Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს


თამარ ტალიაშვილი დონალდ ტრამპთან რწმუნებათა სიგელების გადაცემისას. 25 ივლისი
თამარ ტალიაშვილი დონალდ ტრამპთან რწმუნებათა სიგელების გადაცემისას. 25 ივლისი

საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო.

თამარ ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“, - წერილობით უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა.

საელჩოს სპიკერის თანახმადვე, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა „სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ“.

მამუკა მდინარაძის განცხადება

სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში“ და „დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.

„ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს - მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი - ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამ განცხადებას წინ უძღოდა და კვლავ მოჰყვა პროსახელისუფლებო ტელევიზიებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებები ბანგკოკიდან ფინანსურ ტრანზაქციებზე.

მაგალითად, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა:

„რამდენად გჯერათ, საქართველოს მოქალაქე როდესაც ხედავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ახსენდებათ ბანგკოკში, რომ თურმე USAID–ს აქ ჰყოლია საპენსიო ბენეფიციარები და ასობით ათას ლარს ურიცხავენ“.

„რუსთავი 2-ის“ განმარტებით, კირცხალია ასე გამოეხმაურა მედიის ცნობებს „29 სექტემბერს საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებისათვის საპენსიო თანხის ბანგკოკიდან ჩარიცხვასთან“ დაკავშირებით.

„ტრანზაქციები გამჭვირვალეა“ - საელჩო

რადიო თავისუფლებამ საელჩოს ჰკითხა, რა კომენტარს გააკეთებდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის კომენტარსა და პროსახელისუფლებო მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, თითქოსდა „ტაილანდიდან“ „რადიკალების“ და „რევოლუციური მიზნების“ დაფინანსების შესახებ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერი აცხადებს:

„სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური მომსახურების ცენტრი ბანგკოკში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის მთავრობის ოპერაციების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში თანხების განაწილებაში.

ეს ფინანსური მომსახურების ცენტრი გადახდებს ახორციელებს აშშ-ის თანამშრომლებისთვის, ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი მთავრობებისთვის და სხვა პარტნიორებისთვის.

ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს ამ საკითხზე კომენტარისათვის და საპასუხო პოზიციისთვის. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG