საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლობა შეწყვიტა:
- „ამ შაბათ-კვირის“ აღმასრულებელ პროდიუსერებთან, თამარ ჭინჭარაულთან და მარიამ ფირცხალავასთან;
- პროდიუსერ ნია ბარაბაძესთან;
- და ამავე გადაცემის ჟურნალისტთან, ანა აბაკელიასთან.
ნია ბარაბაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს მენეჯმენტის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესისთვის საფრთხის შექმნის შესახებ ღიად გაკეთებულ განცხადებასა და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას უკავშირებს. მისი თქმით, არხის ხელმძღვანელობამ მათ აცნობათ, რომ 1 აგვისტოდან გადაცემა აღარ გაგრძელდებოდა და სანაცვლოდ „აბსურდული შეთავაზება“ მიიღეს - რადიოში ორი ყოველდღიური გადაცემისთვის („შუადღის პიკის საათი“ და „საღამოს პიკის საათის“) მუშაობა.
„ეს შემოთავაზება სრულიად აბსურდული იყო - რადიო არ არის ჩვენი კომპეტენციისა და ინტერესის საგანი... სიურპრიზი არ ყოფილა - ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმ პროტესტით, რომელშიც ჩვენ ვიყავით ჩართული“, - ამბობს ნია ბარაბაძე.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიამ თანამშრომლობა აღარ გააგრძელა ჟურნალისტ ია ანთაძესთანაც. მისი პროექტიც დაიხურა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა არხიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი 11 აპრილს დაიწყო. მას შემდეგ იმ (10-ზე მეტ) ადამიანებთან შეწყდა კონტრაქტები, ვინც პროევროპული აქციების პარალელურად მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ნაკლოვანებებსა და ხელისუფლების მიმართ მიკერძოებაზე საუბრობდნენ.
ფორუმი