ „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ - პროტესტის ერთი წელიწადი ირანში