ეს ცნობა AFP-მა გაავრცელა და ეყრდნობა სააგენტოს მიერ ნანახ წერილს, რომელიც ისრაელის პრემიერმა სარკოზის გაუგზავნა.
სარკოზიმ უპასუხა, რომ არ სჭირდება მისი გაკვეთილები ანტისემიტიზმში.
გასული თვის ბოლოს მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სექტემბერში გაეროს შეხვედრაზე ოფიციალურად აღიარებდა პალესტინის სახელმწიფოს, რასაც ისრაელის მხრიდან სწრაფი საყვედური მოჰყვა.
ამ ნაბიჯის გამოცხადებით, საფრანგეთი შეუერთდა იმ ქვეყნების მზარდ სიას, რომლებმაც პალესტინელების სახელმწიფოებრიობა აღიარეს თითქმის ორი წლის წინ ღაზის ომის დაწყების შემდეგ.
მაკრონისადმი გაგზავნილ წერილში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საფრანგეთში ანტისემიტიზმი ამ განცხადების შემდეგ მკვეთრად “გაიზარდა”.
„თქვენი მოწოდება პალესტინელების სახელმწიფოს შექმნის შესახებ ნავთს ასხამს ანტისემიტიზმის ცეცხლზე. ეს არ არის დიპლომატია, ეს არის დაშოშმინება. ეს აქეზებს ჰამასის ტერორს, ამკაცრებს ჰამასის უარს მძევლების გათავისუფლებაზე, ამხნევებს მათ, ვინც ფრანგ ებრაელებს ემუქრება და ხელს უწყობს ებრაელების მიმართ სიძულვილს, რომელიც ახლა თქვენს ქუჩებში მეფობს“, - წერს ნეთანიაჰუ წერილში.
ისრაელის პრემიერმინისტრმა მაკრონს მოუწოდა, საფრანგეთში ანტისემიტიზმს დაუპირისპირდეს და განაცხადა, რომ მან „სისუსტე მოქმედებით უნდა ჩაანაცვლოს, დაშოშმინება კი - მტკიცე ნებით და ეს უნდა გააკეთოს ზუსტ თარიღამდე: ებრაული ახალი წლის, 23 სექტემბრისთვის“.
AFP-ის მონაცემებით, გაეროს 193 წევრიდან სულ მცირე 145-მა უკვე აღიარა ან გეგმავს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას, მათ შორისაა ავსტრალია, ბრიტანეთი და კანადა.
ავსტრალია ამ სიას ამ თვის დასაწყისში შეუერთდა და გამოაცხადა, რომ სექტემბერში პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას აპირებს.
ნეთანიაჰუმ 19 აგვისტოს გააკრიტიკა თავისი ავსტრალიელი კოლეგა ენტონი ალბანეზი და მას უწოდა „სუსტი პოლიტიკოსი, რომელმაც ისრაელს უღალატა და ავსტრალიელი ებრაელები მიატოვა.“ ეს ისრაელის პრემიერმა თავისი ოფისის X-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
პირადი თავდასხმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე მოხდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიის მთავრობამ წინა დღეს, 18 აგვისტოს ულტრამემარჯვენე ისრაელელ პოლიტიკოსს, სიმხა როტმანის, ვიზა გააუქმა.
როტმანი, რომლის ულტრანაციონალისტური პარტიაც ნეთანიაჰუს მმართველ კოალიციაშია, ავსტრალიის ებრაული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლას გეგმავდა.
ვიზის გაუქმებიდან რამდენიმე საათში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ მან გააუქმა ავსტრალიის წარმომადგენლების ვიზები პალესტინის ავტონომიაში.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი უონგმა განაცხადა, რომ მათი ვიზების გაუქმება ისრაელის მხრიდან „გაუმართლებელი რეაქცია“ იყო და რომ ნეთანიაჰუს მთავრობა „ისრაელს იზოლაციაში აყენებს და ძირს უთხრის მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას“.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა 29 ივლისს გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად ცნობს პალესტინელთა სახელმწიფოს სექტემბერში, თუ ისრაელი არ გადადგამს სხვადასხვა „არსებით ნაბიჯს“ ღაზაში - მათ შორის, არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.
ფორუმი