Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ ყირიმში დრონებით შეტევა იყო სანატორიუმ „ფოროსზე“


ფოტო არქივიდან. სანატორიუმი „ფოროსი“ ყირიმში
ფოტო არქივიდან. სანატორიუმი „ფოროსი“ ყირიმში

დრონებით შეტევა იყო ანექსირებული ყირიმის იალტის რაიონის დაბა ფოროსზე, სადაც ამავე სახელწოდების სანატორიუმი მდებარეობს.

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ 21 სექტემბერს, ღამით განაცხადა ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა, 22 სექტემბერს, დაახლოებით ღამის ორი საათისთვის კი მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ფოროსის რაიონში დაიღუპა 3 და დაიჭრა 16 ადამიანი.

აქსიონოვის თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგად სანატორიუმ „ფოროსის“ ტერიტორიაზე დაზიანდა რამდენიმე ობიექტი. რა ობიექტებია ეს, ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურს არ დაუკონკრეტებია. აქსიონოვის ცნობითვე, დაბაში დაზიანებულია სკოლის შენობაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 21 სექტემბერს, გვიან ღამით განაცხადა, რომ დაახლოებით საღამოს რვის ნახევრისთვის „კიევის რეჟიმმა მიზანმიმართული ტერორისტული შეტევა მიიტანა" ყირიმის „საკურორტო ზონაზე, სადაც არანაირი სამხედრო ობიექტები არ არის".

ტელეგრამ-არხმა „კრიმსკი ვეტერ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სანატორიუმ „ფოროსში“ იმყოფებოდნენ „ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები“. ვინ, წყაროს არ დაუკონკრეტებია. დრონებით შეტევამდე სანატორიუმმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 21 სექტემბერს მისი რესტორანი დაკეტილია სპეცმომსახურების გამო.

განახლება: 22 სექტემბერს, დღის 12 საათისთვის ქალაქ იალტის დე ფაქტო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ საავადმყოფოშია 12 დაჭრილი, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. ამ ცნობის თანახმად, დაჭრილები, რომელთა შორის ბელარუსის მოქალაქეებიც არიან, შეტევის დროს ფოროსის სანაპიროზე იმყოფებოდნენ.

უკრაინას დაბა ფოროსზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ. რეალიის“ ინფორმაციით, დაბა ფოროსსა და ქალაქ იალტას შორის ამჟამად მდებარეობს ოთხი სახელმწიფო აგარაკი, რომლებსაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა იყენებს.

რუსული გამოცემის, „პროექტის“ გამოძიების თანახმად, ამ აგარაკებიდან ორს პირადად პუტინი იყენებს.

1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი ოჯახთან ერთად გადაიყვანეს დაბა ფოროსთან მდებარე სამთავრობო აგარაკზე. ეს აგარაკი 1980-იანი წლების ბოლოს აშენდა და „გორბაჩოვის აგარაკის" სახლით იყო ცნობილი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აგარაკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცა, ხოლო 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG