გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა სამოქალაქო აქტივისტი, თბილისში გამართული აქციების აქტიური მონაწილე მარიამ მეყანწიშვილი. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის სახლში 17 ოქტომბერს, დილით ადრე დააკავეს და ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.
დაკავებამდე ორი დღით ადრე მარიამ მეყანწიშვილი რუსთაველის გამზირზე მისულ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტენონს შეხვდა, გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა.
მარიამ მეყანწიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დააკავეს. 21 თებერვალს ის პოლიციამ „დაუმორჩილებლობისთვის“ დააკავა. ივლისში კი ის თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებისას დააკავეს. ის სასამართლომ 3500 ლარით დააჯარიმა.
კიდევ ერთი დაკავებულის, სიმონ მახარაძის შესახებ ავრცელებს ცნობას მისი ოჯახის წევრი. ის ამბობს, რომ მისი ბიძაშვილი ოზურგეთში, 17 ოქტომბერს, დილის შვიდის ნახევრისთვის, მასთან სახლში დააკავეს.
ახალგაზრდა კაცი აღწერს, როგორ დააკავეს სიმონ მახარაძე:
„მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი დაადვეს თავზე, ხალხო... მე არაო... 4 წლის ბავშვი იძახდა... სახლში შემოვარდნა არ აკმარეს, ხალხო, და ძაღლებს მოგიკლავო... ერთი ადამიანის დასაკავებლად... ტერორისტია? იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ და ამხელა სპეცოპერაცია ჩაატარა, ისე რომ არ გაითვალისწინა ბავშვები. ორი ბატალიონი შემოვარდა ავტომატებით..."
მოგვიანებით მედიასთან საუბარში "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დაკავებისას, მაშინ როცა ოჯახებში იმყოფებიან ბავშვებიც, სპეცრაზმის გამოყენების აუცილებლობაზე თქვა:
"4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი - ეს არის სამარცხვინო ტყუილი, ეს კადრი ნახეთ თქვენ, რომ 4 წლის ბავშვს იარაღი დაადეს? ადამიანები იმალებიან ერთი კვირის განმავლობაში და სპეცრაზმი სჭირდება, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები, რა თქმა უნდა სპეცრაზმის ჩართვა არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს დაკავება. მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი გაფრთხილება, ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა რომ იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის რა შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილება. აქედან გამომდინარე ყველა შეეგუოს იმას რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ".
ინფორმაცია ვრცელდება კიდევ 7 დაკავებულის შესახებ. ესენი, სავარაუდოდ, არიან:
- დავით ღურწკაია,
- გიორგი ტალახაძე,
- დავით გიუნაშვილი,
- თემურ ქურციკიძე,
- კახა კვაჭანტირაძე,
- მიხეილ და გიორგი თოლორაიები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ჯერჯერობით არ უდასტურებენ, რა საქმეზე და რამდენი ადამიანია დაკავებული.
4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
- 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
- 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
- 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში, საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ ღამეს მართავდა ბრიფინგებს და საზოგადოებას ატყობინებდა ხან 13, ხან 12, ხან 7 და ა.შ. 16 ოქტომბრის მონაცემებით, საორგანიზაციო კომიტეტის 5 წევრის გარდა, პოლიციას კიდევ 41 ადამიანი ჰყავდა დაკავებული.
ფორუმი