ამის შესახებ ზელენსკიმ 20 სექტემბერს, თავის ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ კვირაში, გაეროს მეოთხმოცე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ის გეგმავს შეხვდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუმცა ვაშინგტონს ეს შეხვედრა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
„ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის დამტკიცებასთან ახლოს ვართ. რუსეთის ენერგორესურსებზე შეზღუდვები უკვე დაწესებულია. მადლიერი ვარ, რომ ამ პაკეტში გათვალისწინებულია ბევრი უკრაინულის თხოვნა. ახლა მოველი, რომ შეერთებული შტატებიც გადადგამს ძლიერ ნაბიჯებს - ევროპამ თავისი გააკეთა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესებას ელოდება იმ შემთხვევაშიც, თუ არ შედგება ლიდერებს შორის შეხვედრა ან თუკი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ მიიღწევა.
ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა მზადყოფნა რუსეთთან უშუალო მოლაპარაკებებისთვის: „ჩვენ მზად ვართ პუტინთან შეხვედრისთვის - ორმხრივად თუ სამმხრივად. თუმცა [პუტინი] არ არის მზად“.
მან სამმხრივ ფორმატში ტრამპის შესაძლო ჩართვაც არ გამორიცხა.
ტრამპი, რომელსაც ხშირად გამოუხატავს სიმპათია რუსეთის ლიდერის მიმართ, ბოლო პერიოდში უკმაყოფილებას გამოთქვამს პუტინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის უარყოფისა და ზელენსკისთან პირდაპირი დიალოგის თავიდან აცილების გამო.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებული მასიური შეტევების ფონზე და მოსკოვის მიმართ ახალი სანქციების ან ტარიფების დაწესებაც განიხილა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა.
უკვე მოქმედი სანქციები, რომლებიც აშშ-სა და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესეს, მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის შესუსტებას. თუმცა კიევი და მისი დასავლელი მხარდამჭერები მეტ აქტიურობას მოითხოვენ.
ზელენსკის განცხადებები გავრცელდა ნატოს საზღვართან მიმდინარე სამხედრო და საჰაერო ინციდენტების ფონზე.
20 სექტემბერს პოლონეთისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ავიაცია დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
რუსეთის ეს თავდასხმები მას შემდეგ განახორციელა, რაც წინა დღეს ნატომ დაგმო რუსული ავიაციის შეჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, ასევე - დრონების შეღწევის შემთხვევები პოლონეთსა და რუმინეთში.
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პავლმა განაცხადა, რომ ნატომ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის დარღვევებზე - მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებით.
„რუსეთი სწრაფად მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და გადააბიჯა მისაღებ საზღვრებს. ეს უკვე კონფლიქტის ზღვარია, თუმცა ბოროტების წინაშე დანებება შეუძლებელია“, - აღნიშნა მან. ინფორმაცია ამის შესახებ ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.
ფორუმი