ძალადობრივი შეტაკების შედეგად ნატოს მრავალეროვნული სამშვიდობო კონტინგენტის 30 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
„ჩვენ არ დაგვიფიქსირებია არავითარი ინციდენტი. პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას კოსოვოს პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვეტონ ელშანმა.
30 მაისს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა ჩრდილოეთ კოსოვოს ხელისუფლებას და მათ წინააღმდეგ ამხედრებულ ეთნიკურ სერბებს „დაძაბულობის დაუყოვნებელი განმუხტვისკენ“ მოუწოდა. ხოლო ევროპის კავშირის წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგის მცდელობებში, მიროსლავ ლაიჩაკი, თავისი მანდატის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისა და კოსოვის პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის შეხვედრის ორგანიზებას შეეცადა.
მაგრამ როგორც ინფორმირებული წყაროები შიშობენ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ლაიჩაკის მცდელობამ წარმატებას მიაღწიოს იმ ფონზე, როდესაც შეხვედრის და მოლაპარაკების მზადყოფნას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ამჟღავნებს.
როგორ დაიწყო და განვითარდა შეტაკება ზვეჩანში?
29 მაისს, ეთნიკური სერბები შეეცადნენ, დაეკავებინათ ადგილობრივი ხელისუფლების შენობები, სადაც გასულ კვირაში ალბანელი მერები პოლიციის დახმარებით შევიდნენ. როგორც თვითმხილველები იტყობინებოდნენ, კოსოვოს პოლიცია და ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი კოსოვოს ძალები იცავდნენ მუნიციპალიტეტის შენობას ზვეჩანში, ერთ-ერთში იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომლებშიც გასულ თვეში ვადამდელი არჩევნები ჩატარდა და რასაც ფართო მასშტაბის ბოიკოტი გამოუცხადეს ეთნიკურმა სერბებმა. მერის პოსტებზე და საბჭოებში არჩეულ იქნენ მხოლოდ ეთნიკური ალბანელები ან სხვა უმცირესობათა წარმომადგენლები.
მოგვიანებით, როცა ძალადობრივი შეტაკებები დაიწყო ადგილობრივ სერბებსა და ეთნიკური ალბანელების მთავრობას შორის, ეთნიკური სერბი დემონსტრანტების დასაშლელად KFOR-ის (ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალა) დანაყოფის გამოყენება გახდა საჭირო. მანამდე აგრესიულად განწყობილმა სერბმა დემონსტრანტებმა უგულებელყვეს მრავალეროვნული კონტინგენტის მოწოდება.
"თქვენ იწვევთ მღელვარებას. თქვენ საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს და თქვენს თემს. დატოვეთ არეალი და წადით შინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, KFOR-ი იძულებული იქნება, იმოქმედოს", - ამ შინაარსის აუდიომესიჯი ისმოდა ადგილზე, სანამ არეალი კვამლში გაეხვეოდა.
როცა KFOR-ის სამხედროები მათ დასაშლელად დაიძრნენ, დემონსტრანტებმა სამხედროებს ქვები და ბოთლებიც დაუშინეს. ნატოს წარმომადგენელთა თქმით, საბოლოო ჯამში, ზვეჩანში საერთაშორისო კონტინგენტში შემავალი იტალიის დანაყოფის 11 წარმომადგენელი, მათ შორის მოლდოველები, და 19 უნგრელი მშვიდობის დამცველი დაშავდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნატოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კოსოვოში დამატებით კონტინგენტს გაგზავნის KFOR-ის გასაძლიერებლად, რომელიც სამშვიდობო მისიის განმავლობაში პირველად აღმოჩნდა მსგავსი ძალადობის სამიზნე.
„მომხდარის გამო ორივე მხარემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობა, არ უნდა ამოეფარონ ყალბ ნარატივებს და შემდგომში თავიდან უნდა აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია“, - ნათქვამია KFOR-ის მისიის სარდლის, გენერალ-მაიორ ანჯელო მიკელე რისტუჩიას განცხადებაში.
კოსოვოს პოლიციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კოსოვოში საპროტესტო ტალღა არ ჩამცხრალა, ვითარება 30 მაისს მთლიანობაში მშვიდი იყო ქალაქებში ზვეჩანში, ლეპოსავაჩსა და ზუბინ პოტოკში, სადაც ეთნიკური სერბების უმრავლესობა ცხოვრობს.
დასავლეთი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რუსეთი კი სერბებს იცავს
ზვეჩანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სურს ნატოს ე.წ. ოთხეულის (Quint) - აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის ელჩებთან კონსულტაციების გამართვა. სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები იყო ასევე რუსეთის ელჩთან შეხვედრაც.
მოსკოვი ზვეჩანის დესტაბილიზაციაში კოსოვოს ხელისუფლებას და ნატოს ეგიდით მოქმედ მრავალეროვნულ ძალებს (KFOR-ს) აკრიტიკებს.
KFOR-ის დაშავებული ჯარისკაცები ეთნიკურ სერბებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ.„ნატოს KFOR-ის კონტინგენტმა, რომელიც პასუხისმგებელია კოსოვოსა და მეტოხიაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, სერბულ მხარესთან დაპირისპირებაში, ღიად დაუჭირა მხარი პრიშტინას და კოსოვო-ალბანეთის პოლიციას“, - განაცხადა სერბეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ-ბოცან ხარჩენკომ, რომელიც, სააგენტო „რია-ნოვოსტის“ თანახმად, 30 მაისს ბელგრადში შეხვდა ალექსანდარ ვუჩიჩს.
დასავლეთის ქვეყნების ოთხეულის წარმომადგენლები ჩრდილოეთ კოსოვოში განვითარებული მოვლენების ფონზე ორივე მხარეს მოუწოდებენ „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“.
ჯერ კიდევ 27 მაისს, როდესაც ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის მთავრობა ერთი დღის წინ ძალით შეიჭრა მუნიციპალურ შენობებში, მათ დაგმეს კოსოვოს ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება და ასევე გამოთქვეს შეშფოთება სერბეთის გადაწყვეტილების გამო, „აამაღლოს თავისი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის დონე კოსოვოს საზღვარზე და მოუწოდა ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ“.
ჩარლზ კუპჩანმა, ამერიკის საგარეო საქმეთა საბჭოს წევრმა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, 30 მაისს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კოსოვოს მთავრობამ უნდა შეაჩეროს ალბანელი მერების დანიშვნა კოსოვოს ჩრდილოეთით სერბული უმრავლესობის მქონე მუნიციპალიტეტებში, რადგან ასეთი ნაბიჯები უსარგებლო და კონტრპროდუქტიულია გრძელვადიან პერსპექტივაში.
"ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ ერთად დამსხდარი სერბეთისა და კოსოვოს მთავრობები, რომლებიც ცდილობენ შეიმუშაონ [ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ] შეთანხმების დეტალები. სერბული თემისთვის თვითმმართველობა, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა. ვფიქრობ, რომ ის, რაც ახლა ჩრდილოეთში ხდება, ზემოხსენებული შეთანხმებისკენ გადადგმული ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისგან ყურადღების გადატანაა“, - ამბობს ჩარლზ კუპჩანი.