მაინც რა იცვლება „პოლიციის შესახებ კანონში“?
ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ ორჯერ გაიზრდება სხვადასხვა მიზეზით, პოლიციელებისა და მისი ოჯახის წევრების ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობები.
დარეგულირდება სამინისტროს სისტემაში დასაქმებულებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების აღების საკითხები.
რა შემთხვევაში?
თუ პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპება, მისი ოჯახი ერთჯერად ფულად დახმარებად 30 000 ლარს მიიღებს. მოქმედი კანონით, ეს თანხა ორჯერ ნაკლები - 15 000 ლარია.
საფლავის მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა - 500 ლარი - ოთხჯერ გაიზრდება და 2 000 ლარი გახდება.
მინიმუმ სამჯერ გაიზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაზიანებული პოლიციელის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა.
- ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას, ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად იქნება 20 000 ლარი;
- ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა;
- ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა.
სამინისტროს სისტემაში ყველა დასაქმებულს შესაძლებლობა მიეცემა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ანაზღაურებადი შვებულება აიღოს.
ამ პერიოდში ყველა სამედიცინო ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირებას, მოვლას, სხვა საჭიროებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აანაზღაურებს.
შვებულების ხანგრძლივობა დაზიანების სიმძიმეზე ან დაავადების ხასიათზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ერთ წელს არ უნდა აღემატებოდეს.
ეს ვადა სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მხოლოდ მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს.
კანონის თანახმად, სოციალური დაცვის გარანტიები შესაძლებელია გავრცელდეს შსს-ს თანამშრომლის ოჯახის წევრებზე, ასევე სისტემიდან შრომისუუნარობის გამო წასულებზეც. ესეც მინისტრის ბრძანებით დარეგულირდება.
შსს-ს ცნობით, 2025 წლის პირველ 9 თვეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაზიანდა 115 თანამშრომელი. მათ მკურნალობაში ბიუჯეტიდან 121 588,62 ლარი დაიხარჯა.
ყველაზე ბოლოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაზიანების შესახებ ინფორმაცია 5 ნოემბერს გავრცელდა. შსს-ს ცნობით, ღამით, როდესაც საქართველოს მასშტაბით, „ქურდულ სამყაროსთან“ სხვადასხვა სახის კავშირის გამო ათეულობით ბრალდებული დააკავეს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სპეცრაზმელი „გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრა“.
სპეცოპერაცია სოფელ კაბალში, ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი წევრის, მირზა ალიევის სახლში ჩატარდა. გამოძიების მიხედვით, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებს ესროლა, ალიევი ადგილზე მოკლეს. სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.
პოლიციელის კისრის არეში დაჭრის ბრალდებით დააკავეს მალხაზ გიგუაშვილიც 2025 წლის 5 ოქტომბერს.
დაკავებამდე ის რამდენჯერმე არ დაემორჩილა პოლიციელების მითითებებს, „გადაეყენებინა მანქანა“. ეს ყველაფერი ჩანდა მისსავე ფეისბუკის ლაივებში, სადაც მოხვდა პოლიციელის დაჭრის ეპიზოდიც. გიგუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ამბობენ იურისტები და სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ისინი თანხმდებიან, რომ ხელისუფლება „პოლიციელების მოტივაციის გაზრდას ცდილობს“ .
იურისტ შოთა თუთბერიძეს გაუგია, რომ პოლიციელებს ურჩევნიათ ოპერატიული დავალება მიიღონ და მაგალითად, საათები გაატარონ „ე.წ. ჩასაფრებაში, ვიდრე აქციაზე გავიდნენ და იქ იმუშაონ“.
ეს განწყობა კი შესაძლოა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ პროევროპულ დემონსტრაციებს უკავშირდებოდეს.
2024 წლის 28 ნოემბერს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისა და მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა. კობახიძემ, რომელიც სადავო არჩევნების შედეგად შეკრებილმა ერთპარტიულმა პარლამენტმა იმ დილით დაამტკიცა, თქვა, რომ მისი მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამ განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით;
კობახიძის განცხადების გასაპროტესტებლად ქუჩაში სპონტანურად შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ფიზიკური ძალა.
პოლიციის ძალადობა - დემონსტრანტების ცემა და ძარცვა - უფლებადამცველებმა წამებად შეაფასეს. ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას და შემდგომ სასტიკად ნაცემ და დაშავებულ ადამიანებს შორის არიან ჟურნალისტებიც. ასეთი შემთხვევების გამოძიება ბოლომდე არ მისულა. პოლიციის ძალადობის მრავალ ეპიზოდზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც მოგვიანებით პროკურატურას დაექვემდებარა, ერთი დამნაშავეც არ გამოუვლენია.
ამასთან სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს საპროტესტო აქციების ასობით მონაწილე. მათი უმრავლესობა ნაცემი იყო. საპროტესტო გამოსვლები მეთერთმეტე თვეა ყოველდღიურად გრძელდება.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციაზე 158 პოლიციელი დაშავდა. მათგან 79 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, დანარჩენები თბილისის საპატრულო და კრიმინალური პოლიციიდან - დეტექტივები, გამომძიებლები, მართლწესრიგის ოფიცრები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაზიანებულ პოლიციელებს შორის იყო გიორგი ზაბახიძეც. მას ქვა მოხვდა და თვალი დაუზიანდა.
„ერთი თვალიდან საერთოდ ვეღარ ვხედავ“, - თქვა ზაბახიძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დემონსტრანტებს ასამართლებდნენ.
მისივე თქმით, დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით, შსს-მ ანკარაში, კლინიკა „გიუვენში” და სტამბოლში, კლინიკა „აჯიბადემში” გაგზავნა, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმოქირურგების დასკვნით, მხედველობის აღდგენა შეუძლებელი იყო.
„მე მომხვდა პიროტექნიკა, რომელიც ფერად ბოლს უშვებდა, მარცხენა თვალის არეში... დამცავი საშუალებები ადგილზე არ მქონია... დაზიანების გამო სიარული არ შემეძლო, კოლეგა პოლიციელმა წამიყვანა სასწრაფოსკენ და შემდეგ გადამიყვანეს კლინიკაში“, - ეს ინფორმაცია სასამართლოს პოლიციელმა გივი წიქორიძემ მიაწოდა.
„საფეთქლის მარცხენა მხარეს შრამი დამრჩა", - თქვა პოლიციელმა ვასილ ბასილაძემ.
ვერცერთი პოლიციელი ვერ ასახელებდა, კონკრეტულად ვისი ნასროლი ქვა ან მაშხალა მოხვდა.
ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადგინეს, დაკითხული დაზარალებული პოლიციელებიდან ერთი მაინც თუ დააზიანეს იმ ბრალდებულებმა, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს.
საბოლოოდ, ჯგუფური ძალადობის ორივე საქმეზე მოსამართლეებმა თამარ მჭედლიშვილმა და ნინო გალუსტაშვილმა იდენტური გადაწყვეტილებები მიიღეს, მუხლი გადააკვალიფიცირეს და დემონსტრანტები ორი წლით დააპატიმრეს.
სასამართლოში გამოკითხული პოლიციელებიდან ყველა ამტკიცებდა, რომ არ შესწრებიან სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა დაინახეს, როგორ ისროდნენ აქციის მონაწილეები ქვებს, ფეიერვერკს, სხვადასხვა ნივთებს, ხის ჯოხებსა და ბოთლებს პოლიციელების მიმართულებით.
სახელმწიფომ გადაუხადა მკურნალობის ხარჯები საპროტესტო აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიასაც. მას 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული მოხვდა. იმ დღეებში პოლიცია გაზის გამოყენებით შლიდა საპროტესტო გამოსვლებს. დაშავებულს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში უმკურნალეს. საავადმყოფოში შეყვანისას მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობა, ტვინის გარსებში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ოპერაციისა და რეანიმაციული მკურნალობის შემდეგ ალექსანდრე თირქია 19 დეკემბერს გაწერეს კლინიკიდან.
მაშინ თირქიას ბიძა იოსებ ჩანადირი ამბობდა, რომ კლინიკაში მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა და ოჯახმა მიიღო პირობა, რომ რეაბილიტაციის თანხებსაც სახელმწიფო გადაიხდიდა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პირობას ასრულებენ.
„სასიკვდილო ნასროლის გამო“, როგორც თირქია ახასიათებს იმას, რაც 3 დეკემბერს გადახდა თავს, არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მხოლოდ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში (2024 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით), სამართალდამცავების მიერ ძალადობის ფაქტების შესახებ 300-ზე მეტი საჩივარია შესული.
ამავე დროს, 2024 წლის 19 ნოემბერი-2025 წლის 28 თებერვლის პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 1084 ადამიანის მიმართ, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო 486 ადამიანი.
საბოლოოდ რა მიზანს ემსახურება პოლიციელებისთვის ერთჯერადი დახმარებების მინიმუმ ორჯერ გაზრდა და არის თუ არა აქამდე არსებული ოდენობები არასაკმარისი? - ეს და სხვა კითხვები შსს-ს გავუგზავნეთ. რადიო თავისუფლება პასუხებს მეორე დღეა ელოდება. მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
შსს-თვის გაგზავნილი კითხვები:
1. რატომ იზრდება ერთჯერადი დახმარებების ოდენობა? - ეს ემსახურება პოლიციელების მოტივაციის გაძლიერებას თუ პრაქტიკამ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს თანხები არ აღმოჩნდა საკმარისი, შესაბამისად პოლიციელს/ებს მოუხდათ საკუთარი ხარჯების გაღებაც მკურნალობისთვის. გაგვიზიარეთ მაგალითები და სტატისტიკა.
2. განმარტებით ბარათში მოყვანილია სტატისტიკა 115 დაშავებული პოლიციელის შესახებ, თუ გაქვთ დეტალურად ჩაშლილი ცნობები, სად დაზიანდნენ ეს ადამიანები, აქციაზე თუ სხვა ტიპის დავალების შესრულებისას?
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შსს პოლიციელებს სოციალურ გარანტიებს არა მხოლოდ ფულადი თანხებით, არამედ უძრავი ქონებითაც აძლევს და გარდა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობისა, სამართალდამცველებს სხვა შემთხვევებშიც აჩუქებენ ბინებს.
ფორუმი