ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში ეხმაურებიან შედეგებს 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისა, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა.
შედეგების შეფასებისას, პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გიორგი შარაშიძემ დღეს, 6 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს, ამასთანავე თქვა, რომ "საბოლოო ჯამში დაზიანდა ქვეყანა. ბოიკოტმა გაიმარჯვა! საქართველო დამარცხდა!"
შარაშიძის თქმით, ეს ფურცელი ვერ გადაიფურცლება, თუ არ მოხდა შეცდომების აღიარება. შეცდომებად კი შემდეგ ქმედებებს მიიჩნევენ:
"გაყალბებული არჩევნების (იგულისხმება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები) შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებით პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რის ალტერნატივად დარჩა მხოლოდ ქუჩა. 2. საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ, რომ ბოიკოტი არ იყო პოლიტიკურად გამართლებული და სწორი გზა პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად. 3. ვერ გავიმარჯვეთ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც რევოლუციური და დამხობის სცენარებს ემხრობოდა. 4. და “ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვავიწყდა მთავარი - თუ არ დაამარცხე ნაცები, ვერ დაამარცხებ "ოცნებას". ამ ყველაფერმა მიგვიყვანა შედეგამდე, რომ თბილისში, სადაც მილიონი ამომრჩეველია, 215 ათასი ხმით თბილისის მერი გახდა ადამიანი, რომელმაც წინა არჩევნებზე თბილისი მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო".
პარტია აღიარებს "უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას" და აცხადებს, რომ ბრძოლას განახლებული გეგმით გააგრძელებენ.
„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ოცნება აქვთ - როგორმე გააქრონ პარტია "გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური ველიდან, რადგან ამ ორი რადიკალური ძალის ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება თუ ვინმეს შეუძლია, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდია. ბრძოლის ამ აუცილებლად გასავლელი ეტაპის შემდეგ, ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას", - თქვა პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, განახლებულ გეგმაში ხომ არ იგულისხმება საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა, შარაშიძემ უპასუხა:
"ვაღიარებთ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცაღა ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს - უახლოეს მომავალში გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ".
ამასთან, მისი თქმით, "მიუხედავად ამ გაყალბებული შედეგისა", მათი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში „გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი ამომრჩევლებისა და მოქალაქეების ინტერების დასაცავად“.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მიუკერძოებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიპოვა გამარჯვება, ზოგან - 100%-ით.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გერმანიაში იმყოფება, მისი პარტია "ლელოსთან" ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა.
პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები ამ დრომდე "რჩებოდნენ პოლიტიკური ბოიკოტის" რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულ პარლამენტში 12 დეპუტატი ჰყავთ. ისინი საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ, ამ ფორმალური მიზეზით პარლამენტმა გახარიას პარტიის წინამორბედ 12 დეპუტატს უკვე შეუწყვიტა უფლებამოსილება.
გიორგი გახარიამ, რომელიც გერმანიაში გაზაფხულიდან იმყოფება, "ტვ პირველთან" 1 აგვისტოს ინტერვიუში განაცხადა, რომ შეცდომა იყო პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტი. რამაც გააჩინა აღქმა, რომ პარტია პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას აპირებდა.
ამაზე პასუხად გიორგი შარაშიძემ რადიო თავისუფლებას მაშინ უთხრა, რომ "ერთია შეცდომის აღიარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გადახედვას ვაპირებთ“.
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დაემატა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.
ფორუმი