Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

78-ე მუხლი და "ბავშვები შეცვლილი სქესით" - „ქართული ოცნება“ ისევ ბრიუსელის წინააღმდეგ


ბავშვების "გარყვნისა და გადაგვარებისთვის" შემუშავებულ ევროპულ გეგმაზე, საჯარო წყაროების მიხედვით, ძირითადად ევროსკეპტიკოსები, ანტიდასავლელები, პროკრემლისტები ლაპარაკობენ.
ბავშვების "გარყვნისა და გადაგვარებისთვის" შემუშავებულ ევროპულ გეგმაზე, საჯარო წყაროების მიხედვით, ძირითადად ევროსკეპტიკოსები, ანტიდასავლელები, პროკრემლისტები ლაპარაკობენ.

„ქართული ოცნების“ მოკავშირეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ახალი ინსტრუმენტების გამოყენება მოითხოვეს - რეფერენდუმი და კონსტიტუციის შეცვლა. “ოცნებაში” აცხადებენ, რომ ქვეყანა კურსს არ იცვლის, თუმცა “ასეთ” ევროკავშირში გაწევრიანება არ ხიბლავთ.

რეფერენდუმის ჩატარების იდეას “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” „ლგბტქი+ თანასწორობის“ შესახებ ევროკომისიის ახალ სტრატეგიას უკავშირებს და ასკვნის, რომ ბავშვებს სქესის შეცვლისგან საქართველოს ევროკავშირთან დაშორება იხსნის. ამ ინტერპრეტაციას მისდევენ პროსახელისუფლებო ტელევიზიებიც.

ანტიევროპული იდეების ახალი ტალღა დროში ემთხვევა თბილისის სულ უფრო გაუარესებულ რიტორიკას ბრიუსელის მისამართით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თბილისს ახლა რეფერენდუმი არ აწყობს, თუმცა თავისთავად ამ საკითხზე საუბრებს ანტიდასავლური სტრატეგიის შემადგენელ ნაწილად განიხილავენ.

"სადაც ბავშვები სქესს იცვლიან"

“ქართული ოცნების” სატელიტად ცნობილი “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ევროკომისიის ახალ სტრატეგიას “დიპ სტეიტის” “ვერაგულ გეგმას უწოდებს”; ამბობს, რომ “დიპ სტეიტის” ” მახინჯი იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას და “ოცნებისგან” მოითხოვს - სრულად გაწყვიტოს კავშირი ევროკავშირთან.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ინიციატივებით ცნობილი ორგანიზაცია გეგმავს კონსულტაციებს სხვადასხვა ჯგუფთან, რათა - “უმოკლეს ვადაში” ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც “უტყუარად გამოარკვევს საქართველოს მოსახლეობის ნებას, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, სადაც ბავშვები სქესს იცვლიან, ხოლო მშობლები ხმას ვერ იღებენ”.

რეფერენდუმის მოთხოვნას “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჯერჯერობით არ დათანხმებია. გია ვოლსკიმ 13 ოქტომბერს თქვა, რომ რეფერენდუმი “რასაკვირველია, სერიოზული თემაა” და “ამასთან დაკავშირებით დაფიქრება გვმართებს”; თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება არ იგეგმება.

სხვა მხრივ კი, ვოლსკი და მისი თანაგუნდელები “ნეიტრალური საქართველოს” თანამოაზრეები არიან:


14 ოქტომბერს ამ თემაზე განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმაც.

„არც ვიცი, ამას რა შეფასება უნდა მივცე, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე. თქვენ ხედავთ, როგორ ცდილობს ევროპული ბიუროკრატია, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება. ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ.

როგორიც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ასეთი პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ იდეებს პროსახელისუფლებო მედიაც ავრცელებს.

“ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სტრატეგიით არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი”; “ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს”- "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადების კვალდაკვალ „იმედმა“ საინფორმაციო ქარდებიც ააწყო.

ასეთი პოსტების ქვეშ კომენტატორების ნაწილი წერს, რომ ეს დეზინფორმაციაა - ევროკომისიის ახალი სტრატეგია არა ბავშვების "გარყვნასა და გადაგვარებას", არამედ - დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.

რას ამბობს თანასწორობის ევროპული სტრატეგია?

„ევროკავშირში ყველამ დაცულად უნდა იგრძნოს თავი“ - სტრატეგია ეყრდნობა სტატისტიკასა და ფაქტებს, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლგბტიქ+ თემი ისევ ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის სამიზნე - სამედიცინო მომსახურების მიღების დროს, სასწავლებლებში, სამსახურში თუ საკუთარ ოჯახში.

2023 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55% უჩიოდა სიძულვილით მოტივირებულ დევნას. ბოლო წლებში, ეს ტენდენცია გახდა.

ლგბტ თემის წარმომადგენლები ხშირად ითხოვენ თავშესაფარს ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა, სტრატეგიის ტექსტის თანახმად, ისინი არცთუ იშვიათად დისკრიმინაციის სამიზნე მიმღებ ქვეყანაშიც ხდებიან.

8 ოქტომბერს დამტკიცებული, ახალი, 2026-2030 წლების სტრატეგია, რომელიც 2025 წლამდე მოქმედი სტრატეგიის გაგრძელებაა, სამ მიმართულებას მოიცავს:

  • LGBTIQ+ ადამიანების დაცვა
  • LGBTIQ+ გაძლიერება
  • საზოგადოების ჩართულობა LGBTIQ+ თანასწორობის წინ წასაწევად.


ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს მიიღონ ეროვნული სტრატეგიები ან სამოქმედო გეგმები ლგბტქი+ ადამიანების თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

ტექსტში არ წერია, რომ ბავშვებისთვის სქესის შეცვლა წახალისდება ანდა ამ მხრივ რაიმე სახის ძალდატანებას აპირებენ.

ახალი დოკუმენტის თანახმად, „გენდერის იურიდიული აღიარების“ პრაქტიკა ამჟამად არსებითად განსხვავდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. ევროკომისია საჭიროდ თვლის - ერთიანი სისტემის დანერგვასა და წესების თავსებადობას, ქვეყნებს შორის იურიდიული გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.

„მაშინ, როდესაც რიგმა ქვეყნებმა დაამტკიცეს თვითგამორკვევის მოდელები, სხვებს დანერგილი აქვთ სამედიცინო პროცედურები, რომლებმაც, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შეფასებით, შესაძლოა ხელყოს ადამიანის უფლებები. ევროკომისია ფასილიტაციას გაუწევს წევრ ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას - გენდერის იურიდიული აღიარების პროცედურების შემუშავების მიზნით, რომლებიც დაეფუძნება თვითგამორკვევის პროცედურებს, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე“ – ეს არის ერთი ფრაგმენტი სტრატეგიის ტექსტიდან, რომელმაც დისკუსიები გამოიწვია. უფლებადამცველების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ამ მხრივ გადასადგმელი ნაბიჯები ზედმიწევნით კარგად არის გასაანალიზებელი და შესათანხმებელი, არასრულწლოვანებთან დაკავშირებული ფაქტორების გამო.

სტრატეგიის ზოგიერთ ფორმულირებას თავად ლგბტქი+ ადამიანებიც აკრიტიკებენ. ჩანს, რომ დისკუსიები და კონსულტაციები კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ბავშვების "გარყვნისა და გადაგვარებისთვის" შემუშავებულ ევროპულ გეგმაზე კი - საჯარო წყაროების მიხედვით, ძირითადად ევროსკეპტიკოსები, ანტიდასავლელები, პროკრემლისტები ლაპარაკობენ.

„ევროპაში სურთ, ნება დართონ ბავშვებს განსაზღვრონ თავიანთი სქესი, ნებისმიერ ასაკში“, „ბავშვები ევროკავშირში თავისუფლად შეძლებენ სქესის შეცვლას“ - ეს სათაურები რუსეთის სახელმწიფო მედიიდან არის. რუსეთში ლგბტ თემის არსებობა საერთოდ აკრძალულია და მათი მოძრაობა ექსტრემისტულად არის გამოცხადებული.

  • სპეციალისტები საგანგებოდ განმარტავენ, რომ სადავო აბზაცში იგულისხმება არა სქესის ფიზიკური შეცვლა, არამედ - იურიდიული შეცვლა, დოკუმენტებში.
  • ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში - დოკუმენტების შეცვლამდე ტრანსგენდერებს სამედიცინო პერსონალი ამოწმებს, რაც ხშირ შემთხვევებში, როგორც კვლევები ადასტურებს, დისკრიმინაციული პრაქტიკით არის დამძიმებული.
  • სტრატეგიის მიხედვით, ყველგან უნდა აიკრძალოს ე.წ. კონვერსიული თერაპია - მოძველებული ფსევდომეცნიერული მიდგომები, როცა ლგბტ-თემის წარმომადგენლებს ავადმყოფებად თვლიდნენ და მათ “განკურნებას” ცდილობდნენ.


ახალ ევროპულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ LGBTIQ+ თემის წარმომადგენლები ხშირად ადრეული ასაკიდან ხდებიან სტიგმისა და დისკრიმინაციის სამიზნე.

ტექსტში გამოყენებული კვლევის მაგალითის [FRA] თანახმად, თემის წარმომადგენლების ორი მესამედი [67%] აღნიშნავს, რომ „სკოლაში სწავლის დროს განიცდიდნენ ბულინგს, დაცინვას, შეურაცხყოფასა თუ მუქარას“ და რომ „ამ ინციდენტებს შესაძლოა ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგები“.

სტრატეგიაში აღნიშნულია, ასევე, რომ ლგბტ თემის უფლებების დაცვა კიდევ უფრო აძლიერებს ბავშვთა უფლებების დაცვას, რასაც ევროკავშირში ისედაც დიდი ყურადღება ეთმობა - ბავშვის „საუკეთესო ინტერესებიდან“ გამომდინარე და წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა ეძლევათ - „გააძლიერონ თავიანთი დაცვის სისტემები ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად“.

რეფერენდუმი, 78-ე მუხლი - საით მიდის ეს გზა?

ევროკომისიის სტრატეგიას ლგბტ-პროპაგანდის დამკვიდრების მიუღებელ მცდელობად აფასებს „ხალხის ძალაც“ - „ქართული ოცნების“ განაყოფი, რომელიც სადავო პარლამენტში ახლა ოპოზიციის როლს ასრულებს. სწორედ ამ განაყოფს წარმოადგენდა ახლო წარსულში უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ასევე ე.წ. გლობალური ომის პარტიის/დიპ სტეიტის ავ ზრახვებზე ლაპარაკით გამოირჩეოდა.

მაგალითად, 2024 წლის მარტში, ყაველაშვილი ამბობდა, რომ “ლგბტ პირების უსაფრთხოების დაცულობაზე რაღაც დოკუმენტის” ხელმოწერა, ოპოზიციურ პარტიებს “საელჩოებმა და მათმა პატრონებმა” აიძულეს.

  • რეფერენდუმის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა - პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით, კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე.


როცა ლგბტქი+ თემის უფლებებზე ორიენტირებული სტრატეგია საქართველოში ევროკავშირთან დაშორების კიდევ ერთ საბაბად აქციეს, პარალელურად - უფრო მკაფიო გახდა მსჯელობა კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღების შესახებ.

“ევროკავშირი აღარ არსებობს. მე რამდენჯერმე ვთქვი უკვე და ახლაც მინდა მივმართო თქვენი ეთერიდან ჩვენ ხელისუფლებას, პარლამენტს – უნდა ამოვიღოთ კონსტიტუციიდან [78-ე მუხლი] ის სამარცხვინო მდგომარეობა როდესაც ევროკავშირზე და ნატოზე ვლაპარაკობთ, ორგანიზაციებზე, რომლებიც პრაქტიკულად, აბსოლუტურად ჩამოიშალა, აღარც ევროკავშირი და აღარც ნატო არაფერს არ წარმოადგენს. ამას ყველანი კარგად ვხედავთ, ეს ევროკავშირი გადაიქცა რაღაცა ბუდედ, გარყვნილების, კორუფციის…” - თქვა ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეულმა კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ პროსახელისუფლებო “იმედის” გადაცემაში 4 ოქტომბერს, თუმცა “იმედმა” მისი ეს ციტატა 14 ოქტომბერს ცალკე გამოაქვეყნა.

