შოთა თუთბერიძისთის გაუგებარია, რის საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა მისი დაცვის ქვეშ მყოფების სახლებში[გორგაძე-მიმინოშვილი]
„როგორ შეიძლება გასცე ავტომობილის ჩხრეკის დადგენილება, როცა გორგაძეს საერთოდ არ ჰყავს ავტომობილი? შაბლონი განცხადებები შეიტანეს და უფროსმა ხელი მოუწერა", - ამბობს ის.
თუმაც ადვოკატი აპირებს გააკეთოს აქცენტი იმაზე, როგორ აიძულეს მათ სასამართლოზე ტყუილების თქმა.
„თუმცა, ყურადღება მინდა მივაქციო იმას, თუ როგორ მატყუარებად აქცია, როგორ გაასაცოდავა ვითომ სამართალდამცველმა უწყებამ ადამიანები, რომლებიც სამშობლოს უნდა იცავდნენ და სიმართლის სადარაჯოზე იდგნენ".
„ჩვენ გვაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც, როგორც დაკითხულ მოწმეთა აბსოლუტური უმეტესობა ამბობს, საკუთარი ინიციატივით მოიპოვეს და მიიტანეს საგამოძიებო უწყებაში. იმას რომ თავი დავანებოთ, პატივცემულო მოსამართლევ, რომ ამ ფორმით მტკიცებულების მოპოვებასა და დამაგრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს და, უფრო მეტიც, დღეს მიმდინარე სხვა პროცესებზე, იგივე წესით დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაუშვებლად იცნობა ხოლმე"
„ მაგრამ, ამ გარემოებას რომ ყურადღება არ მივაქციოთ, მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმ განცხადებებზე, რომლებიც, ცრუმოწმეთა თქმით, თავად ამობეჭდეს - ზოგიერთმა სამსახურში, ზოგიერთმა „მეტროსთან“. საოცარია, ეს განცხადებები არა მხოლოდ საოცრად ჰგავს ერთმანეთს შინაარსით, ფორმატით, შრიფტით, არამედ ყველა მათგანი საოცრად ჰგავს, მაგალითად, დავით ქიტიაშვილის მიერ შედგენილ ოქმებს, მაგალითად, ინსააფ ალიევის დაკავების შეტყობინების შესახებ (04/12/2024)."
„გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება და შეაფასოთ, მოუწიათ თუ არა ამ ადამიანებს ამ ტყუილის თქმა. ტყუილისა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვთ, მაგრამ რეჟიმმა ისინი ჩააყენა მდგომარეობაში, როცა სიმართლის თქმა დიქტატურის ღალატს და, შესაბამისად, მოსალოდნელ სასჯელს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ მოწმეები, რომელთა ჩვენება, სრული სიმართლის შემთხვევაშიც კი, დამაზიანებელი ჩვენთვის არ არის, თუმცა ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ უსარგებლო ტყუილებიც კი ეთქვათ, იმისი შიშით, რომ პროკურატურასთან, შსს-სთან პოზიციათა თანხვედრა არ დარღვეულიყო. მე მეცოდებიან ეს ადამიანები".
ის არ აპირებს ისაუბროს დაზარალებულებზე, რადგან მიაჩნია, რომ ისინი მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან არაფერ შუაში არიან.
თუთბერიძე მოწმეებს მოიხსენიებს, როგორც ცრუ. მისი თქმით, ცრუ პოლიციელის, ზურაბ ჯღარკავას 04/12/2024-ის პატაკის თანახმად, მან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფთა საცხოვრებელ სახლებსა და „მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილებში“ ინახებოდა კანონსაწინააღმდეგო ნივთები. ასევე, ამ „ინფორმაციით“, ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე გამართული საუბრები ასახულია მათ ელექტრონულ მოწყობილობებში (ტელეფონებსა და კომპიუტერებში).
„პატივცემულო მოსამართლევ, სად არის ეს საუბრები? სად არის ეს ნივთები? სად არის ინფორმაციის სანდოობა, რაზეც ცრუმოწმე პოლიციელები საუბრობდნენ? სამწუხაროდ, არ შეიძლება წყარო იყოს ბინძური და მისგან გამომავალი წყალი სუფთა - ცხადია, ეს პოლიციელები მატყუარები არიან", - ამბობს ის.
ფორუმი