Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სანდუმ ევროპარლამენტს მიმართა: კრემლის მიზანი ნათელია - მას სურს საარჩევნო ყუთით დაიპყროს მოლდოვა


მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 9 სექტემბერი, 2025 წელი
მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 9 სექტემბერი, 2025 წელი

“წინსვლის ერთადერთი გზა არის ჩვენი დემოკრატიების კბილებით დაცვა - და მათი დაცვა ერთად”, - 9 სექტემბერს მოლდოვის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს.

მისი წარდგენისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მაია სანდუს ასეთი სიტყვებით მიმართა:

“მოხიბლულები ვართ თქვენი მიზანსწრაფულობით, სიმამაცითა და მოლდოვის ხალხისადმი მტკიცე ერთგულებით და თქვენი დაუღალავი შრომით მოლდოვის დემოკრატიის გზაზე გაძღოლისას. ჩვენ ერთიანნი ვართ მოლდოვისა და ევროკავშირის წევრობისკენ მისი დემოკრატიული გზის მხარდაჭერაში“.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მოლდოვის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 28 სექტემბერს იმართება, იქნება ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი და მისი შედეგი გადაწყვეტს, „სტაბილურ დემოკრატიად ვკონსოლიდირდებით“ თუ „რუსეთი დაგვაშორებს ევროპას“ - რითაც მოლდოვას აქცევს საფრთხედ ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე. სანდუმ ხაზი გაუსვა მოლდოვის გაკვეთილს და განაცხადა: „თუკი ჩვენი დემოკრატიის დაცვა შეუძლებელია, მაშინ ევროპაში არსად არის დემოკრატია დაცული“.

მოლდოვის პრეზიდენტმა ილაპარაკა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა არ ყოფილა სრულფასოვანი დემოკრატია, როცა ევროკავშირში გაწევრიანდა. იგივე ქვეყნები ებრძოდნენ დიქტატურას და ეკონომიკურ გაჭირვებას და “არცერთს არ გაუკეთებია ეს მარტოს”.

სანდუს განცხადებით, მოლდოვის რესპუბლიკისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ტექნოკრატიული პროცესი არ არის, “ეს არის შეჯიბრება დროსთან, რომ ჩვენი დემოკრატიის ღუზა ჩავუშვათ ევროკავშირში, სადაც ის დაცული იქნება ჩვენს წინაშე არსებული უდიდესი საფრთხის - რუსეთისგან”.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კონტექსტში, მაია სანდუმ ილაპარაკა რუსეთის ჰიბრიდულ ომზეც, “ისეთი მასშტაბისა, რომელიც უხილავი იყო უკრაინაში [რუსეთის] სრულმასშტაბიან შეჭრამდე”.

“კრემლის მიზანი ნათელია - მას სურს საარჩევნო ყუთით დაიპყროს მოლდოვა, გამოგვიყენოს ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ და გადაგვაქციოს ევროკავშირზე ჰიბრიდული თავდასხმების პლაცდარმად”, - სანდუს თქმით, “ამიტომაც არის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი. მისი დაცვით არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასაც ვიცავთ. მოლდოვა, შესაძლოა, იყოს საცდელი პოლიგონი, მაგრამ სამიზნე ევროპაა”.

28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რუსეთის მხრიდან გააქტიურებული ჰიბრიდული ომის ფონზე. მოლდოვაში 20 აგვისტოს ჩავიდა ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებელთა ჯგუფი. მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებლები კი 24 სექტემბერს ჩავლენ. ისინი დააკვირდებიან ამომრჩეველთა და კანდიდატების რეგისტრაციას, წინასაარჩევნო კამპანიასა და დაფინანსებას, არჩევნებთან დაკავშირებული დავების მიმდინარეობას. ეუთო/ოდირი აწარმოებს აგრეთვე მედიაში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე რაოდენობრივ და თვისებრივ დაკვირვებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG