ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმ დროს, როცა ვრცელდება ცნობები ისრაელის ახალი შეტევის მზადებაზე ღაზის სექტორში, ასევე ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობის მორიგ გამწვავებაზე - ამჯერად სირიაში შექმნილი მდგომარეობის გამო.
დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ნეთანიაჰუს ბაქოში 7 მაისს უნდა ჩასულიყო და იქ 11 მაისამდე დარჩებოდა. ორ ქვეყანას პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს, მათ შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით.
როგორც შაბათს, საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიამ გამოაცხადა, „ღაზის სექტორსა და სირიაში მიმდინარე მოვლენების, ასევე პოლიტიკურ ღონისძიებათა ინტენსიური განრიგისა და უსაფრთხოების ზომების გამო“, ვიზიტი სამომავლოდ გადაიდო, თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
3 მაისს, შაბათს, გამთენიისას ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე რამდენიმე ავიადარტყმა განახორციელა. გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ავიაცია თავს დაესხა სამხედრო ობიექტებს, საწყობებსა და სარაკეტო ინფრასტრუქტურას.
ლონდონში დაფუძნებულმა სირიის მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ("ცაჰალი") სირიაში 20-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელეს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს იყო 2025 წლის განმავლობაში "ცაჰალის" ყველაზე მასშტაბური თავდასხმა სირიაში.
ამავე კვირაში ისრაელის არმიამ კიდევ ერთი ავიადარტყმა განახორციელა დამასკის საპრეზიდენტო სასახლის მახლობლად. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს შეტყობინება იყო სირიის ახალი ხელისუფლებისთვის, რომ ისრაელი არ დაუშვებს საფრთხეს სირიის დრუზთა თემისთვის. დრუზები ეთნიკური უმცირესობაა, რომელიც ძირითადად სირიის სამხრეთში ცხოვრობს. მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ემუქრებიან რადიკალი ისლამისტები, რომელთა გავლენა ქვეყანაში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადის რეჟიმი გასული წლის ბოლოს დაემხო. თურქეთი სირიის ახალ ხელისუფლებას უჭერს მხარს და გმობს ისრაელის ქმედებებს.
მანამდე თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანისკენ მიმავალ ნეთანიაჰუს თვითმფრინავისთვის გამონაკლისს არ დაუშვებდნენ და თურქეთის ტერიტორიის თავზე ფრენის უფლებას არ მისცემდნენ. ისრაელის თვითმფრინავებზე აკრძალვა მოქმედებს ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო. ისრაელიდან აზერბაიჯანში მოხვედრა შესაძლებელია სხვა საჰაერო გზით, თურქეთის გვერდის ავლით, თუმცა მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად იზრდება.
შაბათს ისრაელის მედიაში გაჩნდა ცნობები ღაზის სექტორში ახალი შეტევის მზადებაზე, სადაც ისრაელის არმია კვლავ აგრძელებს ბრძოლას ჰამასის (აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული) წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ათიათასობით რეზერვისტია მობილიზებული, რომლებიც ჩრდილოეთიდან გადაყვანილ იქნებიან ღაზის სექტორში. ამავე დღეს ისრაელში გაიმართა მასობრივი დემონსტრაციები, სადაც მოქალაქეები მოითხოვდნენ სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევას და ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას.
ფორუმი