13.44 - ზვიად რატიანი დარბაზს ათვალიერებს - აქ არიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები, გულშემატკივრები, მედია.
13.42 - მოცემულ შემთხვევში, ზვიად რატიანის მიერ პოლიციის თანამშრომლისთვის სილის ერთჯერადად გაწვნის ფაქტი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საერთო სასამართლოების სამართლებრივი პრაქტიკით დადგენილ და სისხლის სამართლის დოგმატიკით განსაზღვრულ თავდასხმის კრიტერიუმებს, რამდენადაც ბრალდებულის ქმედება არ წარმოადგენდა მაღალი ინტენსივობის მქონე, განსაკუთრებით აგრესიულ აქტს და მას არ შეუქმნია პოლიციელისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე. აღნიშნულს ადასტურებს სისხლის სამართლის საქმის მასალებიც.
13.41 - მაგალითისთვის, შეგვიძლია მივუთითოთ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი , რომლითაც ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შემდგომ ხელბორკილების მოხსნისთანავე ბრალდებული გახდა აგრესიული, ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიღო სკამი და შეეცადა ესროლა პოლიციის თანამშრომლის მიმართულებით, რისი საშუალებაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს და მოულოდნელად ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს ძლიერად ამოარტყა ფეხი საზარდულში, რის გამოც პატრულ-ინსპექტორი გახდა ცუდად. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასებით, პოლიციელზე თავდასხმად არ იქნა მიჩნეული ბრალდებულის მიერ დაზარალებულის სხეულზე განხორციელებული ერთჯერადი დარტყმა.
13.39 - შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ადგილი ჰქონდა თუ არა თავდასხმას და უშუალოდ რა ქმედებები შეიძლება შეფასდეს თავდასხმად. საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი სამართლებრივი პრაქტიკის მიხედვით, თავდასხმად უმეტესად მიიჩნევა მკვეთრად აგრესიული ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც არის უკიდურესად ინტენსიური და თავისი ხასიათის გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს თავდასხმად. ზემოხსენებულ განმარტებათა სისწორეს ადასტურებს სისხლის სამართლის კოდექსში სიტყვა თავდასხმის ექსკლუზიური გამოყენება ისეთ დანაშაულებთან, როგორიცაა მაგალითად ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მეკობრეობა, ტერორისტული აქტი.
ასევე, ყურადსაღებია, რომ სსკ-ის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი – სხვას.
ფორუმი