Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის - გახარია


ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოდან 2025 წლის გაზაფხულზე წავიდა - პარლამენტმა მისი პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები 2025 წლის ივლისში გაუუქმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოდან 2025 წლის გაზაფხულზე წავიდა - პარლამენტმა მისი პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები 2025 წლის ივლისში გაუუქმა.

მოკლედ

  • ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის, "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია "ტვ პირველთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო;
  • ის ასევე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.
  • გახარია "ძალიან მნიშვნელოვნად" მიიჩნევს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

"ქართული ოცნების" გუნდის ყოფილი წევრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 2025 წლის გაზაფხულიდან გერმანიაში იმყოფება, "ტვ პირველთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო.

"არცერთ შემთხვევაში ეს არ არის პოლიტიკური თავშესაფარი. პოლიტიკურ თავშესაფარზე ჩვენ არ ვსაუბრობთ - ამისგან უნდათ რაღაც მითის შექმნა. ეს არის მუშაობის უფლება, ეს მუშაობაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ეს მუშაობა იქნება დაკავშირებული ექსპერტულ საქმიანობასთან ევროინტეგრაციის და ევროკავშირის გაფართოების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ყველაფერი იქნება საქართველოს ირგვლივ", - ამბობს ის და აზუსტებს: "რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან მათ შორის, რა თქმა უნდა, მე ყველა ის ფორმალური პროცედურები უნდა დავიცვა, რომელიც მაძლევს ევროპაში ხანგრძლივად დარჩენის და მოღვაწეობის საშუალებას."

გიორგი გახარიამ კატეგორიულად განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს და ამაში გასაკვირი არაფერია. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი გერმანიაში წასვლის შემდეგ ბერლინში ცხოვრობს. გახარია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ევროპაში დაპატიმრების შიშის გამო არ წასულა და ამბობს, რომ მისი დაკავების რესურსი ყოფილ თანაპარტიელებს არ აქვთ, რადგან ეს "მარტივი საქმე არ არის".

"მე არ ვთვლი, რომ "ოცნებას" აქვს დღეს რესურსი, მე დამიჭიროს. მე არ ვთვლი, რომ "ოცნებას" აქვს რესურსი, გიორგი გახარია დააპატიმროს, მაგრამ იმის რესურსი, რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა, როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს", - თქვა მან. მისი განმარტებით, სირთულეები, რომლებიც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ შეუქმნას, არის საქართველოს დატოვების შეზღუდვა, გამოკითხვებზე დაბარება და ამით მისი მადისკრედიტებელი კამპანიების აგორება. მისი თქმით, არც გერმანიაში ყოფნაა ადვილი, მაგრამ საქართველოში უფრო მეტად იქნება შეზღუდული.

გიორგი გახარიას პარტია ერთ-ერთი იყო იმ ოთხი პოლიტიკური ძალიდან, რომლებმაც 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს. პარტიის წევრებს მანდატებზე საკუთარი ნებით უარი არ უთქვამთ, თუმცა არც საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩართულან, რის გამოც 2025 წლის ზაფხულში მათ მანდატები გაუუქმდათ.

პარტია "საქართველოსთვის" "ლელოსთან" ერთად მონაწილეობს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. თბილისში "ლელო" და გახარიას პარტია საერთო კანდიდატით არიან წარმოდგენილი - თბილისის მერობის მათი კანდიდატი "ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძეა. პარტია "ლელოს" ორივე დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაპატიმრებული არიან. ისინი ციხეს 2026 წლის დასაწყისში დატოვებენ.

გიორგი გახარია შეცდომად მიიჩნევს პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტს.

"ჩვენ ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი - შევძლებთ ამის გამოყენებას თუ ვერა, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელიც შეიქმნება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.

ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა და ოპოზიციის შეცდომებმა ქვეყანა დააყენა მდგომარეობაში, როდესაც 4 ოქტომბრის არჩევნები ასე ჩატარდება თუ ისე ჩატარდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყანას უფრო დიდი გამოწვევები აქვს", - ამბობს გიორგი გახარია ბერლინიდან. ის აკრიტიკებს მათ, ვინც 2024 წლის არჩევნებში ბიზნესიდან პოლიტიკურ პროცესში იყვნენ ჩართული, მათ შორის პარტიების დაფინანსებით და კითხულობს, სად არიან ახლა ეს ადამიანები. ერთ-ერთი, ვისაც მისი კრიტიკა მიემართება, გახარიას თქმით, არის ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომლის ფონდიც პროკურატურამ 2025 წლის გაზაფხულზე დააყადაღა.

გახარია შეცდომად მიიჩნევს 4 ოქტომბრის მონიშვნას გამარჯვების თარიღად და ასევე ამბობს, რომ როგორც ქართულმა ოპოზიციამ, ისე ევროპამ "საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა წააგეს."

"ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ არ იციან ეროვნული ცნობიერება რა არის, ადამიანები, რომლებსაც წლების წინ თვითონ შეჰქონდათ კონსტიტუციაში მუხლები, რომლებსაც დღეს ებრძვიან, ეს ადამიანები დღეს ჩვენ ტრადიციულ ღირებულებებზე ბრძოლას გვიგებენ და კონსერვატიზმს გვასწავლიან.

"დედა დედაა" და ომის შიშით ჩვენ საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა წავაგეთ.

ასევე მაშინ, როდესაც "ოცნებას" აქვს ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებში და ეს არის დაახლოებით 30-35% და მაშინ, როდესაც სახელმწიფოზე ეფექტური კონტროლი აქვთ მათ, ნებისმიერი საუბარი ამბოხზე, რევოლუციაზე, მშვიდობიანზე- არამშვიდობიანზე, არის სისულელე და ტყუილი. ჩვენი მიზანი არის "ოცნება" შევასუსტოთ", - თქვა მან და იქვე განმარტა, რომ სანამ "ოცნების" მხარდამჭერების რაოდენობა 20%-ზე არ ჩამოვა, მანამდე ამგვარი საუბრებით მხოლოდ "სულელები" ან "სასარგებლო იდიოტები" იქნებიან დაკავებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG