ფიზიკური დისკომფორტი და დამამცირებელი სხეულებრივი გამოცდილებები მხოლოდ ერთი ნაწილია იმ დევნის, რომლის ობიექტებიც პოლიტიკურად თუ სოციალურად აქტიური ქალები ხდებიან.
“შემასახლეს საკან ნომერ 5-ში. ბადრაგი მეხუმრებოდა, ნაციონალების მომხრე თუ ხარ, აი, ამ საკანში იქნებიო (5 პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერია. ახლა ამ პარტიას ოცნება აკრძალვას უპირებს - რ.თ. ) შესახლებამდე მითხრეს, პროტესტის მონაწილე პატიმრები გვყოლია, მაგრამ ქალი ჯერ არაო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბაია მარგიშვილი, რომელმაც 14 დღე გაატარა ზესტაფონის იზოლატორში. ის რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დააკავეს, ქუჩაზე დემონსტრაციულად, დედასთან ერთად ხელჩაკიდებული გადავიდა.
ის 7 ნოემბერს სასამართლოსთან დააკავეს და იზოლატორის დატოვებიდან მეორე დღეს ისევ დაიბარეს სასამართლოში, სადაც 26 ნოემბერს კიდევ ერთ გზის გადაკეტვის საქმეზეა სხდომა ჩანიშნული. ბაია ფიქრობს, რომ კიდევ ერთხელ დააკავებენ. პირველ ჯერზე გადაკეტვის შემდეგ მან მოსამართლის დასანახად დარბაზში საკუთარი საქმის მასალები დახია და თქვა - სწორედ ასე გადამახია ხელისუფლებამ კონსტიტუცია თავზეო. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ის სხდომიდან გააძევა და ის გადაწყვეტილებას და მერე დაკავებას სასამართლოს შესასვლელთან ელოდა.
ბაია ჰყვება, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის ავტომობილში ელოდა, როდის მივიდოდა მასთან პოლიციელი ქალი. როცა ის გამოჩნდა, ჯერაც არ იყო გადაწყვეტილი, სად მიჰყავდათ: სამტრედიაში თუ ზესტაფონში. საბოლოოდ ის ზესტაფონის იზოლატორში აღმოჩნდა.
“მარტო ვიყავი ორი კვირის განმავლობაში ამ საკანში. დასაბანი "დუში" კი ჰქონდათ, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, სულ კაცები იყვნენ და რანაირად უნდა შევსულიყავი, რა გარანტია მქონდა, რომ იქ კარს არავინ შემომიღებდა? “ - ჰყვება ბაია.
იზოლატორი ცივი აღმოჩნდა, ღამ-ღამობით ორ პლედს იფარებდა და მაინც ვერ თბებოდა. ჰყვება, რომ ზედამხედველები არ აძლევდნენ სველი ხელსახოცების გამოყენების უფლებას, უთხრეს, რომ გრძელ თმას თუ დაიბანდა ფენით ვერ გაიშრობდა, იმიტომ რომ არ ჰქონდათ. ზედამხედველები და ექიმი ვერც იმაში დაარწმუნა, რომ სამედიცინო საშუალებები სჭირდებოდა სახის დასაბანად, ეშინოდა კანის ქრონიკული დაავადება არ გამწვავებოდა. ზედამხედველებმა ჩათვალეს, რომ ის უბრალოდ კოსმეტიკას ითხოვდა.
„რომ დამაკავეს, მენსტრუაციული ციკლის ბოლო დღეები მქონდა - იზოლატორში დამეწყო ტკივილები, ოღონდ ეს არ იყო მენსტრუაციის ტკივილები, ეს იყო ჩემი ორგანიზმის რეაქცია სიცივესა და ჰიგიენური პირობების დაუცველობაზე.
იზოლატორის ექიმი დიდად ვერ მიხვდა, რით იყო გამოწვეული ეს ჩემი გაუსაძლისი ტკივილები, რაღაც წამლებს და კრემებს მაძლევდა, მაგრამ ისინი მხოლოდ დროებით მაძლევდა შვებას. რამდენიმე დღის მერე შარდთან ერთად უკვე სისხლი წამომივიდა - შემეშინდა, ისევ მივედი ექიმთან და იმან მითხრა, ბიჭებს ვეტყვი, გადაჭრილი ბოთლი მოგცენ შარდისთვის და ვნახავ, არის თუ არა სისხლიო. როგორი მოსასმენია, მაგრამ მეთქი, კაი“, - საბოლოოდ გოგოს სასწრაფო გამოუძახეს საავადმყოფოში გადასაყვანად.
„ექიმები შოკში იყვნენ, ამ ბავშვს აქ რა უნდაო. კლინიკაში გადამიყვანეს, ექიმმა მითხრა რომ ინფექციააო“, - ჰყვება ბაია.
ზესტაფონის იზოლატორის მსგავსად, საქართველოს სხვა რეგიონების წინასწარი დაკავების შენობების უმეტესობაში ქალი ბადრაგი იშვიათია და ქალებსაც ჰიგიენის დაცვა ძალიან უჭირთ. თითქმის არსად არ აქვთ მენსტრუალური საფენები და კაცი თანამშრომლებიც უხერხულად გრძნობენ თავს, როდესაც ქალები საფენებს ითხოვენ. ეს ძველი პრობლემაა.
თამარ კურატაშვილი, ორგანიზაცია “სირცხვილიადან” პოლიციას არაერთხელ ჰყავს დაკავებული. 2021 წლის ნოემბერში, როცა ის სუსის ოფისთან დააკავეს ბანერით ხელში, რომელსაც ეწერა „ყველას ვერ დაგვაკავებთ“, ბათუმიდან ოზურგეთის იზოლატორში ისე წაიყვანეს, რომ არც მცირეწლოვან შვილთან, არც ბავშვის მამასთან და არც ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს. პირადი ნივთები კი, რომელიც ზურგჩანთაში ჰქონდა, იზოლატორში შესახლებისას ჩამოართვეს.
“ოზურგეთში როგორც მითხრეს, პირველი ქალი ვიყავი. ბადრაგში მხოლოდ კაცები იყვნენ. მე მენსტრუაცია მქონდა. ბათუმის სამმართველოში მომცეს უფლება, საკუთარი ჩანთიდან ამომეღო ტამპონი. უკვე ოზურგეთში გადაყვანისას ჩემი ჩანთა იყო დალუქული და სამმართველოში ჩაკეტილი. იზოლატორში არ ჰქონდათ არანაირი ჰიგიენური საფენები.
ბადრაგებს ვუთხარი, რომ ციკლი მქონდა და ძალიან განიცადეს. რა ექნათ, არ იცოდნენ. თუ მოგაკითხავს ვინმე, ვეტყვითო და როგორც კი მოვიდნენ ადგილობრივი აქტივისტები, მართლა შემომიგზავნეს იმათ. სანამ ისინი გამოჩნდებოდნენ, მაისური გავიხადე, მოკლესახელოებიანი და ის გამოვიყენე, რა მექნა. დაბანის შანსიც არ იყო. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად მექცეოდნენ, ცდილობდნენ, თბილად ვყოფილიყავი, წამლებსაც მთავაზობდნენ”, - იხსენებს ის წლების წინანდელ გამოცდილებას.
ამის შემდეგ ის, როგორც ხელისუფლების აქტიური ოპონენტი და აქტივისტი, კიდევ არაერთხელ დააკავეს, მათ შორის, ბოლოს პარლამენტთან 2008 წელს ომში რუსების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის, გიორგი ანწუხელიძის ბანერით ხელში, თუმცა ეს იყო უფრო მოკლე ვადებით დაკავებები.
ოზურგეთის იზოლატორში მან 48 საათი გაატარა. ეს იზოლატორი არის ერთ-ერთი იმ 6 რეგიონულ იზოლატორს შორის, რომელიც 2019 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, აღებული ვალდებულების შესაბამისად და სახალხო დამცველისა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე განაახლა.
“რომ ვეკითხებოდი, აბაზანას როდის მივიღებ-მეთქი, ამაზეც კი უხერხულად გრძნობდნენ თავს. მეოთხე დღეს ვისარგებლე აბაზანით”, - ეს უკვე ნათია ლეთოდიანია, პარტია "დროას" წევრი, რომელიც 24 ოქტომბერს ასევე რუსთაველის გადაკეტვის გამო დააკავეს და იზოლატორში 5 დღით გაუშვეს. მას პოლიციელებმა სახლთან მიაკითხეს, ვიდეოში, რომელიც მის დაკავებას ასახავს, ისმის, როგორ ეძახის ბებია ფანჯრიდან, რომ რამე თბილიც ჩაიცვას, თუ აკავებენ. ნათია მანქანიდან პალტოს იღებს და ამის შემდეგ მიჰყვება პოლიციას.
“გამოსაცვლელ ტანსაცმელს რომ გიგზავნიან, საცვლებს და სუფთა ნივთებს, საკანში ვერ ინახავ, თვითონ აქვთ და როცა საპირფარეშოში მიდიხარ, მაგ დროს გატანენ, რომ გამოიცვალო. ოღონდ მათთვის ესეც ისეთი უხერხული იყო, მაქსიმალურად ვცდილობდი, ტუალეტშიც კი იშვიათად გავსულიყავი.
დაბანა რომ მინდოდა, იმ დღეს ადმინისტრაციიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა გოგო, გაპრანჭული, ქუსლებიანი და იმან გამაცილა აბაზანაში. როგორც ჩანს, ბიჭებმა სთხოვეს ამ გოგოს დახმარება. შამპუნი არ შეიძლება, საპნით იბან და ეგ დისკომფორტი არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ვიცოდი, რომ იზოლატორში კომფორტი არ უნდა მეძებნა”, - ჰყვება ნათია.
|
“მენსტრუალური სიღარიბეა იზოლატორებში. თუ ითხოვ, ჰიგიენურ საფენს კი გაძლევენ, მაგრამ ყველაზე უხარიხოს, იაფფასიანს და, ფაქტობრივად, გამოუსადეგარს. გარდა ამისა, იზოლატორების ნაწილს აქვს ნახევრად ღია საპირფარეშო ან შენობის გარეთ ტუალეტი. დიდ დიღომში, მაგალითად, ამ ნახევრად ღია საპირფარეშოში ნებისმიერ დროს შეიძლება შემოიხედოს ბადრაგმა. მცხეთაში საერთოდ გარეთ ეძახი პერსონალს, რომ ჩაგირიცხონ საპირფარეშო, შიგნიდან არ ირეცხება და ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ტუალეტის ქაღალდიც საშინელია - უხეში“, - გვიყვება აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში დაკავებული იყო, როგორც სისხლის სამართლის წესით, და ახლა გირაოს სანაცვლოდ არის გამოშვებული, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.
მარიამი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ჩაითვალოს რომ სილამაზისთვის ან ელემენტარული კომფორტისთვის გჭირდება - აკრძალულია. სახის დასატენიანებლად კიტრს ვიყენებდი, თმას კი ცელოფნის ნაგლეჯით ვიკრავდი, მაგრამ ესეც კი ამიკრძალესო - ჰყვება ის.
რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისის იზოლატორებში პატიმრებს შესაძლებელია ქალი ზედამხედველები დახვდეთ და ჰიგიენური საფენებიც იყოს, მაგრამ არა ყოველთვის.
თუმცა რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისის იზოლატორებში უფრო დაჟინებით ცდილობენ სრულად გააშიშვლონ დაკავებული საკანში შესახელებამდე. გაშიშვლების ფორმალური მიზეზია, სამედიცინო შემოწმება - ექიმმა უნდა აღწეროს ყველა დაზიანება, რომელიც ადამიანს საკანში შესვლის წინ შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ქალები ამბობენ, რომ ამგვარ შემოწმებას გაშიშვლება და მით უმეტეს გაშიშვლებულ მდგომარეობაში ბუქნების კეთება არ სჭირდება. მეტიც, იზოლატორში მოთავსებისას დაკავებულის სრული გაშიშვლება კანონით იკრძალება და ამის მიუხედავად ეს პრაქტიკა საკუთარ თავზე უკვე არაერთმა საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა გამოცადა.
სრულად გაშიშვლება არ ნიშნავს იმას, რომ ექიმი აუცილებლად შეამჩნევს სხეულზე დაზიანებებს და მათ ოფიციალურ დოკუმენტში აღწერს - ელენე ბერიკაშვილს, რომელსაც 4 დღის გატარება მოუწია იზოლატორში, დაკავებისას პოლიციელებთან ჯაჯგურისას რამდენიმე ადგილას ჩაულურჯდა კანი, მაგრამ ექიმებს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. მიუხედავად იმისა, რომ ის ორ სხვადასხვა იზოლატორში, დიღომში და ზაჰესში, ორ-ორჯერ, შესვლისას და გამოსვლისას შეამოწმეს.
სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, იზოლატორში მოხვედრილთა 65,7%-ს ჰქონდა სხეულზე დაზიანებები; წინა წელს ეს მაჩვენებელი 64,3% იყო.
გაშიშვლების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პრაქტიკა ზოგიერთი ქალისთვის ტრავმადაც კი იქცა.
მაგალითად, 2025 წლის თებერვალში ერთ-ერთი დაკავებული ქალი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ დაკავებისას ჯერ პოლიციელების ძალადობამ, შემდეგ კი ჩხრეკისას გაშიშვლებამ იმდენად მძიმედ იმოქმედა მასზე, რომ იზოლატორში მენსტრუაცია შეუწყდა. ამგვარი ისტორიები ამ დრომდე ცნობილი იყო საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი ქალების მოგონებებიდან.
გაშიშვლებისგან დაზაფრული ქალების მხარდასაჭერად 2025 წლის მარტში პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საჯაროდ ისაუბრა იმაზე, რომ იზოლატორში ისიც გააშიშვლეს.
“წარმოვიდგინე ყველა ის დაუცველი და გამოუცდელი ადამიანი, ვინც ამათ ხელში ვარდება. ზოგს ამაზე საუბრის ეშინია, ზოგს რცხვენია. ცხადია, სენსიტიურია ამ დეტალებზე საუბარი. თუმცა აუცილებელია ვისაუბროთ, ბოლომდე მივყვეთ, დავსაჯოთ და აღმოვფხვრათ ადამიანის მიმართ ასეთი მოპყრობა…” - წერდა ის მაშინ იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში.
თუ დაკავებული უარს აცხადებს “შიშველ ჩხრეკაზე”, პოლიცია მას ბორკილებს ადებს და ისე აშიშვლებს. ასე მოხდა, მაგალითად, მთარგმნელისა და მოყვარული მთამსვლელის, ნინო ბარძიმაშვილის შემთხვევაში. ის 19 ნოემბერს, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დააკავეს კაკაბაძის ქუჩაზე და 21 ნოემბერს სასამართლომ ორდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
“გამაფრთხილეს, რომ ძალით გამაშიშვლებდნენ; ჩემით გაშიშვლებას ისევ მორევით გაკეთება მერჩია. თავიდან შეგონებებით შემოდიოდნენ, მერე გადიოდნენ და ქალებს ტოვებდნენ, ეგებ დავთანხმებულიყავი. მერე მოვიდა იზოლატორის უფროსი: „ჩემს მოსვლას ელოდებოდით? რას ეფერებით? დაადეთ ბორკილიო, თქვა და თვითონვე დამადო ბორკილი. მერე კაცები ისევ გავიდნენ და ქალები დარჩნენ”, - იხსენებს ნინო, რომელიც სახელმწიფოს არ ენდობოდა და დაკავების შემდეგაც ცდილობდა, რაც შეიძლება მეტ პრობლემაზე მიეპყრო სისტემის მსახურთა ყურადღება. მაგალითად, სასამართლო პროცესის მოლოდინში ის 6 საათით დააყოვნეს შენობის პატარა სარდაფში, სადაც სიგარეტის ბუღი და ახლად შეღებილი კედლის სუნი აწუხებდა.პროტესტის შედეგად მან იმას მიაღწია, რომ პატიმრობის ბოლო ორი საათი სასამართლოს ეზოში გაატარა.
“რასაკვირველია, ციხეში არ არის ღირსეული საცხოვრებელი პირობები, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი პრობლემაა, უფრო სწორად, ეს არის სიმპტომი იმ პრობლემისა, რომ აქ ზოგადად ადამიანის ღირსება და უფლებები დაუცველია. ოღონდ ამჯერად ის დაუცველია არა მარტო ციხეში, არამედ გარეთაც. რას გაგიკეთებს ეს რეპრესიული სისტემა – ეს მთლიანად დამოკიდებულია ვიღაცის ხუშტურზე და პირად ინტერესებზე. დიდი ხანია, იქ თემიდას ახლოსაც არ გაუვლია“, - ამბობს ნინო, რომელსაც წინ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელოდება 3 დეკემბერს და შესაძლოა, ისევ მოუწიოს იზოლატორში დაბრუნება.
საქართველოში 23 წინასწარი დაკავების იზოლატორია, რომელთაგან 7-ში სამედიცინო პუნქტი არ არის. ამ იზოლატორებში ერთდროულად ჯამში 250-მდე ადამიანი ეტევა.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის პირველ 9 თვეში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში 200 ქალი მოხვდა.