რაც შეეხება ბრალდებულებთან კომუნიკაციას, ადვოკატის თქმით, ვიდეოში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კომუნიკაცია სხვა პირებთან, მითითების მიღება ან შესრულება, შეთანხმებული ან კოორდინირებული მოქმედება. არ ჩანს რაიმე სახის საკომუნიკაციო საშუალებეის გამოყენების ფაქტი.
„არც ერთ ვიდეომასალაში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კოორდინაცია სხვა პირებთან. შესაბამისად, ვიდეომტკიცებულებები რეალურად არ ამყარებს ბრალდების მხარის ვერსიას, არამედ ადასტურებს და აძლიერებს დაცვის მხარის პოზიციას, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით", - ამბობს აიჰან ჰასანლი.
აიჰან ჰასანლი ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ინსაფ ალიევმა გამოიყენა იარაღი, რომელსაც აქვს/ჰქონდა დაზიანების ან განადგურების უნარი.
მისივე თქმით, მთავარმა გამომძიებელმაც დაადასტურა, რომ, არ ჩატარებულა ესპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულს ხელში ეჭირა რაიმე საგანი, რომელსაც ჰქონდა დაზიანების ან განადგურების უნარი.
ის არგუმენტად იყენებს მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ჩვენებას, რა დროსაც ხუნაშვილმა თქვა, რომ საქმეზე დადგენილი არ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, თუმცა, შესაძლოა (ანუ ჰიპოტეზაა) ალიევი იცნობდეს მას.
მან თქვა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ბრალდებულს ფიზიკურად უძალადია ვინმეზე ან მიუყენებია ზიანი სხვისი ქონებისთვის.
„არც ვიდეოჩანაწერში და არც მოწმეების ჩვენებებში არ იკვეთება კონკრეტული დაზიანების ან განადგურების ფაქტი ბრალდებულის მონაწილეობით", - ამბობს ის.
ინსაფ ალიევმა ქართული არ იცის, ის აზერბაიჯანულად საუბრობს. შესაბამისად, ადვოკატი სვამს კითხვას, როგორ მონაწილეობდა ალიევი ორგანიზებულ ქმედებებში?
მას მაგალითად მოჰყავს პროკურატურის მტკიცებულება, ზვიად ცეცხლაძის ვიდეო[რომელსაც საქმის მასალებში ხმა არ აქვს] და სვამს კითხვას, ვის შეიძლება გადაეთარგმნა ინსაფ ალიევისთვის მისი შინაარსი, თუ დავუშვებთ, რომ პროკურატურის მტკიცება ორგანიზებაზე სწორია?
„აღნიშნული ვიდეო ვერ ითვლება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ბრალდებულს ჰქონდა განზრახვა ან ცოდნა კონკრეტული მოწოდების ან კონტექსტის შესახებ", - აცხადებს ადვოკატი.
აიჰან ჰასანლის თქმით, საკითხზე გამოკითხული ყველა მოწმე ადასტურებს, რომ მათთვის არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვისგან არის მიღებული დაზიანება, და თანხმდებიან, რომ ბრალდებულების მხრიდან ზიანის მიღება ვერ დაუდასტურებიათ. შესაბამისად, ბრალდებულებსა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი რეალურად არ იკვეთება, რაც მტკიცების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
ამას გარდა, ის ფიქრობს, რომ ზიანის დადგენის მეთოდოლოგიას პრობლემები აქვს.
„ზიანის დადგენა განხორციელდა მხოლოდ ახლის ღირებულების მიხედვით, რაც არ ასახავს რეალურ დანაკარგს და არღვევს ზიანის ანაზღაურების პროპორციულობის პრინციპს", - აცხადებს ადვოკატი. ამას გარდა, „ვერ დგინდება უშუალო მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის ქმედებებსა და კონკრეტულ ზიანს შორის".
„ზიანის დადგენა ეფუძნება გადაუმოწმებელ, სუსტ და არასაკმარის საფუძველს“, - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი