Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ უკრაინაზე რუსეთის დრონების იერიშს მინიმუმ სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ქალაქ დნეპრზე რუსეთის იერიშის შედეგები. 18 ნოემბერი, 2025.
ქალაქ დნეპრზე რუსეთის იერიშის შედეგები. 18 ნოემბერი, 2025.

17-18 ნოემბრის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბა. იერიშები მიიტანეს დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქებზე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ჩერნიგოვის ოლქის სასაზღვრო ქალაქ გოროდნიაში დარტყმების შედეგად ორი ქალი დაიღუპა.

ადგილობრივი რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეგუბოვის თქმით, რუსეთის ძალებმა ასევე დაბომბეს ხარკოვის ოლქის ხუთი ქალაქი. მისი თქმით, ქალაქ ბერესტინში 17 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანი დაშავდა. დანგრეულ ნაგებობებს შორის არის ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები.

რუსულმა დრონებმა ღამით იერიში მიიტანეს ქალაქ დნეპრზე. ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა იმ შენობაზე, სადაც „სუსპილნე დნიპროსა“ და დნეპრის უკრაინული რადიოს ჟურნალისტები მუშაობენ. ამის შესახებ თავად მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია.

რედაქციაში ხანძარი გაჩნდა. იმ დროს შიგნით არავინ იმყოფებოდა. ტელეარხმა გამოაქვეყნა შენობის გარედან და შიგნიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს ზარალის მასშტაბები.

დნეპრზე რუსეთის იერიშის დროს ორი ადამიანი დაშავდა. დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვლადისლავ ჰაივანენკოს თქმით, ტელეარხის შენობის გარდა დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, მაღაზია და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ასევე გავრცელდა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამაროვისა და პავლოგრადის რაიონებში.

გარდა ამისა, „უკრზალიზნიცა“ იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის რკინიგზის ლიანდაგების დაზიანების შესახებ, რამაც გამოიწვია რამდენიმე მატარებლის მოძრაობის შეჩერება ან გადამისამართება.

რუსეთის ხელისუფლება და სამხედრო ლიდერები რეგულარულად უარყოფენ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმას. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება და სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის ქმედებები წინასწარ განზრახულია.


ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG