შსს-ში ადასტურებენ, რომ მას იარაღი რეგისტრირებული ჰქონდა, თუმცა აცხადებენ, რომ არ ჰქონდა ტარების უფლება.
თუკი რამიშვილს სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს იმ მუხლებით, რომელსაც შსს ასახელებს, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს.
შსს-ის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, - ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას.
დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ბიზნესმენი დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც სხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდა.
„[სამართალდამცველებმა] გამგზავრების ტერმინალში [გიორგი რამიშვილის] ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს“, - აცხადებს შსს.
„დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა“, - წერია განცხადებაში.
სამინისტრო ასევე აზუსტებს, რომ „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“. ეს მუხლები გულისხმობს:
- ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო ან სპორტული იარაღის], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას – ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
- ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.
58 წლის გიორგი რამიშვილი არის კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ის ასევე არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე (2018 წლის ქორწინებაში).
გიორგი რამიშვილი გეგმავდა ბათუმში Trump Tower-ის აშენებას, თუმცა გარიგება 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩაიშალა.
- „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს - ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, - განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
- „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“
- „არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადეს კომპანიებმა.
განახლება: დღის ბოლოს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა რამიშვილის ოჯახის წევრის, დავით საყვარელიძის ნათქვამი, რომლის თანახმადაც „მომხდარს არ უნდა მიენიჭოს პოლიტიკური ელფერი, რადგან ეს იყო უბრალოდ დაუდევრობა და გიორგი რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღი ხელბარგში შემთხვევით ჩარჩა“.
ფორუმი