ხაინდრავა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მსგავსად, ამჯერად განსაკუთრებით გაბრაზებულია ევროპელ ელჩებზე და ევროპულ ქვეყნებზეც, იმის გამოც, რომ - მათ სათანადოდ არ დაგმეს ქართული ოპოზიცია, 4 ოქტომბრის აქციის გამო, რომელსაც “ოცნება” “ვერშემდგარ დამხობას” უწოდებს.

კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, რომ გააკეთონ ყველაფერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. „ქართულ ოცნებასთან“ სხვადასხვა სახით დაკავშირებული ჯგუფები თუ ექსპერტები - ბოლო დროს პირდაპირაც მოითხოვენ „ოცნების“ ჩაწერილი ამ მუხლის ამოღებას საქართველოს კონსტიტუციიდან.

  • კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღების შესახებ ეჭვები ექსპერტებს ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნების წინ გაუჩნდათ, როცა „ოცნება“ ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დახმარებას სთხოვდა. თუმცა მე-11 მოწვევის სადავო პარლამენტში - „ოცნება“ და მისი განაყოფები საკონსტიტუციო უმრავლესობას [მინიმუმ 113 მანდატი] არ ფლობენ და ეს მიზანი, რეფერენდუმით თუ ურეფერენდუმოდ, ამ ეტაპზე ტექნიკურად შეუსრულებელია.


„ასეთი თემების [მათ შორის - რეფერენდუმის] აქტუალიზებით ანტიდასავლური საინფორმაციო ველი ივსება და საზოგადოებრივი აზრზე ხდება ზეგავლენა... ანტიდასავლური პროპაგანდა ერთ დღეზე ხომ არ არის გათვლილი, შორს იხედება - დღეს გაკეთებული გზავნილები თანდათან ახდენს ზეგავლენას და გარკვეული პერიოდის შემდეგ მოაქვს შედეგი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ბილანიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი. მას ეჭვი არ ეპარება, რომ „პროქსი ორგანიზაციებისა“ თუ მათთან დაახლოებული ცალკეული ადამიანების გახმაურებული იდეები ძირითადად თავად „ქართული ოცნებისგან“ მოდის; ისევე, როგორც მანამდე ამას "ხალხის ძალა" აკეთებდა და შემდეგ, "ქართული ოცნებაც" იმეორებდა.

გიორგი ბილანიშვილს რამდენიმე არგუმენტი აქვს - თუ რატომ არ უღირს ახლა „ქართულ ოცნებას“ რეფერენდუმის ჩატარება.

„ახლა „ქართული ოცნება“ ორიენტირებულია იმისკენ, რომ - პროტესტი როგორმე ბოლომდე გატეხოს... ახლა ახალი რეფერენდუმი ევროინტეგრაციის თემაზე პოლიტიკურ ცხოვრებას გამოაცოცხლებს, რაც არ შედის მის ინტერესებში. მეორე ის არის, რომ - ნაკლებად წარმოსადგენია, რომ თუნდაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მივიდეს რეფერენდუმზე და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცეს ხმა. არ მგონია, რომ ახლა ეს განწყობა იყოს“, - ამბობს ბილანიშვილი.

ექსპერტების კიდევ რამდენიმე ვერსიის თანახმად:

  • თუ ხალხმა რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი, ეს ხელისუფლების ოპონენტების პოზიციებს გააძლიერებს და გაზრდის ჟინს, რომ - „ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირი მოთხოვნების შესრულება დააძალოს;
  • თუკი ხალხი რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანებას მიემხრობა, „ოცნებას“ წაერთმევა მთავარი ჯოკერი - ლგბტ თემით მანიპულირება.


ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროკავშირთან „ცალმხრივ მეგობრობას“ ინარჩუნებს და წყენების დავიწყებაც შეუძლია, მაგრამ ექსპერტებისთვის ნათელია, რომ რიტორიკა სულ უფრო კონფრონტაციული, მძიმე და პირდაპირი ხდება.

  • თუკი თავიდან ბრალდებები მხოლოდ „რამდენიმე ევროპარლამენტარის“ მისამართით იყო - რომ თითქოს ისინი „მეორე ფრონტის“ გახსნას უჭერდნენ მხარს;
  • თანდათან „გლობალური ომის პარტიის“ ამ გეგმების შემსრულებლად „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ბრიუსელი, ანუ ევროკავშირის ცენტრი გამოცხადდა.
  • „ოცნება“ ახლა ბრიუსელს რადიკალიზმის დაფინანსებასა და არეულობის წახალისებაში ღიად ადანაშაულებს. ასეთივე ბრალდებებია ევროპელი ელჩების წინააღმდეგ.


„არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ "მშვიდობის პროექტი" სულ უფრო მეტად ემსგავსება "ომის პროექტს". ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია - თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას“ - დაწერა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, როცა ფეისბუკზე გააზიარა უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება - „ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ“ ხელმოწერების შეგროვების შესახებ.

პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-ს კი, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ ევროპა საქართველოს დღემდე ეპყრობა „როგორც მტერს“.

“ჩვენ რომ ემოციებს ავყვეთ, უნდა ვთქვათ, რომ აღარ გვინდა საერთოდ ევროკავშირთან ურთიერთობა…”; “ჩვენ რომ ემოციურად შევხედოთ ყველაფერს, იქით [ევროკავშირისკენ ] გახედვა არ უნდა გვინდოდეს, ისეთი უბედურებები ხდება…” - ეს ციტატებიც ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.

ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას” „ასეთ“, ანუ დღევანდელ ევროკავშირში გაწევრიანება არ ხიბლავს. ასეთი რამ ადრე მხოლოდ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისგან და მათ შორის - მიხეილ ყაველაშვილისგან ისმოდა.

„მე ასეთი ევროპაში შესვლა, რასაც ჩვენს წინ მაგას [უკრაინას] ექაჩებიან, დიდად არ მომინდებოდა. არც ის, რაც მოლდავეთში ხდება რეალურად, ვინც იცის რა ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არაა. [ევროკავშირში] ჩვენ უნდა შევიდეთ წელგამართულები“, - ეს უკვე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია - 2024 წლის ოქტომბერში „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუდან, საპარლამენტო არჩევნების წინ.

  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ოცნება” იყენებდა სლოგანს - “მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!”; ხოლო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის - ეს სლოგანი გაქრა.

„ქართული ოცნება“ აცხადებს რომ თავისი პოლიტიკით ის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ქართველების თვითმყოფადობას იცავს „გარე ჩარევებისგან“.

გიორგი ბილანიშვილის შეფასებით კი, ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მიიწევს წინ და თანმიმდევრულად ასრულებს დასახულ გეგმას:

„საბოლოო მიზანი ის არის, რომ, ერთ დღესაც, ევროკავშირში გაწევრიანების თემა საერთოდ გაქრეს ოფიციალური დღის წესრიგიდან; ქართული საზოგადოებისთვის ეს აღარ უნდა იყოს მნიშვნელოვანი და მიმზიდველი თემა და უნდა აღმოვჩნდეთ რეალობაში, რომელსაც ნელ-ნელა გვაჩვევენ - ეს არის რუსეთის გავლენის სფერო... მოსკოვის გეგმის მიხედვით ვითარდება აქ პროცესები“.


ამ ეტაპზე შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაცია. შეწყვეტილია უმაღლესი დონის ვიზირები. გაჩნდა სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების რეალური რისკი.

2024 წლის 28 ნოემბერს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გუნდის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე გადაავადეს. ეს არის აუცილებლად გასავლელი ეტაპი ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამ განცხადებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ათეულობით აქტივისტი ძალადობის ბრალდებით გასამართლდა. მცირე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გრძელდება და პერიოდულად იმართება მასშტაბური, ხალხმრავალი აქციებიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG