Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 წლის ბრიტანელ ბელა მეისთან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება შედგეს - სად მოიხდის ის სასჯელს?


ბელა მეი ქალი სასამართლოს დარბაზში 10 ივლისს. ის 19 კვირის ორსულია.
ბელა მეი ქალი სასამართლოს დარბაზში 10 ივლისს. ის 19 კვირის ორსულია.

ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნებით დაკავებულმა 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქემ, შესაძლოა საქართველოს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. ეს თქვა 10 ივლისს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა.

ბელა მეი ქალი, რომელიც 19 კვირის ორსულია, მაისის დასაწყისში პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტაილანდიდან მომავალი დააკავა. მას ბარგში 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.

ის ბრალს - დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა და გასაღება - არ აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაული „უნებურად ჩაიდინა“.

10 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მან დუმილის უფლება გამოიყენა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საქმის განხილვა 24 ივლისისთვის გადადო.

მალხაზ სალაყაია, ბრიტანეთის მოქალაქის ადვოკატი, ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ბელა მეი ქალისთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს:

მალხაზ სალაყაია, ადვოკატი
მალხაზ სალაყაია, ადვოკატი

„ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. თუ რა პირობებით, როგორ, რა იქნება დაცვის მხარისთვის, ანუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მისაღები, ეს შეჯერდება ბრალდებულთან და შემდეგ პროკურორი და დაცვის მხარე ამ შეთანხმებით წარსდგება სასამართლოს წინაშე“.

მალხაზ სალაყაია არ აკონკრეტებს, რა შეიძლება იყოს „მისაღები“ მისთვის და ბელა მეი ქალისთვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ თუკი პოზიციები შეჯერდება, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი მორიგ, 24 ივლისის სასამართლო სხდომამდეც გადაწყდეს:

„ბელა თავს არ ცნობს დამნაშავედ, თუმცა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, რომელსაც ის თავადაც იცნობს, იცნობს მოსამართლეც, არსებობს საფუძველი, რომ წარდგენილ ბრალდებაში შესაძლოა, ფორმალურად არსებობს დანაშაულის ნიშნები, მაგრამ რამდენად არის ბელა მეი ქალი ამ დანაშაულთან დაკავშირებული, აი, ეს უნდა გახდეს განსჯის საგანი, მას უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - ამბობს მალხაზ სალაყაია.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველი ხდება საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება.

გამოძიება ბრიტანეთის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვასა და გასაღებას ედავება (გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს).

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გოგოს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაც კი ელის.

ბელა მეი ქალი და მისი დაკავების მომენტი. მაისი, 2025 წელი
ბელა მეი ქალი და მისი დაკავების მომენტი. მაისი, 2025 წელი

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, რა ტიპის სასჯელი შეიძლება დაეკისროს მას, ამის შესახებ წინასწარ საუბარი ბელა მეი ქალის ადვოკატს უჭირს.

რაც შეეხება მის ექსტრადიციას დიდ ბრიტანეთში, ის ამბობს:

„ექსტრადიცია გახლავთ სასჯელის ნაწილის მოსახდელად გადაცემა პირისა ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამ ეტაპზე ამის შესახებ კომენტარი არ მაქვს. ჩემთვის უცნობია, მიმართა თუ არა ბრიტანულმა მხარემ საქართველოს ექსტრადიციის მოთხოვნით“, - თქვა მალხაზ სალაყაიამ 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ.

ექსტრადიცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ექსტრადიცია, როგორც წესი, არ არის შესაძლებელი პოლიტიკური, ფისკალური ან სამხედრო დანაშაულისათვის; აკრძალულია ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მსჯავრდებულს ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საფრთხე; დაუშვებელია ლტოლვილის ექსტრადიცია. "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ექსტრადიციის საკითხის განხილვის კომპეტენცია იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას აქვს, ხოლო ექსტრადიციის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და იუსტიციის მინისტრო.

მართალია, 19 წლის ბელა მეიმ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლებით ისარგებლა, თუმცა 10 დღის წინ, პირველ ივლისს, წინასასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დამნაშავე არ არის:

„ამის ჩადენა არ მინდოდა, ძალადობითა და წამებით მაიძულეს ამის გაკეთება, მე მხოლოდ მოგზაურობას ვაპირებდი, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, სტუდენტი ვარ, დავეუფლე მედდის პროფესიას. მხოლოდ მოგზაურობას ვგეგმავდი და ცუდი რაღაცები გადამხდა თავს“, - მან მოსამართლეს აჩვენა მარჯვენა ხელიც, რომელზეც, სავარაუდოდ, დამწვრობის კვალი ჰქონდა. ადვოკატის მტკიცებით, ტაილანდიდან ჩამოსული ბრიტანეთის მოქალაქე აწამეს, ცხელი რკინით დაწვეს, დაემუქრნენ ოჯახის წევრებისა და ძმის მოკვლით და ასე აიძულეს ნარკოტიკების გადატანა.

ბელა მეი ქალის წამების ნამდვილობას ცალკე სისხლის სამართლის საქმე იძიებს. ამაზე 10 ივლისს ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ თქვა:

„ვფიქრობ, ჩვენი სამართალდამცავები მჭიდროდ ითანამშრომლებენ შესაბამისი ქვეყნების სამართალდამცავებთან და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ აღნიშნული ქმედება ბელას არ ჩაუდენია“.

10 ივლისს სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბელა მეი ქალის პროცესს ისევ ესწრებოდა მამამისი. ოჯახი ჟურნალისტებთან საუბარზე უარს ამბობს.

ბელა მეი ქალის მამა. ილუსტრაცია 10 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან
ბელა მეი ქალის მამა. ილუსტრაცია 10 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან

ვინ არის ბელა მეი ქალი?

ბელა მეი ქალი ქალაქ ბილინგემიდანაა. ის საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულია და სწავლის გაგრძელებას აპირებდა.

ოჯახის მონათხრობით, აპრილის ბოლოს, სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ, ბელა არდადეგების გასატარებლად მეგობართან ერთად ჯერ ფილიპინებისკენ გაეშურა, მაისის დასაწყისში კი ტაილანდში წავიდა.

ბელა მეი ქალი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს მოგზაურობიდან. თუმცა 5 მაისის შემდეგ ის სოციალური ქსელებიდან გაქრა.

ბელას დედა, ლაიან კენედი, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ შვილთან დაკავშირებას 3 მაისის მერე ვეღარ ახერხებდა. ტელეფონი გათიშული იყო, თუმცა სიგნალის მიხედვით, ის ბანგკოკთან ახლოს უნდა ყოფილიყო.

მშობლებმა შვილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს პოლიციას. ძებნაში ჩაერთო ტაილანდის პოლიციაც. ბელას მამა, ნეილ ქალი, შვილის საძებნელად ტაილანდში გაემგზავრა.

შვილის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია ბელას მშობლებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებშიც. ისინი ხალხს გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვდნენ.

თბილისში დაკავებული გოგოს დედა ბრიტანელ ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ გაუჩინარებამდე ბელას ყოველდღე ელაპარაკებოდა:

„მოგზაურობიდან უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. 3 მაისს ტაილანდში წავიდა. ბოლო მესიჯი მისგან მივიღე შაბათს (3 მაისს), საღამოს ექვსის ნახევრისთვის. მწერდა, რომ მოგვიანებით "ფეისთაიმით" დამიკავშირდებოდა“.

ქალი გამოცემა THE SUN-თან საუბრისას ამბობს, რომ შვილს სთხოვდა, არ წასულიყო ტაილანდში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG