Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებები ვოლგოგრადში და კიევის ოლქში - რუსეთი და უკრაინა დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან


ფოტო არქივიდან. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
ფოტო არქივიდან. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

18 სექტემბერს აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში. შუაღამის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინულ უპილოტო საფრენი აპარატების მასირებულ შეტევას იგერიებენ.

სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები სულ მცირე ხუთი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ. დროებით დახურეს ვოლგოგრადის აეროპორტი.

ტელეგრამ-არხ „ვოლგოგრადის“ ინფორმაციით, ქალაქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „განსაკუთრებული რეჟიმი“ ამოქმედდა.

დილის ცხრის ნახევრისთვის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „მასირებული შეტევა მოგერიებულია“ და დრონების ნამსხვრევებმა ორი კერძო სახლი დააზიანეს ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონში. ქალაქის ამ რაიონში მდებარეობს არაერთი საწარმო, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც.

კომპანია „ლუკოილის“ ამ ქარხანაზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ მიიტანეს დრონებით შეტევა, მათ შორის 2025 წლის აგვისტოშიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 სექტემბერს, დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურეს 43 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 11 - ვოლგოგრადის ოლქში. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.

შუაღამის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინაზეც.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია ბორისპოლის რაიონში მდებარე საწყობებში. კონკრეტულად რა საწყობებია ეს, ადმინისტრაციას არ უთქვამს. მისივე ცნობით, ბუჩის რაიონში ხანძარი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას და ერთი სახლი დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 75 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან ვერ მოხერხდა 26-ის მოგერიება და პირდაპირი დარტყმა იყო 6 ადგილზე. სარდლობა კონკრეტულ ადგილებს არ ასახელებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG