17 ნოემბერს ჩეხეთსა და სლოვაკეთში „ხავერდოვან რევოლუციად“ წოდებული მოვლენების 25-ე წლისთავს აღნიშნავენ. ბერლინის კედლის დანგრევიდან მეცხრე დღეს პრაღაში ძალის გამოყენებით დაშალეს სტუდენტთა მშვიდობიანი დემონსტრაცია კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. მეორე დღეს გაიფიცნენ პრაღის თეატრების თანამშრომლები, ხოლო სტუდენტებმა ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების კამპუსები დაიკავეს. რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრანტთა რიცხვი უკვე ასიათასობით განიზომებოდა, ხოლო თვის ბოლოს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტი ლიდერები თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდნენ. დეკემბერში მოწყობილ არჩევნებში გაიმარჯვა დისიდენტმა დრამატურგმა ვაცლავ ჰაველმა, რითაც დაიწყო დემოკრატიის აღდგენის პროცესი.
1989 - ხავერდოვანი რევოლუცია

1
პირველი დემონსტრაციები 1989 წლის იანვარში გაიმართა. პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები პატივს მიაგებდნენ ჩეხი სტუდენტის იან პალახის ხსოვნას. 1969 წელს პალახმა თავი დაიწვა პრაღის ცენტრში, პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

2
დემონსტრაციები მოეწყო აგვისტოშიც, 1968 წლის მოვლენების 21-ე წლისთავზე. კომუნისტურ რეჟიმს პირველი ბზარები გაუჩნდა.

3
შემდეგი საპროტესტო აქცია გაიმართა 1989 წლის 28 ოქტომბერს, ჩეხოსლოვაკიის დაარსების 71-ე წლისთავზე. პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, დემონსტრანტები თავისუფლებასა და დემოკრატიას მოითხოვდნენ.

4
გარდამტეხი გამოდგა 1989 წლის 17 ნოემბრის დემონსტრაცია, უდიდესი საპროტესტო აქცია ბოლო 20 წლის განმავლობაში. ათასობით სტუდენტმა მოაწყო მშვიდობიანი მსვლელობა პრაღის ცენტრში, ვიდრე აქციის მონაწილეებს გზას გადაუღობავდა პოლიციის კორდონი.

5
სტუდენტები ანთებდნენ სანთლებს და გაიძახდნენ, ჩვენ შიშველი ხელებით მოვედითო (ანუ, შეუიარაღებელი ვართო). მაგრამ პოლიციის სპეცენაერთებმა აქციის მონაწილეებს ჯერ გასაქცევი გზები გადაუკეტეს, მერე კი მათზე იერიში მიიტანეს.

6
დემონსტრაციები სულ უფრო ხშირად იმართებოდა. 19 ნოემბერს პოლიციამ გადაკეტა ხიდი, რათა დემონსტრანტებისთვის საშუალება არ მიეცა, ასულიყვნენ პრაღის ჰრადზე (იმავე პრაღის კრემლზე), სადაც ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობდა.

7
ეს ფოტოც 19 ნოემბერს არის გადაღებული. დემონსტრანტებმა პოლიციელების წინაშე მუხლებზე დაიჩოქეს, მაგრამ ამ უკანასკნელებმა მაინც ძალას მიმართეს.

8
21 ნოემბერს პრაღის ქუჩებში 200 ათასზე მეტი კაცი გამოვიდა. ეს საპროტესტო დემონსტრაციების ზედიზედ მეხუთე დღე იყო.

9
24 ნოემბერს დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია. ვაცლავის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი შენობის აივნიდან შეკრებილთ მიმართა ცნობილმა დრამატურგმა და დისიდენტმა, ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა ვაცლავ ჰაველმა.

10
თანდათან საპროტესტო აქციების მონაწილეთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, დემონსტრაციები პრაღის ერთ-ერთ უდიდეს პარკში - ლეტნაში - გადაეტანათ. 26 ნოემბერს, ვაცლავ ჰაველისა და ოპოზიციის სხვა ლიდერთა გამოსვლების მოსასმენად, ამ პარკში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.