საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი უნივერსიტეტისთვის 18 წლის წინ „უკანონოდ ჩამორთმეული ქონების“ დაბრუნებას გეგმავენ და ამაში პროკურატურის იმედი აქვთ. მოპასუხე მხარე - საქართველოს უნივერსიტეტი კი - ამტკიცებს, რომ ამ ქონებაში 4 მილიონ დოლარამდე აქვს გადახდილი.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას დაარსებული საქართველოს უნივერსიტეტი შენობების ყიდვის დოკუმენტაციასაც ასაჯაროებს.
არცერთი ლარი არ მიუღია ტექნიკურ უნივერსიტეტს - პასუხობს სტუს რექტორი დავით გურგენიძე და ამბობს, რომ დროა, უნივერსიტეტის დანაკარგი ანაზღაურდეს. მან 2025 წლის 17 ოქტომბერს პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ საქმე მალევე აღძრა.
“დიახ, ეს ჩემი იდეა იყო”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ამ სარჩელამდე რამდენიმე თვით ადრე, აპრილში, დავით გურგენიძემ სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, ე.წ. წულუკიანის კომისიის, კითხვებს უპასუხა.
დავით გურგენიძემ იქაც თქვა, “2006 წლიდან დაიწყო უნივერსიტეტის მთელი ბაზის რღვევა და დასრულდა 2008 წელს ქონების უკანონო ჩამორთმევითო”.
წულუკიანის კომისია, რომელიც სწავლობდა 2003–2012 წლებში „მოქმედი რეჟიმის“ და მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას 2003 წლიდან დღემდე, “ქართული ოცნების” ის კომისიაა, რომლის დასკვნის საფუძველზეც მმართველმა პარტიამ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა.
საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და "ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია “მიამიტურ ჭორს” უწოდებს იმას, თითქოს უნივერსიტეტმა ეს ქონება უფასოდ მიიღო.
საქართველოს უნივერსიტეტი, როგორც საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა, 2004 წელს დააფუძნეს პროფესორებმა მანანა სანაძემ და გიული ალასანიამ. სხვადასხვა დისციპლინაში საგანმანათლებლო პროგრამების დამატების შემდგომ, 2007 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა იწოდება საქართველოს უნივერსიტეტად.
რას ეძებს პროკურატურა 18 წლის შემდეგ?
24 ოქტომბერს, ზუსტად ერთ კვირაში დავით გურგენიძის მიმართვიდან, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო.
პროკურატურა იკვლევს "სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით" ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების (22 000 კვ. მ. ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობების) მითვისებას და გაფლანგვას, ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას #77-ში უძრავი ქონების პრივატიზაციას.
გამოძიება მიდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
“მიმდინარეობს გამოძიება”, - პროკურატურაში სხვას ჯერ არაფერს ამბობენ.
რას ითხოვს დავით გურგენიძე ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით?
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 18 წლის წინანდელი ქონების გასხვისების დეტალების გამოძიების გარდა, ასევე მოითხოვა საქართველოს უნივერსიტეტის ქონების დაყადაღება და მათთვის გადაცემაც. როგორც დავით გურგენიძე ამბობს, “ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს”.
სტუს რექტორი ასევე მოითხოვს წლების განმავლობაში მიუღებელი მოგების დათვლას და უნივერსიტეტისთვის დაბრუნებას.
ამ საკითხის გამოძიების ინტერესს არც „ქართული ოცნება“ არ მალავს, და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ქონების აუქციონზე რამდენიმე მილიონად ყიდვის შესახებ დოკუმენტები, ისინი ჩუქებაზე საუბრობენ:
- „ნებისმიერ სახელმწიფოში დაისმებოდა კითხვები, როცა პრეზიდენტი თავის ოჯახს, დედას ჩუქნის შენობას... ეს დანაშაულია“, - ამბობს სადავო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.
- „ერთ ლარად როცა იღებს პრეზიდენტის დედა ქონებას, ცხადია, კითხვის ნიშნები ჩნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
- „საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა“, - თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სტუს რექტორს, დავით გურგენიძეს, ვკითხეთ, მისი იდეა იყო სარჩელის შეტანა საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ?
- დიახ. როცა რექტორად მირჩევდნენ, ხუთი წლის წინ, მაშინ საარჩევნო პროგრამაში მქონდა ეს ჩადებული.
- რატომ? რა იყო თქვენი მოტივაცია?
- იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტის წართმეული ქონებაა და უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს.
- ანუ თქვენ აუქციონზე ნაყიდ ამ ქონებას წართმეულად აღიქვამთ?
- კი არ აღვიქვამ, ასეა. პირველმა პირმა, სულ რომ ასი მილიონი გადაიხადონ, აქვს კი უფლება, რომ უდიდესი სახელმწიფო უნივერსიტეტი გაყოს და დედას მისცეს? მე ვთვლი, რომ - არა. დანარჩენი კი პროკურატურამ გამოიძიოს.
დავით გურგენიძის აღწერით, სადავო ქონება, მართალია, სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს პოლიტექნიკური ინსტიტუტისთვის (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი) აშენდა და მის განკარგვაში იყო. მისი თქმით, ამ შენობებში განთავსებული იყო პოლიკლინიკა, მოსამზადებელი განყოფილება, ლაბორატორიები თუ სამხედრო კათედრა. ნაწილი ამ შენობებიდან გასარემონტებელი და დაუსრულებელი იყო, ნაწილს უკვე იყენებდა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ უნივერსიტეტი.
„[ერთ დღეს] პროფესორ-მასწავლებლებს გადმოუყარეს ყველაფერი და სად წაიღეს ეს ქონება, ღმერთმა იცის. რა ფული გადაიხადეს, სად გადაიხადეს, არ ვიცით... მერე ავტორიზაცია შეუჩერეს უნივერსიტეტს, რექტორი გადადგა, რომელმაც ხელი არ მოაწერა იმაზე, რაც მათ სურდათ. მოიყვანეს მეორე რექტორი, რომელიც ვერ შეეგუა ამ სიტუაციას. ისიც გადადგა... და ამასობაში კი წავიდა ეს ქონება“, - ჰყვება დავით გურგენიძე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მათივე ცნობით, ავტორიზაცია შეჩერებული ჰქონდა 2006-2007 წლებში. ამ პერიოდის განმავლობაში მას სტუდენტების ახალი ნაკადი არ მიუღია. უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგა 2007-2008 სასწავლო წლისათვის. რაც შეეხება ავტორიზაციის შეჩერების მიზეზებს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გვიპასუხეს, რომ მათ მიმართეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და გამოითხოვეს 2006 წელს ავტორიზაციის შეჩერებისა და აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რასაც მიღების შემდგომ ჩვენც მოგვაწვდიან. ეს დოკუმენტაცია თავად ცენტრის ვებსაიტზე არ იძებნება.
გურგენიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გაყიდული შენობებიდან ორი იყო ახალი, საბჭოთა პერიოდში დაწყებული და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ წლებში დასრულებული და გარემონტებული, სადაც უნივერსიტეტის თანამშრომლები ნაწილობრივ გადასულიც იყვნენ. ამბობს, რომ უნივერსიტეტი იყენებდა სტადიონსაც, მოსამზადებელ განყოფილებას, პოლიკლინიკასაც.
„და თუ მთლიანად არ იყო შენობა დატვირთული, მაგათ რატომ უნდა წაეღოთ? ერთხელ ქალბატონმა გიულიმ თქვა, იმიტომ წავიღეთ ჩვენ, რომ პუტინს არ წაეღო ომის დროსო, მეორედ თქვა, უნივერსიტეტის არ იყო, საბუთი ვერ წარმოადგინესო. ვინ მოგვთხოვა საერთოდ რამე?“
დავით გურგენიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორია 2020 წლიდან. ამ პოსტზე ის მეორე ვადით აირჩიეს 2024 წლის იანვარში. რექტორობამდე, 2017-2020 წლებში, ის სტუს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი იყო, ხოლო 2013-2015 წლებში სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. 2001-2004 წლებში კი მას მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში.
დავით გურგენიძეს ვკითხეთ, რატომ არ იჩივლეს ამდენი წლის განმავლობაში, რაზეც გვპასუხობს, რომ სამართლებრივი დავის ხანდაზმულობის ვადა ამოწურული იყო, ამიტომ სასამართლოში ვერ იჩივლებდნენ. თუმცა საჭირო დოკუმენტების შეგროვების პროცესი იმისათვის, რომ პროკურატურისათვის მიემართათ, 2020 წლიდან დაიწყეს.
„ამას დრო დასჭირდა... მოვიძიეთ ის დოკუმენტები, რაც შევძელით. ჯერ პარლამენტის კომისიას მივმართეთ, მაგრამ მან გადაწყვეტილება ვერ მიიღო და მას მერე მივმართეთ უკვე პროკურატურას. არავისთვის არაფერი გვიკითხავს, ჩვენი გადაწყვეტილება იყო ეს, მთელი უნივერსიტეტის. დანარჩენი უკვე პროკურატურას შეუძლია ამოიღოს და ნახონ, რა ხდებოდა... მე ვთვლი, რომ ამ საქმეში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო აპარატი“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
- და თუ ეს შენობები დაგიბრუნდათ, იცით მათ რისთვის გამოიყენებთ?
- რა თქმა უნდა. ხანდახან ღამის ათ საათამდე გრძელდება ხოლმე სასწავლო პროცესი დღეს ფართის გამო და აღარ მექნება ათამდე და მექნება ხუთ საათამდე.
2021 წელს, დავით გურგენიძის რექტორად არჩევიდან ერთ წელში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა მისი გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. სტუდენტები აცხადებდნენ, რომ კრიმინალური წარსულის მქონე, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ადამიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას არ უნდა იკავებდესო. დავით გურგენიძეს მაშინ თანამდებობა არ დაუტოვებია და განაცხადა, რომ ყველა მისი ნასამართლობა გაქარწყლებული იყო, საქართველოს პროკურატურა კი მისი ოჯახის წინააღმდეგ 2007-2009 წლებში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.
2024 წლის მაისში, როცა პარლამენტში „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, მათ შორის, სტუდენტების მონაწილეობით, რომელთა ნაწილი გაიფიცა კიდეც, დავით გურგენიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხელს არ შეუწყობდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სტუდენტთა გაფიცვას. სწორედ მაშინ გავრცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორების სახელით ერთობლივი განცხადება, რომელშიც მიუღებლად მიიჩნევენ პროტესტის ამ ფორმას. ტექნიკური უნივერსიტეტიც ხელმომწერთა შორის იყო.
ჩვენთვის არაფერი უჩუქებიათ, ეს ნაყიდი ქონებაა - საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტმა, რომელიც მთელ ამ პროცესს “ცრუ კამპანიას” უწოდებს, ბრალდებას განცხადებით უპასუხა და განმარტა, რომ ყველა შენობა-ნაგებობა ნაყიდია ღია აუქციონზე, რაშიც გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე - უნივერსიტეტის ცნობით, ეს თანხა საბანკო კრედიტით დაფარეს და ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი საჯაროდ გამოაქვეყნეს.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია ამბობს, რომ ქონება, რომელზეც დღეს პრეტენზია აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ყიდვის დროს დაუმთავრებელი იყო და მას განკარგავდა ეკონომიკის სამინისტრო:
"ტექნიკური უნივერსიტეტი ამ შენობებში არასოდეს ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას”, - ამბობს თოფურია.
საქართველოს უნივერსიტეტმა ეს ქონება სხვადასხვა დროს გამოცხადებულ საჯარო აუქციონებზე შეიძინა.
იურიდიულ დარგში უნივერსიტეტის პრორექტორი დავით სივსივაძე განმარტავს, რომ თავიდან იყიდეს ორი ამორტიზებული შენობის შავი კარკასი და ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სამხედრო კათედრის შენობა.
- ანუ იქ სასწავლო პროცესი აღარ მიდიოდა და არც ტექნიკური უნივერსიტეტი იყენებდა მას სამხედრო კათედრად? ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ იტყვის დღეს, რომ მაშინ ამ პროცესმა შეაფერხა სასწავლო პროცესი?
- არა, რადგან უკვე იჯარით გასცემდნენ ამ შენობას. 2007 წლისთვის კი სამხედრო კათედრები აღარ არსებობდა, - გვპასუხობს დავით სივსივაძე.
დღეს ეს შენობები საქართველოს უნივერსიტეტის პირველი, მეორე და მესამე კორპუსებია.
მომდევნო შენობა, ზომით ყველაზე დიდი, მათ 2008 წლის ივნისში იყიდეს.
როგორც დავით სივსივაძე გვიხსნის, ამ შენობის მშენებლობა დაწყებული იყო 1980-იან წლებში, თუმცა არ დასრულებულა და სწორედ ასეთი, “უკიდურესად დაზიანებული და ნახევრად გაძარცული” შეიძინეს.
“ამ შენობის რეაბილიტაცია დაფინანსდა მაშინდელი ამერიკის უცხოური კერძო ინვესტიციების ბანკის მიერ (ადრე მას ერქვა OPIC) და საქართველოს უნივერსიტეტი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მათ დააფინანსეს”.
ოთხივე შენობა, დავით სივსივაძის თქმით, აუქციონზე გამოტანის დროს ეკუთვნოდა სახელმწიფოს, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს, ვისგანაც იყიდა კიდეც ეს ქონება საქართველოს უნივერსიტეტმა.
საქართველოს უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ "საქართველოს უნივერსიტეტის არცერთი შენობა არ არის შეძენილი სიმბოლური ან ნომინალური გარიგებით".
შენობების შემდეგ, ამავე მისამართზე მათ 9000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთიც შეიძინეს - სპორტული მოედნის ჩათვლით.
“მანდაც ყველაფერი ამორტიზებული იყო. სრულად განვაახლეთ. დავამატეთ ჩოგბურთის კორტები, მინიმოედანი”, - ამბობს სივსივაძე.
ყველაფერი UG ქონების შეძენაზე - საქართველოს უნივერსიტეტის პასუხები კითხვებზე
საქართველოს უნივერსიტეტმა თავისი ქონების შეძენასთან დაკავშირებული კითხვა-პასუხი, ნასყიდობის დოკუმენტების თანხლებით, საჯაროდაც გამოაქვეყნა.
რადიო თავისუფლებამ რექტორს, კონსტანტინე თოფურიასაც, ჰკითხა, მისი აზრით, რატომ გახდა ეს თემა კვლავ აქტუალური დღეს, განსაკუთრებით, წინასწარ გამოცხადებული განათლების რეფორმის პარალელურად, რასაც საჯარო დისკუსია მოჰყვა უნივერსიტეტების ავტონომიურობის დაკარგვის საფრთხეებზეც.
„ეს ალბათ უნდა ვკითხოთ ტექნიკურ უნივერსიტეტს ან სხვებს, თუ რატომ აყენებენ ამ საკითხს დღეს“, - პასუხობს კონსტანტინე თოფურია და ამატებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტი მხოლოდ ფაქტებზე საუბრობს:
- უნივერსიტეტმა ქონება საჯარო აუქციონზე შეიძინა;
- ამაში გადაიხადა 3 650 000 აშშ დოლარი - ბანკის სესხით;
- შესრულებული აქვს არაქონებრივი ვალდებულებებიც - მათ შორის, 120 ადამიანის დასაქმება, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა.
დღეს საქართველოს უნივერსიტეტში დასაქმებულია 1500-ზე მეტი თანამშრომელი, სწავლობს 10 000-ზე მეტი სტუდენტი და მოქმედებს 60-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა.
რადგან საქართველოს უნივერსიტეტი არაერთხელ გახდა ხელისუფლების საჯარო ბრალდებების სამიზნე, კონსტანტინე თოფურიას ისიც ვკითხეთ, გარდა სავალდებულო საგნებისა, რას ასწავლიან მათ უნივერსიტეტში სტუდენტებს და რა ღირებულებებზე დგას ეს სასწავლებელი. კითხვაზე მან ასე გვიპასუხა:
„უნივერსიტეტი პატივს სცემს საზოგადოების მრავალფეროვან შეხედულებებს და ჩვენ ვახალისებთ აზრის თავისუფლებას, ღია დისკუსიას და კრიტიკულ აზროვნებას როგორც სტუდენტებში, ისე პროფესორ-მასწავლებლებში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ პასუხისმგებლობასა და სხვებისადმი პატივისცემას - როგორც უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე ფუნდამენტურ ღირებულებებს“.
"ანტისახელმწიფოებრივი ტრენინგები”, “ტვინგამორეცხილები”, „ანარქისტები“
საქართველოს უნივერსიტეტი ამ გამოძიების დაწყებამდე არაერთხელ გამხდარა ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო მედიის თავდასხმის ობიექტი.
ხელისუფლება მას „ანტისახელმწიფოებრივი ტრენინგების“ ორგანიზებაში ადანაშაულებდა. ჯერ კიდევ 2023 წელს, რუსული სტილის „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს კი, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ უნივერსიტეტში „ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდნენ“.
შეტევის სამიზნე იყო „ფრანკლინის კლუბიც“, რომლის შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტის აუდიტორიებში იმართებოდა და სადაც მე-10, მე-11, მე-12 კლასელებს ესაუბრებოდნენ პოლიტიკური სამართალზე, ეკონომიკაზე, უფლებებსა და ა.შ.
„უცხოეთის აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში ამ კლუბის არაერთი წევრი მონაწილეობდა. ღარიბაშვილი მათ ანარქისტულ ჯგუფად მოიხსენიებდა, კობახიძე კი - „ექსტრემისტულ ახალგაზრდულ პოლიტიკურ დაჯგუფებად”.
ამ შეტევის შემდეგ "ფრანკლინის კლუბმა" საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა შეწყვიტა - თქვეს, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ხელისუფლება აქტიურად იყენებდა “უნივერსიტეტზე სრულიად უსამართლო თავდასხმებისთვის”.
საქართველოს უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ დღეს ამ დავას არ აქვს სამართლებრივი პერსპექტივა და ტექნიკური უნივერსიტეტის მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება.
„საკუთრების საკითხის პოლიტიკურად გადაწყვეტა კი საქართველოს კონსტიტუციის სრული უგულებელყოფა და საკუთრების უფლების დარღვევაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს უნივერსიტეტის პრორექტორმა დავით სივსივაძემ.
საქართველოს უნივერსიტეტს ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური შეტყობინება პროკურატურისგან არ მიუღია.