Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (25/08/2025)

დასკვნითი სიტყვების ეტაპი - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ისინი უკვე მზად არიან ამისთვის.

12:57 25.8.2025

აიჰან ჰასანლის თქმით, წარმოდგენილი საქმის მასალა და გამომძიებლის ჩვენება ადასტურებს, რომ:
1. გამოძიებისას არ ყოფილა შესწავლილი უდანაშაულობის ვერსია;
2. არ ყოფილა გადამოწმებული ალტერნატიული ჰიპოთეზები, როგორიცაა ინსაფ ალიევის შემთხვევის ადგილზე ყოფნა;
3. კონკრეტული გამამართლებელი მტკიცებულება, რომელიც ინსაფ ალიევის უდანაშაულობის დადასტურებისკენ იყო მიმართული;
4. არც ერთი მაგალითი, სადაც გამოძიება ცდილობდა მის მიერ შეთავაზებული ვერსიის, რომ ბრალდებულს არ მიუღია მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, გადამოწმებას;
5. არ ყოფილა ალტერნატიული სცენარების განხილვა, რაც იყო გამოძიების პირდაპირი ვალდებულება.

ამის შემდეგ ადვოკატი ასკვნის, რომ „გამოძიება თავიდანვე მიზანმიმართულად იყო ფოკუსირებული ბრალდებულის დადანაშაულებაზე, ხოლო მის შესაძლო უდანაშაულობაზე და დამამტკიცებელი გარემოებების მოძიებაზე არც დაინტერესებულა. ეს კი არღვევს გამოძიების მიუკერძოებლობის პრინციპს, რომელიც მოითხოვს როგორც გამამტყუნებელი, ასევე გამამართლებელი გარემოებების თანაბარ და სრულყოფილ გამოკვლევას"

12:59 25.8.2025

აიჰან ჰასანლი ამბობს, რომ 5-საათიანი ვიდეომასალის დათვალიერების შედეგად შედგენილია მხოლოდ ერთი შინაარსობრივი წინადადება.

მისი თქმით, ვიდეოზე არ არის ნაჩვენები შემდეგი არსებითი გარემოებები:
– რას აკეთებს პირი კონკრეტულ დროს?
– მოქმედებს თუ არა ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, თუ დამოუკიდებლად?
– შედის თუ არა კომუნიკაციაში ვინმესთან?
– ჩანს თუ არა კონკრეტულ მომენტებში სხვა პირები?
– დასრულებულია თუ არა ვიდეო და რომელ წუთსა და წამზე მთავრდება?
– რას აკეთებს ინსაფ ალიევი სხვადასხვა მონაკვეთებში?

ადვოკატი: „ვერც ერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი. ასევე არ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: რატომ ჩატარდა ვიდეოს დათვალიერება მხოლოდ იმის დასადგენად, იყო თუ არა იქ ინსაფ ალიევი და არა იმისთვის, რომ დაფიქსირებულიყო მისი ქმედებები და სხვა გარემოებები.

დარწმუნებული ვარ, მათ შორის ბრალდების მხარეც დაეთანხმება, რომ 5-საათიანი ვიდეოს დათვალიერების შედეგად შედგენილი ერთწინადადებიანი ოქმი ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სრულყოფილი და ობიექტური დათვალიერება".

13:00 25.8.2025

მეორე დათვალიერების ოქმი უფრო საშინელებაა", - ამბობს ადვოკატი და აგრძელებს:

„მანდ წერია, რომ ამა და ამ მონაკვეთში ჩანან ინსაფ ალიევი და თორნიკე გოშაძე და მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები.

პირველი კითხვა: რას ნიშნავს „დანაშაულებრივი ქმედებები“?

მეორე: ვინ განსაზღვრავს, რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი?

მესამე: დათვალიერების შემდგენლის ვალდებულებაა, რომ აღწეროს ობიექტურად და დეტალურად და მისი განხილვა და შეფასება მოხდეს სასამართლოში, თუ მისი ვალდებულებაა, შეაფასოს, რა არის დანაშაულებრივი და რა არა?

და მთავარი: რას აკეთებენ ის პირები? და მეორე ვიდეოსთვის აქტუალური კითხვებზე პასუხი ვერც ამ დათვალიერების ოქმში ვიღებთ", - ამბობს აიჰან ჰასანლი.

13:01 25.8.2025

ადვოკატისთვის ეს ქმედებებიც წინასწარ გასაზღვრული და მიზანმიმართულია და არა გამოძიების წესებიდან ნაკარნახევი:

„შესაბამისად, გამომძიებელმა დაჯდა, თავისი გემოვნებით უყურა ვიდეოს და დაწერა ის, რაც საჭიროდ ჩათვალა, თითქოს არ არსებობს საპროცესო კოდექსი და ამას უწოდებს დათვალიერების ოქმი.

ეს არა მხოლოდ არაინფორმაციულია, არამედ სამართლებრივად სამარცხვინოა, რომ ასეთი დოკუმენტი თანდართული იყოს სისხლის სამართლის საქმეზე", - ამბობს ის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG