მიუნხენის აეროპორტის ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამით ვერ შესრულდა 17 რეისი. შეფერხება 3000-მდე მგზავრს შეეხო.
მიუნხენის აეროპორტმა ვერ მიიღო 15 რეისი. ეს თვითმფრინავები შტუტგარტის, ნიურნბერგის, ფრანკფურტისა და ვენის აეროპორტებში გაგზავნეს.
პოლიციამ მიუნხენის აეროპორტის რაიონში დრონების გამოჩენის გამო გამოძიება დაიწყო.
2025 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში დრონების გამოჩენამ აეროპორტების მუშაობა შეაფერხა დანიასა და ნორვეგიაშიც. უპილოტო საფრენი აპარატების წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ინციდენტებთან კავშირი აქვს რუსეთს, რომელიც ამას უარყოფს.
სექტემბერში დრონებითა და რუსული გამანადგურებლებით თავიანთი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განაცხადეს პოლონეთმა, ესტონეთმა და რუმინეთმა.
28 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი ტანკერებს იყენებს ევროპის ქვეყნების მიმართულებით დრონების გასაშვებად და სამართავად, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ბალტიის და სხვა ზღვები დაიხუროს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებისთვის.
ფორუმი