Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 არცთუ მსუბუქი წიგნი ზაფხულში წასაკითხად


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ზაფხულში თითქოს უფრო მეტი დრო აქვს ადამიანს და უფრო მეტადაც შეუძლია საკითხავად მოიცალოს. რა წავიკითხოთ? ერთი მხრივ პასუხი მარტივია, რაც გაგიხარდებათ! მაგრამ რამდენიმე წიგნი მართლაც შეიძლება გირჩიოთ.

ზურაბ კიკნაძე: „ამარგი, ალუდას ნახტომი“

ზურაბ კიკნაძე ანალიზის და ფიქრის ადამიანი იყო. დიდი და კარგი მეცნიერი, უზარმაზარი მემკვიდრეობით. ასეთ ადამიანები ისეთ რაღაცებზე ფიქრობენ, ისეთ რამეებს ამჩნევენ და ინიშნავენ, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანი კია, მაგრამ არც მეცნიერება ჰქვია, არც მხატვრული პროზა, უფრო შენთვისაა, შენი თვალსაწიერიდან დაკვირვებული და მიხვედრილი, მაგრამ ისეთივე აუცილებელი, როგორც ის ლურსმანი, რომელზეც შედევრი ჰკიდია.

„ამარგი, ალუდას ნახტომი“ დიდი, სქელი, ბარაქიანი წიგნია. აშკარად ეტყობა, ვინც დაწერა, შიგ მთელი თავის ცხოვრება ჩადო. აქ ხან ორ გვერდზე, ხან ნახევარზე, უამრავი ამბავია დაწერილი. გინდა თავიდან დაიწყე, გინდა შუიდან, აი, ეს მაგალითად, 254-ე გვერდზეა.

„სულთამხუთავი. ხუთვის თავდაპირველი მნიშვნელობა რაიმეს წაღება ვინმესგან გირაოდ. დაიხუთა, ე.ი. გირაოდ აიღო. სულთა მხუთავი კი ვინღა არის? ის ხომ არა, ვინც ადამიანებისგან სულებს იხუთავს, გირაოდ იღებს?

სამაგიეროდ რას იძლევა? ამბობენ, ბევრს არაფერსო. ამ არაფრისთვის ადამიანს ადამიანურობისგან ძარცვავს, ადამიანს ადამიანობას ავიწყებს.

რაბი შლომო კარლინელმა იკითხა, რა არის ბოროტის მოქმედების ყველაზე ცუდი შედეგიო? და თავადვე გასცა პასუხი: როცა ადამიანს დავიწყებული აქვს, რომ უფლისწულია“.

ვარლამ შალამოვი - კოლიმური მოთხრობები

რას ნიშნავს, როდესაც სულთამხუთავი სამეფო წარმომავლობას დაგავიწყებს. იმას, რომ შენ ვარლამ შალამოვის მოთხრობების გმირი ხდები. ეს მოთხრობები მეტწილად რეალური ამბებია, ის, რასაც დაპატიმრებული შალამოვი საბჭოთა ციხესა და გადასახლებაში უყურებდა.

შიმშილისგან და უსამართლობისგან გაბოროტებული ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ გადასარჩენად; უძღები შვილი, ვისაც მეგობრებმა უღალატეს, ვინც ახლობლებმა გაქურდეს და ახლა საღორესთან ჩაცუცქული სალაფავს ნატრობს. მაგრამ თუ სახარებისეულ იგავში უძღებ შვილს უკან, ადამიანურობისკენ, შემოსილი და მაძღარი ცხოვრებისკენ დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ აქვს, შალამოვის გადასახლებულებს არც ეს გააჩნიათ.

ვარლამ შალამოვის ჯოჯოხეთი
please wait

No media source currently available

0:00 0:29:59 0:00
გადმოწერა

როგორ შეიძლება დამთავრდეს იმ ადამიანების ცხოვრება, რომელთაც სისტემა ადამიანებად არ აღიქვამს? შალამოვი მხოლოდ უსასრულო დაცემის პროცესს აღწერს, იმის იქით მკითხველმა თავად უნდა წარმოიდგინოს, აქ თუ არა ადამიანს, როგორც სახეობას რესურსი საკუთარ თავში რამე ძალიან მნიშვნელოვანი გადამალოს და გადაარჩინოს.

დენიელ კიზი: „ბილი მილიგანის მრავალი გონება“

ეს წიგნიც რეალურ ადამიანზეა. ბილი მილიგანი მრავლობითი პიროვნული აშლილობით, 24 სხვადასხვა პიროვნებით მართლაც არსებობდა. ის 2014 წელს გარდაიცვალა. წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ გაოცდებით, თუ როგორი უსასრულოა ადამიანის შესაძლებლობები. შალამოვთან ჩვენ სწორედ იმას ვამბობდით, თუ სად უნდა გადამალოს ადამიანმა საკუთარი თავი, როდესაც ყველაფერი მის წინააღმდეგაა. ციხიდან ვერ გარბიხარ, ციხეში შიმშილით და სიცივით გკლავენ, თავზე თოფიანი ხალხი გადგას... ამ დროს ფიზიკურადაც უნდა გადარჩე და ადამიანურობაც უნდა შეიანარჩუნო, რომ ამ გადარჩენას რამე გამართლება ჰქონდეს.

ამერიკელმა ბიჭმა ბილი მილიგანმა რუსული ციხე, ალბათ, მხოლოდ ტელევიზორიდან თუ იცოდა, მაგრამ ცხოვრებამ ისიც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. მასზე პატარაობიდანვე მამინაცვალი ძალადობდა. ბავშვი თავს ვერ იცავდა, მაგრამ მისმა ფსიქიკამ გამოსავალი მის გარეშეც „მონახა“. ბილის პიროვნება გაიხლიჩა. ერთის ნაცვლად ორ ადამიანად იქცა. ნელ-ნელა გამოჩნდა მესამე პიროვნებაც, მეოთხეც, შემდეგ სხვა, შემდეგ კიდევ სხვა. ნამდვილი ბილის ადგილს ხან ერთი იკავებდა, ხან - მეორე. მას შემდეგ, რაც მილიგანმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, ამ პიროვნებებმა ბილი საერთოდ განდევნეს ცნობიერებიდან, „დააძინეს“ და მის სხეულზე სრული კონტროლი მოიპოვეს.

ბილი მილიგანს 24 პიროვნება მართავდა, მათგან ზოგი კაცი იყო, ზოგი ქალი, ზოგი - ბავშვი. ყველას თავის უნარები და ხასიათი ჰქონდა. ზოგი უფრო ხშირად „ჩანდა“, ზოგი - გაელვებით. ნამდვილი ბილი ექიმებმა საკუთარ სხეულში მხოლოდ წლების შემდეგ დააბრუნეს და ისიც დროებით.

ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ეს არის ნამდვილი და ძალიან საინტერესო ამბავი იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანს იმდენად უჭირს - საკუთარი თავიდანაც გარბის.

მარტინ ემისი „ღამის მატარებელი“

ეს წიგნი ყველა ზემოთ ჩამოთვლილისგან რადიკალურად განსხვავებულია. აქამდე ჩვენ ვარკვევდით რას შვრება ადამიანი, როდესაც მას ძალიან უჭირს. მაგრამ თუ მის ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგადაა? თუ ბედნიერი და წარმატებულია? მაშინ?

„ღამის მატარებელში“ გამომძიებელი იგებს, რომ მისი მეგობრის ქალიშვილმა თავი მოიკლა. მიუხედავად სუიციდის ყველა ნიშნისა, გამოძიება მკვლელობის ვერსიაზეც იწყებს ფიქრს, რადგან გოგონას თავის მოსაკლავი არაფერი სჭირდა. ის იყო ლამაზი, წარმატებული, ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი. კარგი საქმრო ჰყავდა, ფული ჰქონდა, მშვენიერ ხასიათზე იდგა. მოკლედ, თუ რამე ლოგიკა არსებობს, გოგონა ცოცხალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ნამდვილად გარდაიცვალა და დიახ, რომანის ბოლოს დასტურდება, რომ მართლაც თავი მოიკლა, და კიდევ ერთხელ დიახ, არც წინაპირობები შეცვლილა, მას თავის მოსაკლავი მართლაც არაფერი სჭირდა.

ჯემალ ქარჩხაძე „ზებულონი“

მოდი, წარმოვიდგინოთ „ვეფხისტყაოსანი“, სადაც ტარიელს არ უმართლებს. ანუ „ვეფხისტყაოსანი“ ოღონდ ზღაპრული და ოქროს ხანაში დაწერილი კი არა, უფრო ნამდვილი, რეალური სიუჟეტით, სადაც არაფერი ხდება ზებუნებრივი და ცხოვრებაც თავისი ჩვეულებისამებრ, უსამართლოა.

ზებულონი ბრგე, კარგ მეომრად დაბადებული, გულჩვილი და მგრძნობიარე ყმაწვილია, აზნაურის ერთადერთი შვილი. ბატონიშვილთან წასვლას და სწავლას აპირებს. მის ოცნებებს დაასამარებენ სოფელში ჩამოსახლებული დაროაშვილები (ასოციაცია დავართან ჩნდება), საკუთარი ცოლებიც რომ ქაჯების შთამომავლებს ეძახიან. ისინი ზებულონის მამას კლავენ და ზებულონიც დაროაშვილების მთელი ოჯახის - კაცების, ქალების, ბავშვების - მკვლელი ხდება.

ამის შემდეგ ზებულონის გზა ტარიელივით სრული გაველურების გზაა. ის თითქოსდა იმ ტყეში, იმ გამოქვაბულში რჩება, სადაც დაროაშვილები ამოწყვიტა. საკუთარ თავს კარგავს, იმდენად, რომ ვეღარ ცნობენ ძაღლები, ეშინიათ ახლობლებს.

ზებულონი თავადის ქალს ნესტანს შეუყვარდება. ამ სიყვარულს მომავალი არა აქვს, ნესტანს ქართლის მეფეზე - ისკანდერ-ხანზე ათხოვებენ და ზებულონიც ვერაფერს შველის.

წიგნში ავთანდილიც არის და მას ბექა ამილახვარი ჰქვია, მოქნილი და გამჭრიახი თავადი, სპარსეთისგან დაპყრობილი საქართველოს გამოსახსნელად ათასგვარ ინტრიგას რომ ხლართავს. ოღონდ რადგან ეს რეალური „ვეფხისტყაოსანია“, ბექა სულაც არ არის ტანადი და ლამაზი, მსუქანი, გარეგნულად არაფრით გამორჩეული კაცია. სიყვარული მართლაც ავთანდილური შეუძლია, მაგრამ რადგან მის სატრფოს მაჩაბლიანთ ასმათს ის ქვეყნის მოღალატე ჰგონია, სხვაზე თხოვდება.

ალბათ, ხშირად გიკითხავთ, არიან ჩვენ გვერდით, რეალურ ცხოვრებაში ტარიელები, ავთანდილები, ნესტანები? არიან და მათი ცხოვრება სწორედ ისეთია, როგორიც ზებულონის ცხოვრება იყო. ისინი რჩებიან სახლ-კარის, შეყვარებულის, დიდებისა და პატივის გარეშე, მათ მუხანათურად კლავენ. ამ ქვეყნიდან თან არაფერი მიაქვთ და არც სჭირდებათ, რადგან ინიციაციის გზა, რომელიც ადამიანს ზეადამიანად აქცევს უკვე გაიარეს. მათი ამბავი მთავრდება ისე, როგორც ეს წიგნი მთავრდება: „ცისფერი სიკვდილის ფაფუკი მკლავები ზებულონს რბილად, ნაზად, სათუთად შემოეხვია, როგორც წმინდა და აუმღვრეველი სიყვარული, რომელშიაც სიყვარულის მეტი სხვა არაფერი ურევია...“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG