2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა ირანელ უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის, "ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის ბრძოლისთვის". ამის შესახებ ნობელის კომიტეტი იუწყება.
ირანის რეჟიმმა ის 13-ჯერ დააპატიმრა, ხუთჯერ დამნაშავედ ცნო და 31 წლით პატიმრობა და 154 როზგი მიუსაჯა.
ნარგეს მოჰამადი ამჟამად ციხეშია.
მოჰამადი შეირჩა 351 ნომინანტიდან, მათ შორის 259 იყო კერძო პირი, ხოლო 92 - ორგანიზაცია. პრემიის წესების თანახმად, მათი სახელები მხოლოდ ორმოცდაათი წლის შემდეგ გამოქვეყნდება. მშვიდობის პრემიის კანდიდატები შეიძლება დასახელდნენ იმ პირების მიერ, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს. დაუშვებელია საკუთარი თავის წარდგენა.
სხვა ნობელის პრემიებისგან განსხვავებით, მშვიდობის პრემია გაიცემა ნორვეგიაში და არა შვედეთში. დაჯილდოების ცერემონია ოსლოში 2023 წლის დეკემბერში გაიმართება.