მონარქიის გაუქმება
„გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავზე იღებდა ქართლ-კახეთის მფარველობას, მაგრამ სწორედ მან გააუქმა მონარქია საქართველოში.
ქართლ-კახეთის ბოლო მეფე გიორგი მეთორმეტე 1800 წელს 53 წლისა გარდაიცვალა. ამის შემდეგ, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა, 1810 წელს კი იმერეთის სამეფოც მიაყოლა.
ქართველი თავადაზნაურები სიონის ტაძარში შეკრიბეს, ტაძარს გარშემო ჯარი შემოარტყეს და შეკრებილებს სამეფოს გაუქმების შესახებ იმპერატორის ბრძანება გამოუცხადეს.
თავადაზნაურების ნაწილმა ალყა გაარღვია, კახეთში წავიდნენ და იქ "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობების აღდგენა მოითხოვეს - ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებლობა საშინაო საკითხებში. დაუმორჩილებლობის მცირე თუ დიდმა კერებმა ვერაფერს მიაღწია, საქართველოში მონარქია აღარ აღდგენილა, სამეფო ოჯახის წევრები და ტახტის თითქმის ყველა შესაძლო მემკვიდრე ნელ-ნელა რუსეთში გადაასახლეს.
გაუქმებული ავტოკეფალია
მონარქიის გაუქმებიდან ათიოდე წელში, 1811 წელს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა ბრძანება და გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მას ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროიდან ჰქონდა.
მაშინ საქართველოს პატრიარქი ანტონ მეორე იყო, ერეკლე მეორის შვილი, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი. ისიც რუსეთში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.
საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი და რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. ავტოკეფალიის აღდგენა საქართველომ თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, 1917 წელს მოახერხა.
თუმცა საქართველოს ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლი დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა. 1979 წლის მაისში პატრიარქი ილია მეორე დელეგაციით ეწვია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს და მოითხოვა, ეს საკითხი განეხილათ. 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქო ცენტრმა მიიღო დადგენილება: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობის შესახებ.
საქართველოს დაკარგული საგანძური
საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ტაძრები უმოწყალოდ იძარცვებოდა. ძვირფასი ხატები, ძველი ხელნაწერები გაჰქონდათ რუსეთში, საიდანაც ნაწილი შემდეგ კერძო კოლექციონერების ხელში აღმოჩნდა, ნაწილი - რუსეთისა და სხვა ქვეყნების მუზეუმებში. ნაწილის კვალი საერთოდ დაკარგულია.
„1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია... ამას ემატება ქართული მონასტრებისა და სალოცავების ძარცვა. ნაძარცვი ათეულობით მილიონობით მანეთს შეადგენს. ხაზინამ წაიღო 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება...“ - ასე აღწერს ნიკოლოზ დურნოვო ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვას თავის ნაშრომში „ქართული ეკლესიის ბედი“.
მოგვიანებით ამ განძეულობიდან ნაწილს მიაგნო და საქართველოში დააბრუნა მეცნიერმა შალმა ამირანაშვილმა.
ქართული ენის დევნა
რუსული გავლენის გაძლიერების კვალდაკვალ, სულ უფრო იდევნებოდა ქართული ენა სასწავლებლებში, გიმნაზიებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ტაძრებში. ეკლესიაში წირვა-ლოცვა რუსულად მიმდინარეობდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირს ჰქონდა სურვილი, შეეცვალა საქართველოს კონსტიტუცია და ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი მოეხსნა.
დღემდე რუსულად მიმდინარეობს საქმისწარმოება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
გასაბჭოება - საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას მთავრობის მეთაურობით მხოლოდ სამ წელს იარსება. 2021 წლის 25 თებერვალს საქართველოში შემოვიდა რუსეთის ჯარი, თბილისის მისადგომებთან გამართულმა ბრძოლებმა ბევრის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ რუსულმა არმიამ დედაქალაქის აღება და საქართველოს ძალით გასაბჭოება მაინც შეძლო.
ნოე ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში გადაიხვეწა.
მუდმივი რეპრესიები
საბჭოთა კავშირის უწყვეტი, სასტიკი რეპრესიები არ ინდობს რეჟიმისთვის მიუღებელ ქართველებს - დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს, ინტელიგენციას, სასულიერო პირებს, მეწარმეებს (ე.წ. კულაკებს).
რეპრესიების შედეგად, განსაკუთრებით 1937 წელს, საქართველოში სიკვდილით დასაჯეს ათასობით ადამიანი, კიდევ უფრო მეტი კი გადაასახლეს და ქონება ჩამოართვეს.
70-წლიანი იზოლაცია
საბჭოთა კავშირთან შეერთების შემდეგ, საქართველო დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული აღმოჩნდა, რამაც 70 წლით უკან დასწია მისი განვითარება. ამ დროს განმავლობაში ქვეყანა მოწყვეტილი იყო ყველა იმ სიკეთეს, რომლებიც შეიძლება თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობით მიეღო. კომუნისტურმა წყობამ საქართველოს ეკონომიკას არ მისცა საშუალება კერძო სექტორის, კაპიტალიზმის აწყობისა და განვითარების, რაც დღემდე ჩანს ეკონომიკურ მდგომარეობასა და სიდუხჭირეში.
9 აპრილი
ეროვნული მოძრაობის პერიოდში, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაარბიეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით მომიტინგე. დაარბიეს ტანკებით, ალესილი ნიჩბებითა და მომწამვლელი გაზით. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა ქალები. ყველაზე უმცროსი მათ შორის მხოლოდ 16 წლის იყო. მოიწამლა ასობით ადამიანი.
ამ მოვლენიდან ერთი წლის თავზე, 1990 წლის 9 აპრილს, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
2008 წლის ომი
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი. 125 სოფელი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა. ბორდერიზაციის გამო ოკუპაციის მასშტაბი მუდმივად იზრდება.
აფხაზეთის ომი
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.
დღეს ცხინვალის რეგიონთან ერთად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
ფორუმი