შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
შსს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს „შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში“. სხვა შემთხვევაში, „კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.
თბილისში დღეს 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებით „დღეს არის დიდგორი, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 602 445 (17,09%) ამომრჩეველი მივიდა.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია. პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს. 64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.
ფორუმი