ამ ცნობას ხუთშაბათს ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.
ეს არის პირველი ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ აშშ-ში შეიქმნა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - რომლის შესახებაც ერთი დღით ადრე მედია იუწყებოდა, წყაროებზე დაყრდნობით. გავრცელებული ცნობებით, გეგმა შემუშავდა უკრაინის მონაწილეობის გარეშე, რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან კოორდინაციით. გავრცელებულ ცნობაში მოტანილი არ არის ინიციატივის დეტალები, არაა დაზუსტებული არც ის, საქმე მართლაც ეხება თუ არა 28 პუნქტისგან შემდგარ გეგმას, რომელიც უკრაინისგან სერიოზულ დათმობებს ითვალისწინებს - როგორც ამას მედია იუწყებოდა.
ცნობაში ნათქვამი არაა, რა პირობებში მიიღო ზელენსკიმ გეგმის პროექტი, თუმცა მანამდე იუწყებოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ხუთშაბათს კიევში ხვდებოდა აშშ-ის სამხედრო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს. ამ შეხვედრაზე მედია წერდა ახალი სამშვიდობო ინიციატივის კონტექსტში.
როგორც პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ვკითხულობთ, ზელენსკიმ "აღწერა პრინციპული საფუძვლები, რომლებიც ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია" და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგების საფუძველზე შეთანხმდა, იმუშაოს გეგმის პუნქტებზე, რათა "მიაღწიოს ომის ღირსეულ დასრულებას". განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას, დაასრულოს სისხლისღვრა და მზადაა, მშვიდობისთვის ითანამშრომლოს აშშ-სთან, ევროპასა და სხვა პარტნიორებთან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზელენსკი უახლოეს დღეებში აპირებს, გეგმის მთავარი პუნქტები პირადად ტრამპთან განიხილოს.
ფორუმი