Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტში „ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფი საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება


რა წერია „სუვერენულ ერთა ევროპის“ რეზოლუციის შესწორების პროექტში. გარეკანზე: შესწორების ავტორები, მილან უჰრიკი და ალექსანდერ სელი.
რა წერია „სუვერენულ ერთა ევროპის“ რეზოლუციის შესწორების პროექტში. გარეკანზე: შესწორების ავტორები, მილან უჰრიკი და ალექსანდერ სელი.

ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფი ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგება.

მეტიც, იგი ევროკავშირს მოუწოდებს, „საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით“, გადახედოს გაფართოების პოლიტიკას.

ეს ჯგუფია „სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN), ევროპარლამენტის ყველაზე მცირე და „ყველაზე რადიკალურად“ მიჩნეული ჯგუფი, რომლის გაცხადებული პოზიციაა: „რუსეთს მტრად არ მივიჩნევთ“.

  • მისი წევრები ევროპარლამენტში „ქართულ ოცნებას“ დაარსების დღიდან - 2024 წლიდან ესარჩლებიან;
  • ამ ჯგუფის წევრები, სხვებთან ერთად, არიან გერმანული AFD-ს („ალტერნატივა გერმანიისთვის“) წარმომადგენლები;
  • AFD გერმანიის ბუნდესტაგში ითხოვდა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ემხრობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებას.

მორიგი მკაცრი რეზოლუცია ევროპარლამენტში

ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის მორიგ რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც კვლავ ითხოვს „ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას“, „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას“, დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს - ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების ფონზე, - უწოდებს არათავისუფალსა და არასამართლიანს.

რეზოლუცია ეყრდნობა “საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს” - სადაც თავს იყრის ყველა მწვავე შეფასება თუ ფაქტი, რომლებზე ბოლო წლებში საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკობენ.

ანგარიში და რეზოლუცია ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა.

დებატები წუხელ, 8 ივლისს გაიმართა, კენჭისყრა კი დღესაა დაგეგმილი.

რეზოლუციაში რამდენიმე შესწორებაა შეტანილი.

ერთ-ერთი შესწორება ეკუთვნის „სუვერენულ ერთა ევროპას“ (ESN-ს), - პარტიას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხშირად ესარჩლება.

რას ითხოვს ESN-ი?

რეზოლუციის შესწორების პროექტით, "სუვერენულ ერთა ევროპა" მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა აღიაროს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, „დროებით შეაჩეროს“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „როგორც ეროვნული სუვერენიტეტის ლეგიტიმური გამოხატულება საგარეო პოლიტიკური ზეწოლის ფონზე“.

შესწორების თანახმად, ჯგუფი ასევე „პატივს სცემს საქართველოს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გადაფასებას კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“.

„სუვერენულ ერთა ევროპა“ მოუწოდებს ევროკავშირს, „პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციურ სისტემას და მის უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს ასოცირების შეთანხმების განხორციელება პოლიტიკური პირობითობების გარეშე“.

რეზოლუციის შესწორების პროექტის საკვანძო დეტალი შემდეგი ორი ფორმულირებაა, რომლის თანახმადაც ESN-ი

  • „მიესალმება შესაძლებლობას, გადახედოს ევროკავშირის გაფართოების მიდგომას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“;
  • „ეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას ევროპის კავშირში“.

ვინ არიან ავტორები?

ეს პარტია ასევე ითხოვს, რომ საქართველოში არსებული „პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარების“ მიზნით ახალი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, „თუ ამას საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის“.

ამასთან, „სუვერენულ ერთა ევროპა“ ასევე „აღიარებს საქართველოს მიერ ყველა მეზობელ ქვეყანასთან პრაგმატული ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობას რეგიონული სტაბილურობისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად“.

რეზოლუციის ამ შესწორების ავტორები არიან:

  • ალექსანდერ სელი - გერმანელი ევროპარლამენტარი, რომელიც წევრია პარტიისა „ალტერნატივა გერმანიისთვის“;
  • მილან უჰრიკი - სლოვაკი ევროპარლამენტარი, რომელიც ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე „მოძრაობა რესპუბლიკის“ (Hnutie Republika) წევრია.

„არ დავუჭერთ მხარს“ - იუკნევიჩიენე

მას შემდეგ, რაც რეზოლუციის პროექტი წარადგინა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გარდა, მისი მხარდამჭერი ESN-იც გააკრიტიკა.

იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ „რეჟიმი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ არავის ადარდებს ქართველი ხალხი“:

„სწორედ ამიტომაც, მათმა მეგობრებმა კრემლსა და ულტრამემარჯვენეებში შემოგვთავაზეს შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა მან და დასძინა:

„არა, ჩვენ ამას არ დავუჭერთ მხარს“.

რას წარმოადგენს ESN-ი?

„სუვერენულ ერთა ევროპა“, იგივე „სუვერენული ერების ევროპის ჯგუფი“, ევროპარლამენტის ყველაზე მცირე და „ყველაზე რადიკალურად“ მიჩნეული ჯგუფია.

იგი 2024 წლის ივლისში, ევროპარლამენტის უკანასკნელი არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

ჯგუფთან, რომელშიც 720-დან 26 ევროპარლამენტარი შედის, ევროპარლამენტის ძირითადი პარტიები არ თანამშრომლობენ რადიკალური პოზიციების გამო.

ამ პრაქტიკას ევროპაში „სანიტარულ დერეფანს” უწოდებენ - როცა ცენტრისტული პარტიები უარს ამბობენ იმათთან კოოპერაციაზე, ვისაც ექსტრემისტულად მიიჩნევენ.

ESN-ი აერთიანებს რვა ულტრამემარჯვენე პარტიას, მათ შორის „ალტერნატივას გერმანიისთვის“.

როგორც რადიო თავისუფლება წარსულშიც იუწყებოდა, იმის მაგალითი, თუ რას ფიქრობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, არის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტარ ჰანს ნოიჰოფის თანაპარტიელებმა გასული წლის ოქტომბერში ბუნდესტაგში წარადგინეს.

ამ რეზოლუციის პროექტით გერმანელი პოლიტიკოსები მოითხოვდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დამოუკიდებლობისკენ გზის გაკვალვას, საქართველოს ევროინტეგრაციის და, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

2025 წლის 5 მაისს, - მას შემდეგ, რაც AfD გერმანიაში ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადეს, - „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა:

„ეს [AfD] არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიპ სტეიტს“, იგივე „გლობალური ომის პარტიას“, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან „დიპ სტეიტს“ და მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ისევე, როგორც „ქართული ოცნება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG