Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში გრძელდება რუსეთის მხარდაჭერით დესტაბილიზაციის მომზადების საქმის გამოძიება


მოლდოვის პოლიციამ 22 სექტემებრს განაცხადა, რომ განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას უკავშირდება
მოლდოვის პოლიციამ 22 სექტემებრს განაცხადა, რომ განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას უკავშირდება

მოლდოვის პოლიცია, პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური განაგრძობენ საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას ეხება.

რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ინფორმაციით, 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, დღეს, 22 სექტემბერს პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 250-ზე მეტი ჩხრეკა მიმდინარეობს. მათ შორის სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში.

პროევროპელი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მთავარი მეტოქის, პრორუსულად განწყობილი ძალების „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერმა, სოციალისტმა ექს-პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ ჩხრეკა მათ ოფისებშიც მიმდინარეობს. დოდონის თანახმად, მოლდოვის დღევანდელი ხელისუფლება ემზადება, რომ დამარცხების შემთხვევაში „არჩევნები გააუქმოს“.

დღესვე მოლდოვის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის და პროკურატურის თანამშრომლებმა კიშინიოვსა და სხვა ქალაქებში ჩაატარეს ჩხრეკა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვისა და პოლიტიკური ძალების უკანონოდ დაფინანსების საქმის ფარგლებში. დაკავებულია ერთი პირი.

ამავე საქმეზე 8 სექტემბერს 60 ჩხრეკა ჩატარდა და 15 პირი დააკავეს.

პრეზიდენტმა მაია სანდუმ ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის. კრემლში ეს ბრალდება, ტრადიციულად, უარყვეს

რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე სანდუმ 9 სექტემბერსაც ილაპარაკა ევროპარლამენტში გამოსვლისას.

მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებდა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამოც. 2024 წლის ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(45%).



ფორუმი

XS
SM
MD
LG