Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (26/08/2025)

დღევანდელ სასამართლოზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან მათი გამოსვლების ტექსტური ნაწილი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასამართლოში მიმდინარე პროცესები რეალურ დროში ამ ლაივბლოგში დაიწერება

13:57 26.8.2025

რუსუდან აგურაშვილი პუნქტობრივად ჩამოთვლის, რა მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა პროკურატურას, რომ ბრალდება დაედასტურებინა:

1. ლუკა ჯაბუას წარსული ნაცნობობის ფაქტი რომელიმე ბრალდებულთან;
2. ლუკა ჯაბუასა და ბრალდებულების წინასწარ შეკავშირების ფაქტი;
3.ლუკა ჯაბუას მიერ, ბრალად წარდგენილი ქმედების ვინმეს (ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის) მითითებით შესრულების ფაქტი;
4.ლუკა ჯაბუას მხრიდან, 29 ნოემბერს, აქციაზე კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილზე ვინმეს (ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის) მითითებით ყოფნის ფაქტი;
5.ორგანიზატორის ან ხელმღვანელის არსებობის ფაქტი;
6.ლუკა ჯაბუასა და ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის კავშირის დამადასტურებელი ფაქტი.


13:56 26.8.2025

“ ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის და მითითებების შემსრულებელი პირთა არსებობის გარეშე”, - ეს არის ამონარიდი სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან, რომელიც ადვოკატმა, რუსუდან აგურაშვილმა სასამართლოში მოიხმო.

მან დასვა კითხვა: მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ბრალდების მხარის მხრიდან იქნა თუ არა წარმოდგენილი რომელიმე მტკიცებულება ან მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცებდა ბრალდებულების მხრიდან ორგანიზებული ჯგუფური ხასიათის ქმედების განხორციელებას?

13:53 26.8.2025

მისი დაკვირვებით, პროკურორები სხდომებზე ერიდებოდნენ „სიტყვის“ ჯგუფური ძალადობის გამოყენებას, არადა ისინი ბრალდებულებს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

როგორია ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული? - ადვოკატი განმარტავს, რომ “დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად...”.

13:52 26.8.2025

ლუკა ჯაბუას ადვოკატი, რუსუდან აგურაშვილი იხსენებს, რომ არაერთი დავა და დისკუსია ყოფილა დაცვის და ბრალდების მხარეს შორის, თუ კონკრეტულად რომელი ფორმის ჯგუფს ედავებოდა პროკურატურა ბრალდებულებს.

„წესით, აღნიშნული დავა საერთოდ არც უნდა წამოწეულიყო, ვინაიდან მუხლის სახელწოდებიდან და დისპოზიციიდან გამომდინარეც ცხადია, ჯგუფურობის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურორებისგან მუდმივად არაერთგვაროვანი განმარტება და ფრაზები გვესმოდა აღნიშნულთან დაკავშირებით", - აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი არეგულირებს ჯგუფურ დანაშაულს, რომლის პირველი და მეორე ნაწილიც მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის მიზნებისათვის ჯგუფი შეიძლება იყოს წინასწარ შეთანხმებული და წინასწარ შეუთანხმებელი.

„როდესაც დაცვის მხარე, აღნიშნული სასამართლო დავის დაწყებიდანვე, სვამდა კითხვას, თუ როგორ შეიძლება ჯგუფი ეწოდოს ადამიანთა ერთობას, რომლებმაც ერთმანეთი პირველად ნახეს სასამართლო პროცესზე, და მანამდე ერთმანეთის არსებობის შესახებაც კი არ ჰქონდათ ინფორმაცია, საერთოდ რომ თავი დავანებოთ ნაცნობობისა და კონტაქტის კომპონენტს, პროკურატურა გვპასუხობდა, რომ ჯგუფის არსებობისთვის არ არის აუცილებელი წინასწარ შეთანხმება და რომ შესაძლებელია წინასწარ შეუთანხმებელ ჯგუფთანაც გვქონდეს საქმე", - აცხადებს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG