Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საბრძოლო მასალის აფეთქებას ირანში ერთი ადამიანი ემსხვერპლა


ირანის ლორესტანის პროვინციაში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ერთი დაიღუპა და ცხრა 9 დაშავდა, 2025 წლის 19 აგვისტო
ირანის ლორესტანის პროვინციაში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ერთი დაიღუპა და ცხრა 9 დაშავდა, 2025 წლის 19 აგვისტო

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობაზე დაყრდნობით AFP-ი იტყობინება, რომ 19 აგვისტოს ისლამური რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში, ისრაელისა და ირანის ომის დროს დარჩენილი საბრძოლო მასალა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა, რომ დასავლეთ ირანში, ლორესტანის პროვინციაში, ქალაქ ბეირანშაჰრის მახლობლად, „სიონისტური რეჟიმის აუფეთქებელი საბრძოლო მასალა“ აფეთქდა.

„ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა“, - წერს სააგენტო და იმოწმებს რევოლუციური გვარდიის განცხადებას.

ივნისში 12-დღიანი თავდასხმების დროს ისრაელმა დაბომბა ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტები, ასევე საცხოვრებელი რაიონები, რის შედეგადაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის მეთაურები და ბირთვული ფიზიკოსები-მეცნიერები.

ირანმა აგრესიას უპასუხა საჰაერო თავდასხმებით, რამაც ისრაელის მონაცემებით, ამ ქვეყანაში 28 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აშშ-მა, რომელიც ომში ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით ჩაერთო, 24 ივნისს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები დასრულდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა.

ირანის ოფიციალური პირები მას შემდეგ აცხადებენ, რომ თეირანი მზადყოფნაშია იმ შემთხვევისთვის, თუ მის მოსისხლე მტერთან, ისრაელთან, კიდევ ერთი დაპირისპირება დაიწყება.

17 აგვისტოს, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, იაჰია რაჰიმ საფავიმ, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ქვეყანა „ყველაზე ცუდი სცენარისთვის გეგმებს ამზადებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG