ადვოკატი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოწმეების რუსთაველის გამზირზე ყოფნას და ამბობს, რომ ეს უტყუარად დადასტურებული არ არის.
„სისხლდენის ფაქტიც არავის დაუდასტურებია. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც სისხლიანი ტანსაცმელი, არც ფოტომასალა, არც მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი იმყოფებოდა ადგილზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ან დაზიანების ფაქტი შეინიშნა", - აცხადებს აიჰან ჰასანლი.
ალიევის ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს დაზარალებულად ცნობის სტანდარტს.
ამ კანონის თანახმად კი მისთვის გაუგებარია, რა პრინციპით არიან კონკრეტული პირები დაზარალებულად ცნობილი.
„თუ შემთხვევით, ქუჩაში სიარულისას, ქვა დამეცემა თავზე, მე არ მცნობენ დაზარალებულად ?, თუკი ჩემს დაზიანებას არ აქვს კავშირი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან.
ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც ვერ ადასტურებენ რაიმე ფაქტს, რა საფუძვლით უნდა იყვნენ ამ საქმის დაზარალებულები? რა კავშირი აქვთ მათ ბრალდებულებთან? თუ არ უნახავთ ბრალდებულები და არ იციან რა მოხდა, გაუგებარია, რას ითხოვენ და რატომ ითხოვენ ბრალდებულების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას?!", - ისევ კითხვას სვამს ადვოკატი.
ის იყენებს ტერმინს - ჩანერგილი აგენტები და არ გამორიცხავს, რომ სწორედ მათ მიაყენეს დაზიანება სამართალდამცველებს.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეეძლოთ არც დადასტურება და არც უარყოფა იმ ფაქტისა, რომ დაზიანება შეიძლება სწორედ აგენტების მხრიდან იყო მიყენებული.
შესაბამისად, არსებული გონივრული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ", - თქვა ადვოკატმა.
აიჰან ჰასანლის დასკვნითი სიტყვის შემდეგი ნაწილი ვიდეომტკიცებულებებს ეხება. ის ამბობს, რომ საქმეში არსებული ვიდეომასალები, კერძოდ 2 ვიდეო მასალა, არ წარმოადგენს ერთიან, უწყვეტ ჩანაწერს. „ის გადაღებულია სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა პოზიციიდან და მონტაჟით არის ერთმანეთზე გადაბმული", - ამბობს ადვოკატი.
ის ამბობს, რომ „არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ ვიდეო სრულად და ამომწურავად ასახავს ინციდენტის მიმდინარეობას". ამასთან, „ვიდეომასალის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა არ ჩატარებულა".
ფორუმი