Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გუდრონი არ არის, იტალიური მასალაა“ - ძველი აბანოს სახურავის გამო გამოძიება დაიწყო


„სამეფო აბანოს“ სახურავი, 20 აგვისტო, 2025 წელი.
„სამეფო აბანოს“ სახურავი, 20 აგვისტო, 2025 წელი.

აბანოთუბანში, ძველი აბანოების სახურავზე ჩატარებული სამუშაოების გამო თბილისის მერია პასუხისმგებლობას იხსნის - სამუშაოები ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, აცხადებენ მერიაში. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი გამოძიება დაიწყო.

„სამეფო აბანოს“ შავი სახურავის ფოტო ინტერნეტით 19 აგვისტოს გავრცელდა - ხალხი აღშფოთდა. ფოტო ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ საუკუნოვანი ძეგლი გუდრონით იყო დაფარული.

„გუდრონი არ არის, თბოიზოლაციაა“, - უთხრა „სამეფო აბანოს“ ადმინისტრატორმა სონია არუთინოვამ რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, აბანოში წყალი ჩამოდიოდა და ამიტომ ერთი კვირის წინ სახურავის გარემონტება გადაწყვიტეს, ახლა კი მერიამ სამუშაოები შეაჩერა.

„ამ აბანოს თავიდან რომ გაუკეთდა რესტავრაცია, მაშინაც მე ვიყავი საქმის მწარმოებელი, ე.წ. „პრარაბი“. 1978-1979 წლებში, პირველ თბილისობაზე აღადგინეს“, - ამბობს დავით სანიკიძე, აბანოს სახურავზე მომუშავე ხელოსნების ჯგუფის ხელმძღვანელი, - „10 წელია აბანო ისევ ჩვენ გვიკავშირდება. კერძო პირები ვართ, პერიოდულად ვატარებთ ამ სამუშაოებს. პირველად კი არ ვაკეთებთ ასე, ას კვადრატულ მეტრამდე უკვე გამოცვლილი გვაქვს, ახლა ორმოცი კვადრატული უნდა გამოვცვალოთ. ჯერ სპეციალური თერმოიზოლაცია ესხმება, შემდეგ ორ შრედ ტოლი მოდის. სულ ბოლოს ქართული, ძველი აგურით მოპირკეთდება. ნაყიდი გვაქვს უკვე აგური. ძველი შენობა დაშალეს ავლაბარში და იქ ვიყიდეთ 1500 ცალი. ახლა მხოლოდ საწყისი ფენაა დასხმული“.

სანიკიძე ამბობს რომ სამუშაოებისთვის იტალიურ „პრაიმერს“ იყენებდნენ და არა გუდრონს. სამშენებლო ტერმინების მოკლე განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, გუდრონი არის ბლანტი სითხე ან მყარი ასფალტისებრი შავი პროდუქტი, რომელიც რჩება ნავთობისგან სათბობი და საზეთი ფრაქციების გამოხდის შედეგად.

პრაიმერი, რომელიც ჰიდროიზოლაციისთვის გამოიყენება, როგორც წესი, ნავთობპროდუქტის ხსნარია სხვადასხვა მინარევით.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მესაკუთრემ აბანოებზე სამუშოები მუნიციპალიტეტთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე ჩაატარა, რის გამოც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ საქმის მოკვლევა დაიწყო. მესაკუთრეს დაევალა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებით, ძეგლი პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს.

„წყალი ჩამოდის და უნდა გავაკეთო, ასე არ გამოდის. მერიაში უნდა შეიტანოს პროექტი, იქ უნდა განიხილონ მეთოდოლოგია რამდენად შესაბამისია. ამის შემდეგ მისცემენ ნებართვას, ან არ მისცემენ“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი.

აბანოთუბანს, რომლის ნაწილია „სამეფო აბანო“, საუკუნოვანი ისტორია აქვს. XIII საუკუნის ისტორიული ცნობების თანახმად, თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. დროთა განმავლობაში ბევრი მათგანი დაინგრა. ის, რაც დღემდე არის შემორჩენილი ძირითადად XVII–XVIII საუკუნეებში სპარსული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი.

„სამეფო აბანოს“ საიტზე ვკითხულობთ, რომ ეს სახელი მისთვის სიმბოლურად არ შეურჩევიათ. გადმოცემის თანახმად, აქ ხშირად დადიოდა ერეკლე მეორე. მაღალი რანგის სტუმრები აბანოს არც მერე აკლდა.

აბანო დღემდე მოქმედია და ღიაა როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG