53 წლის ელდარ (ლუკა) კურტანიძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ, ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა.
კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს შეაჩეროს ლუკა კურტანიძე, რომელიც ყოფილ ცოლს აგინებს, მისკენ მიიწევს, ქალი ძირს ვარდება, კურტანიძე ისევ აგრძელებს გინებას და კვლავ მასთან მისვლას ცდილობს. კაცის შეჩერებას პოლიციასთან ერთად იქ მყოფებიც ცდილობენ. კურტანიძე წინააღმდეგობას წევს და ცდილობს მათ ხელიდან დაუსხლტეს.
ქალი სამართალდამცავებს მიმართავს, „დააკავეთ, რატომ არ აკავებთ, ხომ არის მოძალადე“. შემდეგ კადრში ისმის, როგორ უყვირის ქალი პოლიციელს, რომელსაც ხელში, სავარაუდოდ, ქალის ტელეფონი უჭირავს: „ტელეფონიდან ნუ შლით ვიდეოს, ტელეფონიდან შლის საპატრულო ეკიპაჟი წევრი ვიდეოს. სასწრაფოდ დამიბრუნეთ ტელეფონი“.
ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან დაახლოებით ორ საათში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელდარ (ლუკა) კურტანიძის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება -კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.
გამოძიება ორი მიმართულებით მიდის - იყო თუ არა ოჯახში ძალადობა და დაარღვია თუ არა კაცმა დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, და 381-ე პრიმა მუხლებია. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლუკა კურტანიძე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, "ქართული ოცნების" დეპუტატი (2015-2016); საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012-2014 წლებში; შსს-ს აკადემიის პრორექტორი - 2013-2015 წლებში. 2002 და 2003 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. არის ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.
„2014 წლიდან ძალადობდა...შვილის მოკვლით მემუქრებოდა“
ხათუნა მიქაცაძის იარები სხეულზე, რომელიც მან ყოფილი ქმრის თავდასხმის შემდეგ მიიღო, უკვე შეისწავლეს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა. დაზიანებები ყელის არეში, ხელებზე, მუხლებზე, გულისრევა, თავბრუდახვევა, გონების კარგვა - ახლა კვლევები ნევროლოგმა უნდა გააგრძელოს.
„გუშინ ორჯერ დავკარგე გონება. ექსპერტმა მითხრა, რომ შესაძლოა, ეს იყოს ემოციური ფონი ან მაღალი წნევის შედეგი, თუმცა, მითხრა, რომ დამატებითი კონსულტაცია ნევროლოგთან უნდა გავიარო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა მიქაცაძე, რომელსაც კიდევ ერთი საზრუნავი აქვს - როდესაც 27 ივლისს მომხდარის შესახებ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა შეიტყო, მოზარდი შეუძლოდ გახდა: „დედაჩემმა მითხრა, კინაღამ ხელებში ჩამაკვდაო, მასთან მივდივარ, ჯერ ის უნდა დავამშვიდო“.
რა მოხდა ქობულეთში, რატომ გამოიძახა ქალმა პოლიცია?
სახლი, სადაც 27 ივლისს, ძალადობა მოხდა, ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ 2020 წლამდე მისი საკუთრება იყო. თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, 2020 წელს, მუქარის შემდეგ, იძულებული გახდა, სახლის ნახევარი ლუკა კურტანიძისთვის გადაეფორმებინა.
უკვე მოგვიანებით, ლუკა კურტანიძემ სახლის საკუთარი წილი ამჟამინდელი მეუღლის სახელზე გადააფორმა.
მოჭიდავეს ამ სახლში არათუ ყოფნა, არამედ სახლთან მიახლოებაც კი აკრძალული აქვს. მის წინააღმდეგ სასამართლომ 2025 წლის 4 მარტს 9-თვიანი დამცავი ორდერი მას შემდეგ გამოსცა, რაც ხათუნა მიქაცაძემ პოლიციას მიმართა და მორიგი მუქარისა და ძალადობის შესახებ შეატყობინა.
თამარ ნებიერიძე, ხათუნა მიქაცაძის სასამართლო წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ორდერის საფუძველზე, ლუკა კურტანიძეს აკრძალული აქვს როგორც თავად მსხვერპლთან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე ქალის საკუთრებაში მყოფ სხვა სახლთან მიახლოებაც, მათ შორის არის სწორედ სახლი ქობულეთში. ლუკა კურტანიძეს ასევე შეეზღუდა საერთო ქონების ერთპიროვნული სარგებლობის უფლებაც, სწორედ ასეთი ქონება იყო ეს სახლიც.
როდესაც ქობულეთში ჩასულმა ხათუნა მიქაცაძემ სახლის ჭიშკართან ლუკა კურტანიძის ავტომობილი დაინახა, საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა:
„გუშინდელი ჩემი ნაბიჯი იყო სასოწარკვეთისა და იმის გააზრების შედეგი, რომ ვიყავი სრულიად დაუცველი, რომ ამ ადამიანს ვიღაც ხელს აფარებდა, რომ ჩემი და ჩემი შვილების სიცოცხლე საფრთხეში იყო, რომ ეს ადამიანი სასამართლო გადაწყვეტილებებსაც კი არ ემორჩილებოდა.
გულწრფელად რომ გითხრათ, არანაირი სურვილი არ მქონდა, რომ კამერა ჩამერთო, მაგრამ როდესაც საპატრულო ეკიპაჟს ვუთხარი, რომ ის ჩემს კუთვნილ სახლში იმყოფებოდა, დარღვეული ჰქონდა დამცავი ორდერი და პოლიციამ მითხრა, რომ ჩემი იდენტიფიცირების მოსახდენად უნდა გავყოლოდი მათ, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ჩამეწერა, მაგრამ ეს ადამიანი საპატრულო ეკიპაჟის თანდასწრებითაც თუ იძალადებდა, ამის მოლოდინი მაინც არ მქონდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა მიქაცაძე.
„ვიცოდი, უნდა გავქცეულიყავი“
ქალი ჰყვება, რომ ლუკა კურტანიძე წლების განმავლობაში ძალადობდა მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, თუმცა ამაზე საჯაროდ ვერ საუბრობდა.
2019-2025 წლებში, ყოფილ დეპუტატს ოთხი შემაკავებელი და ერთი დამცავი ორდერი გამოუწერეს, თუმცა, ქალი ამბობს, რომ სასტიკი ძალადობის მსხვერპლი სხვა დროსაც ბევრჯერ გამხდარა. ეს ძალადობა კი დაქორწინებიდან მალევე, 2014 წლიდან დაიწყო.
„ვერაფრით მივცემ ახლა თავს იმის უფლებას, რომ გავიმეორო, რას მიკეთებდა, როგორ მომმართავდა და რა სიტყვებით მემუქრებოდა. ვერ ვილაპარაკებ, იმდენად მძიმე ძალადობის ფაქტები იყო... ისევ შვილების გამო, ამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ“...
თუმცა, მიუხედავად ამისა, ხათუნა მიქაცაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს 2016 წელს მომხდარს, როდესაც მაშინ პარლამენტარმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, ცოლზე სასტიკად იძალადა და შემდეგ, ქუთაისში, დაქირავებულ ბინაში ჩაკეტა:
„სხვაგან მცემა და შემდეგ, როდესაც ნახა, რომ მოძრაობის თავი არ მქონდა, იძულებით ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა ქუთაისში, იმ წლებში სწორედ ქუთაისში მუშაობდა პარლამენტი. დეპუტატებს იქ ჰქონდათ დაქირავებული ბინები.
როგორც კი შევედით სახლში მითხრა, რომ სესიაზე იყო წასასვლელი. ჩავიდა, მაწონი ამომიტანა, რადგან სხვას ვერაფერს შევჭამდი, დანგრეული მქონდა სახე, ზურგი, მკლავები. გავიდა და გარედან ჩამკეტა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა, მოიტანა ისევ მაწონი და მერე ისევ პარლამენტში გაბრუნდა, კარი ისევ ჩამიკეტა.
მივხვდი, რომ იქიდან უნდა გავქცეულიყავი. გავედი აივანზე და მეზობელთან, რომელთანაც კედელი მყოფდა, დახმარება ვთხოვე. თუმცა, სიმართლე ვერ გავუმხილე, ვუთხარი, რომ შემთხვევით ჩამეკეტა კარი და აუცილებლად გასასვლელი ვიყავი. ხანდაზმული ქალი იყო, მას ახლდნენ ახალგაზრდა ქალებიც. ყველამ ნახა, რა მდგომარეობაშიც ვიყავი.
მათი დახმარებით გადავედი აივნიდან, ქალი მიმეორებდა, რომ გადავარდე, მოკვდები, რომ გადავარდე, მოკვდები, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ სახლი დროზე დამეტოვებინა, რა უფრო საშიში იყო, სახლში დარჩენა თუ აივნიდან გაქცევა, ამას ვეღარ ვხვდებოდი. ერთი რამ ვიცოდი, უნდა გავქცეულიყავი, თავი გადამერჩინა. სახლის ტანსაცმლით გამოვიქეცი, გავაჩერე ტაქსი და წამოვედი თბილისში“, - უყვება რადიო თავისუფლებას ხათუნა მიქაცაძე.
ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ ქმარი ბოდიშებს უხდიდა, ყოფილ ცოლებს აბრალებდა, რომ თითქოს „ხასიათი მათ გაუფუჭეს“.
ხათუნა მიქაცაძის სასამართლო წარმომადგენელი, თამარ ნებიერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალზე ძალადობის ფაქტების შესახებ ბოლო 6 წლის განმავლობაში იცოდნენ თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამცავებმა, რომლებიც ლუკა კურტანიძის მიმართ მხოლოდ შემაკავებელ ორდერებს წერდნენ და გამოძიება არასდროს იწყებოდა სისხლის სამართლის მუხლით:
„შსს ყოველ ჯერზე არწმუნებდა ქალს, რომ აი, ლუკა კურტანიძეა, ნუ დავუნგრევთ ცხოვრებას, მოდი, მივცეთ ამას ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაცია. ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლებრივ დევნას არ იწყებდნენ. გამოწერდნენ შემაკავებელ, ერთთვიან ორდერს და ამით ასრულებდნენ.
2025 წელს კი, მას შემდეგ, რაც მუქარა წამოვიდა უკვე მისი შვილის მიმართ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ქალმა, რომ მიემართა შესაბამისი ორგანოსთვის, რადგან ძალადობის მუქარა უკვე ეხებოდა არა პირადად მას, არამედ მის შვილს და სასამართლომ უკვე გამოსცა ცხრათვიანი დამცავი ორდერი. პოლიცია ხათუნა მიქაცაძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმირებული იყო. მისი არაერთი განცხადება არსებობს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ნებიერიძე.
ხათუნა მიქაცაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ყოფილი ქმრის ეშინოდა. ჰქონდა განცდა, რომ მისი „ძალაუფლების“ წინაშე ის დაუცველი იყო. ამბობს, რომ ამ განცდას უმყარებდა ლუკა კურტანიძის სხვების მიმართ ჩადენილი ძალადობაც:
„იყენებდა თავის ძალაუფლებას. ჯერ „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, მერე პოლიციის აკადემიის პრორექტორი, მაჯერებდა, რომ მე მის წინააღმდეგ მაინც ვერაფერს გავხდებოდი.
მქონდა საშინელი დაუცველობის განცდა, რადგან მისი ძალადობის რამდენიმე ფაქტის შესახებ ისედაც ვიცოდი, მაგალითად, როდესაც იძალადა ყაზარაშვილზე (თემურ ყაზარაშვილი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი - რ.თ.), როდესაც ერთ-ერთ მოჭიდავეს იარაღი დაადო შუბლზე და კამერების ჩანაწერები ჭიდაობის ფედერაციიდან გაქრა.
მე ვერ ვისაუბრებ მისი ყოფილი პარტნიორებისა თუ ცოლების პირად ცხოვრებაზე, მაგრამ მათ ვერასდროს დაამტკიცეს მათზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, ბავშვზე ძალადობის ფაქტი.
უკვე მოგვიანებით დაიწყო მუქარა ჩემი შვილის სიცოცხლით. მიაჩნდა, რომ მე მისგან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად კი არ წამოვედი, არამედ ჩემი შვილის გამო წამოვედი და ჩემი შვილი ვამჯობინე მას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა მიქაცაძე და განაგრძობს:
„ვადასტურებ, რომ ამ ადამიანმა უკანონოდ შემიზღუდა თავისუფლება, ვადასტურებ, რომ ჩემზე სასტიკად ძალადობდა ფიზიკურად, ვადასტურებ, რომ მეც და ჩემს შვილებსაც გვემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ვადასტურებ, რომ 2020 წელს იარაღი დამადო შუბლზე და ეს მოხდა ერთ-ერთი დედაოს თვალწინ, რომელიც ალბათ იმიტომ, რომ სასულიერო პირია, ჩვენებას ვერ მისცემს. მემუქრებოდა, რომ ჯერ შვილს მომიკლავდა და შემდეგ „ჩამაძაღლებდა“ მეც“.
ცოლთან დაშორების შემდეგ, ლუკა კურტანიძე არაერთი ტოკ-შოუსა და ტაბლოიდური პრესის ფურცლებზე საუბროდა ყოფილი ცოლის მიმართ განსაკუთრებული გრძნობების შესახებ და ამბობდა, რომ ქალი მისი "ერთადერთი სიყვარული იყო".
2022 წლის თებერვალში მან მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია "იმედის" გასართობი შინაარსის გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი". გადაცემის წამყვანი მას ეკითხება: "თქვენი მეუღლე, თქვენი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულია?" ლუკა კურტანიძე პასუხობს: "ერთადერთი და ბოლო". რაზეც "სიცრუის დეტექტორი" ასკვნის, რომ "ეს პასუხი სწორია".
ლუკა კურტანიძე ამ შოუში ასე ეხმაურება ცოლთან დაშორების ამბავს:
"პირველი ოჯახი დამენგრა და რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი ადამიანს, ჩემს მეუღლეს ხათუნა მიქაცაძეს, რომელმაც ამ წაქცეულ და ბრძოლაგამოვლილ ადამიანს ჩამკიდა ხელი. ის იყო ჩემი სამშობლო უცხოეთში და მასში ვეძებდი ძალას... ბევრი ტკივილი მივაყენე, პირადადაც დავაშავე მასთან, მაგრამ დღეს ცალ-ცალკე ვცხოვრობთ.
ყოველი წამი ვფიქრობ და ვოცნებობ, ჩემი ქმედებებით ეს ბედნიერება ისევ დავიბრუნო. დაშორებიდან მალე სამი წელი შესრულდება. ჩვენი კუთხის მამაკაცები მაქსიმალურად ვიკავებთ ხოლმე თავს ვთქვათ, ის რაც არის, მაგრამ იმდენი ფასეულობა გააჩნია ჩემს მეუღლეს, ქალბატონ ხათუნას, რომ ეს მხოლოდ მეუღლეობით არ შემოიფარგლება", - ასე დაახასიათა ყოფილი ცოლი და მასთან ურთიერთობა ლუკა კურტანიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში.
"საჯარო პოსტებს უძღვნიდა მას და სატელევიზიო ინტერვიუებს იძლეოდა. ეს ყველაფერი იყო ფარისევლობა, რადგან ხათუნა მიქაცაძის ახლო გარემოცვამ იცოდა, რომ როდესაც ეს ადამიანი ეთერში იჯდა და სიყვარულს უხსნიდა ყოფილ მეუღლეს, იმ დღეს მან ხათუნა მიქაცაძეზე ფიზიკურად იძალა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ნებიერიძე, ხათუნა მიქაცაძის სასამართლო წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 27 ივლისს კიდევ ერთი მუხლით, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წინააღმდეგობის ან ძალადობის მუხლით უნდა დაწყებულიყო:
"პოლიციის მიმართ კურტანიძის მხრიდან ამ ტიპის ქმედება, ეს ცალკე დანაშაულია. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, როდესაც პოლიციელისთვის სილის გაწვნის და გაწითლებული ლოყის გამო ქალს ემუქრება შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, როდესაც ასეთ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პირი პოლიციას, რატომ არ მოიაზრება ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად?", - ამბობს თამარ ნებიერიძე.
ლუკა კურტანიძეს ბრალს ოფიციალურად 28 ივლისს გვიან ან 29 ივლისს წარუდგენენ, რის შემდეგაც, ბათუმის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. სავარაუდოდ, სწორედ აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომაზე დააფიქსირებს ის თავის პოზიციას და იტყვის, აღიარებს თუ არა ბრალს.
ლუკა კურტანიძის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება მისი ამჟამინდელი ცოლი, სოფია მეფარიშვილი, რომელიც წერს, რომ "ლუკა-ელდარ კურტანიძე არ არის მოძალადე!"
ხათუნა მიქაცაძე არ არის ლუკა კურტანიძის ერთადერთი ყოფილი ცოლი თუ პარტნიორი ქალი, რომელზეც მან, სავარაუდოდ, იძალადა.
2023 წელს ტელეკომპანია TV პირველის საგამოძიებო ჯგუფმა მოამზადა ვრცელი სიუჟეტი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შესახებ, რომელიც ორსული ქალის გაუპატიურებას, ცემას და იძულებას ეხებოდა.
ლუკა კურტანიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელიც პროკურატურამ მაშინ დაზარალებულად ცნო, პოლიციისათვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ 2021 წელს ის ყოფილმა დეპუტატმა გააუპატიურა და სცემა. გამოძიებაც სწორედ გაუპატიურებისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.
თუმცა, გამოძიების დაწყებიდან ორი წლის თავზე, 2023 წელს, როგორც პროკურორი მარი მეშველიანი ეუბნებოდა გამომძიებელ ჟურნალისტს, ლუკა კურტანიძე ბრალდებულად ჯერ არ იყო ცნობილი და გამოძიება ისევ ელოდა სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნას. თავად დაზარალებულმა ქალმა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი თქვა.
რა ბედი ეწია საქმეს, ამ კითხვით, მომხდარიდან 4 წლის თავზე, 2025 წლის 28 ივლისს მივმართეთ პროკურატურას და საქმის პროკურორთან, მარი მეშველიანთან გასაუბრება ვითხოვეთ. თუმცა, პროკურატურისგან პასუხი არ მიგვიღია.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რომელიც სანდო წყარომ მოგვაწოდა, ლუკა კურტანიძის ერთ-ერთმა ცოლმა, რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ. ქალის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დღესაც რთულია და მას ამ თემაზე საუბარი საჯაროდ არ სურს.
ელისო რუხაძეს, ექსპერტს ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებში, ქალთა დამოუკიდებელ ადვოკატს, მისი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, არაერთი საქმე დაუგროვდა, როდესაც პოლიციელები, მაღალჩინოსნები ძალადობენ ცოლებზე, ყოფილ ცოლებსა თუ პარტნიორებზე და კარგად იცის, რამხელა სირთულეს აწყდებიან როგორც ქალები, ისე მათი უფლებადამცველები, რომ ძალადობის ასეთ ფაქტებზე გამოძიებები შესაბამისი კვალიფიკაციით დაიწყოს.
ელისო რუხაძე ამბობს, რომ ის სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა ლუკა კურტანიძის ერთ-ერთ ცოლსაც, თუმცა, ქალს, ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი არ სურს.
იურისტი ამბობს, რომ თითქმის ყველა ასეთ საქმეში, შსს-ს წარმომადგენლები ცდილობენ, რომ დაზარალებულმა ქალმა „შედარებით მსუბუქი“ ჩვენება მისცეს და ძალადობის შესახებ მინიმალური ინფორმაცია დაფიქსირდეს:
„ძირითადად სთავაზობენ ხოლმე შემაკავებელ ორდერს... ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან.
...მაღალჩინოსნების მფარველობის ქოლგის ქვეშ მყოფ პირებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მძაფრად დგას ეს პრობლემა.
ასეთ საქმეებზე პოლიციის პირველი მესიჯია, რომ მოდი, შანსი მივცეთ, ნუ დავიჭერთ, მოდი, ელექტრონულ სამაჯურს ნუ შევაბამთ, ამას ამბობს პოლიცია, ამას ამბობს ეკლესია, ამას ამბობს საზოგადოების ნაწილი და ქალები, რა თქმა უნდა, ირჩევენ დუმილს. ერთი უფლებადამცველი ვერ გადაწონის ამ მოცემულობას და გვიწევს ბრძოლა, რომ ამ ქალებმა ბოლომდე თქვან სათქმელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ელისო რუხაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს, მსხვერპლთა ნუსხაში 812 ქალი აღირიცხა. წინა წელთან შედარებით 100-ზე მეტი. 2025 წლის პირველ სამ თვეში - 186 ქალი. უფლებადამცველების თქმით, ძალადობის მსხვერპლი ქალების რეალური რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკას მნიშვნელოვნად აღემატება.
ფორუმი