ზადორინი და მისი 80 თანამებრძოლი ზმეინის კუნძულზე მყოფი იმ გარნიზონის საზღვაო ქვეითები იყვნენ, რომლებიც ომის პირველვე დღეს რუსული სამხედრო ხომალდის გაგზავნით “ნა***ზე* ომის სიმბოლოდ იქცნენ. თუმცა სიმბოლოებს, ხშირად, ყველაზე მტკივნეული ფასის გადახდა უწევთ.
თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ ზადორინი გაათავისუფლეს. უკრაინაში 2024 წლის იანვარში დაბრუნდა. რადიო თავისუფლებასთან კიდევ ერთ ინტერვიუში ის რუსეთის კოლონიებში გავლილი ჯოჯოხეთის შემზარავ დეტალებს იხსენებს.
ყოველ მობრუნებაზე ლამის ხელახლა კვდები.
რადიო თავისუფლება: ცნობილია, რომ ომის დაწყებისას ზმეინიზე 80 სამხედრო იყო. ყველა თავისუფალია ახლა?
ვლად ზადორინი: სამწუხაროდ, ერთი ჩვენგანი დღემდე ტყვეობაში რჩება. მაგრამ ახლა ის მაინც ვიცით, სადაა — დიდხანს ვეძებდით, ვერსად ვპოულობდით და ბოლოს გამოჩნდა ტულის გამოსასწორებელ კოლონიაში. ჩვენი მეთაურები ტყვეობიდან ფაქტობრივად ერთი თვის მერე და გაცვალეს — მაგრამ ვინც უბრალოდ ჯარისკაცები ვიყავით, ჩვენს გაცვლას აჭიანურებენ. გულისგამაწვრილებელი პროცესია, დამთრგუნველი — მე მაგალითად რამდენჯერმე გამომიყვანეს გაცვლაზე, მერე გაცვლა იშლებოდა და ისევ უკან, კოლონიაში ან წინასწარ დაკავების იზოლატორში გაბრუნებენ. ყოველ ჯერზე, ყოველ მობრუნებაზე ლამის ხელახლა კვდები... ტყვეობისას შვიდჯერ შევიცვალე ადგილი: სევასტოპოლი, კურსკი, შებეკინო, სტარი ოსკოლი, ვალუიკი, ალექსეევკა და ბოლოს ისევ კურსკი. პირველად გაცვლაზე 2022 წლის 31 დეკემბერს გამიყვანეს ალექსეევკიდან — მაშინ მარტო მე არ გამცვალეს - ყველა გაცვალეს, და მე დამტოვეს და ისევ კურსკში გადამიყვანეს. მაშინ პირველად ვცადე თავის მოკვლა...
… მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ დამესრულებინა ყველაფერი *— ღამით მინდოდა გამეკეთებინა, შუაღამით ჩუმად ავდექი, ზეწარი დავგრიხე, გისოსზე მივაბი და ჩამოვეკიდე. მაგრამ თანასაკნელებს ხმაურზე გაეღვიძათ, იმათ გადამარჩინეს - ჩამომხსნეს... რამდენიმე თვის შემდეგ ისევ მივედი ამ მდგომარეობამდე, როგორც ამბობენ, „მომაწვა“, არ მცვლიდნენ, ვიფიქრე - რატომ, ღმერთმა უწყის, ან რა ჭკუაღა მომეთხოვებოდა იქ - ჩემი ბრალია, რაღაცას ალბათ არასწორად ვაკეთებ მეთქი და „ლამპოჩკის“ პატარა ნამსხვრევით - შუქი სულ ანათებდა, დღე და ღამე - ვცადე ვენები გადამეხსნა. მაშინაც იმ ბიჭებმა მიშველეს და ისევ გადამარჩინეს.
რუსეთში რამდენიმე ადგილია, სადაც ტყვეებს ასაჭურისებენ.
რადიო თავისუფლება: წინა ინტერვიუებში ყვებოდით, რომ ხშირი იყო სექსუალური ძალადობაც. რამე საშუალება, მეთოდი, ქცევის წესი არსებობდა ამ ხვედრის თავიდან ასაცილებლად?
ვლად ზადორინი: მე გადავურჩი ასეთ ხვედრს — მაგრამ იქ, სადაც ვიყავი, გაუპატიურებები მუდმივად ხდებოდა. სექსუალურ ძალადობას რაც შეეხება, ეს საერთოდ ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ის, რომ მთლიანად გვაშიშვლებდნენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და გენიტალიებზე გვირტყამდნენ — ეს სექსუალური ძალადობაა, აბა რა არის? ანუსზე ვეტერინარულ ელექტროშოკერებს გიერთებდნენ და დენს გირტყამდნენ... იყო ერთი ბიჭი, რომელიც უკვე თავისუფალია — მას რამდენიმე თვის განმავლობაში, დღეში ორ-სამჯერ რუსი „ზეკები“ აუპატიურებდნენ — რუსი დამნაშავეები, ვინც ჩვენთან ერთად იხდიდნენ სასჯელს. ზედამხედველებს ქრთამავდნენ, ფულს აძლევდნენ და იმათაც ეს ბიჭი გამოყავდათ გასაუპატიურებლად, ყოველ დღე...
…რუსეთში რამდენიმე ადგილია, სადაც ტყვეებს ასაჭურისებენ. ამის შესახებ ღიად არაფერს ამბობენ, მაგრამ ფაქტია, ბიჭები კასტრირებულები ბრუნდებიან. თან უბრალოდ კვერცხებს კი არა, მთლიანად გენიტალიებს აჭრიან — ქირურგიულად, სპეციალურად გაწვრთნილი ხალხი აკეთებს ამას. ისე არაა, უბრალოდ დანა აიღეს და მოაჭრეს — არა, კარგად იციან, როგორ მოჭრან, რომ ტყვე გადარჩეს და ზუსტად ისე აკეთებენ.
“მამაჩემი რუსია, რუსეთშია დაბადებული, უფროსი ძმაც რუსეთშია დაბადებული, მაგრამ დასანახავად ვერ იტანენ რუსეთს. არ მინდოდა, ჩემს ოჯახს მოცხებოდა ჩირქი, ეს იქნებოდა გაუგონარი სირცხვილი ჩემი ოჯახისთვის - რომ მოღალატე ვარ, სამშობლოს მოღალატე”
რადიო თავისუფლება: ამ ხნის განმავლობაში - თქვენი ტყვეობისას - იყო რუსების მხრიდან რაიმე თანაგრძნობის შემთხვევები?
ვლად ზადორინი: ტყუილს არ ვიტყვი - მთელი ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში რამდენიმე ასეთი ადამიანი იყო, ძირითადად ღრმად მორწმუნე ტიპები. ყველაზე მეტად ერთ კაცს ვერ დავივიწყებ კურსკში — სპეცნაზელი იყო, ჩვენ მას „თაფლისთვალას“ ვეძახდით, იმიტომ რომ სულ ნიღაბში იყო და მხოლოდ თვალები უჩანდა, უცნაურად ღია, თაფლისფერი თვალები. ჰუმანიტარულ დახმარებას სულ გვიგზავნიდნენ, მაგრამ ჩვენამდე არაფერი მოდიოდა — არც ერთი კანფეტი, არაფერი. ერთხელ, როცა აბანოში შეგვიყვანეს რამდენიმე წუთით და მერე უკან გვაბრუნებდნენ, თანაც ისე გვატარებდნენ მოხრილებს, რომ თავი თითქმის იატაკს ეხებოდა — ამ სპეცნაზელმა მაშინ ჯიბეებში თითოს 5-10 კანფეტი ჩაგვიდო. როცა ჩვენი კამერა იკეტებოდა, გვეუბნებოდა ხოლმე: „გამოგიშვებენ, მალე დაბრუნდებით სახლში“. და როცა წამებას ესწრებოდა, ყველანაირად ცდილობდა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეენარჩუნებინა. მორწმუნე კაცი იყო. მეორე კაცი — ისიც კურსკში, ჩუმად, ღამით შემოგვიგდებდა ხოლმე კამერებში ან საპონს, ან კბილის პასტას, ან ტუალეტის ქაღალდს — რომ წარმოიდგინოთ, რა პირობები იყო: 12 პატიმარზე ერთხელ, ნახევარ წელიწადში გვაძლევდნენ „ორბიტის“ პატარა „ტუბიკ“ კბილის პასტას, გამოდიოდა რა, ლამის ერთი წვეთი თითო კაცზე? და კიდევ, სულ თავიდან, სტარი ოსკოლში იყო ერთი კაცი, ვინც არ გვცემდა — უბრალოდ გვკითხავდა და თვითონაც იმედს იტოვებდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. ამბობდა, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა და ვერ იგებდა, ეს ომი საერთოდ რატომ დაიწყო. გვეუბნებოდა, ყველაფერს ვიზამ, ოღონდ ცოცხლები და უვნებლები დარჩეთო. ისიც ძაან მორწმუნე იყო. რაც შეეხება დანარჩენებს — იმ რუსების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ჩვენ თავზე გვადგა, აშკარად სადისტური გენით იყო დაბადებული. ყველა, ვინც ჩვენთან ზედამხედველი, სპეცნაზელი თუ გამომძიებელი იყო — სუფთა ჯალათები იყვნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს სპეციალური შერჩევით მოხვდნენ ჩვენთან, მეტიც, კონკურენცია იყო, რომ ეს „პატივი“ მოეპოვებინათ.
რადიო თავისუფლება: რა გაძლევდათ ძალას, რამ გაგაძლებინათ ასეთ პირობებში?
ვლად ზადორინი: იცით, თავიდან ჩვენ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ვიყავით — საერთოდ არაფერი ვიცოდით, რა ხდებოდა უკრაინაში. რუსები სულ გვიჩიჩინებდნენ, ოდესა აღებულია, კიევი აღებულია, რუსული არმია უკვე ლვოვშია. მაგრამ - თუ მართლა ასე იყო, თუ რუსები ასე მაგრები იყვნენ, რომ ლვოვი აიღეს, ჩვენ რაღა ჯანდაბად ვუნდოდით იქ? ასე რომ, მალევე მივხვდით, რომ ისე არ იყო საქმე, როგორც გვეუბნებოდნენ. თანაც თანდათან ახალ-ახალი ტყვეები გვემატებოდნენ, რომლებმაც მეტი იცოდნენ. რაც უფრო ჭიანურდებოდა ომი, მით უფრო ცოფდებოდნენ და ბოროტდებოდნენ რუსები და ჯავრს ჩვენზე იყრიდნენ...
რა გვაძლებინებდა? იმედი — რომ სახლში ოჯახი გელის, რომ შენებს არ დავიწყებიხარ. ჩვენ თვითონ არ ვიცოდით, იცოდნენ თუ არა ახლობლებმა, რომ ცოცხლები ვიყავით, ამიტომ ვინც კი გათავისუფლდებოდა, ყველას ვაბარებდით... და კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვისთან ხარ კამერაში, რა ხალხთან. ჩვენ თორმეტი ვიყავით — ომამდე ზოგი ფერმერი იყო, ზოგი მძღოლი, ბანკირიც კი გვყავდა... და ლაპარაკმა გადაგვარჩინა. რომ არ გელაპარაკა, გააფრენდი, ჭკუიდან გადახვიდოდი, ეგეთებიც ემართებოდა ზოგს. ამიტომ, ვლაქლაქებდით ყველაფერზე — მანქანებზე, ქალებზე, მოგზაურობაზე, ჩვენს საქმეებზე, ბანკებზეც კი — ყველაფერზე, ოღონდ სალაპარაკო გვქონოდა. ეგ იყო ჩვენი მენტალური და ფსიქოლოგიური გადარჩენა. და რუსები ამას ხედავდნენ და შეგნებულად „გვარღვევდნენ“ — გვიცვლიდნენ კამერებს, რომ ერთმანეთს არ შევჩვეოდით.
რადიო თავისუფლება: რა განცდა გეუფლებათ იმის შემხედვარეს, რომ უკრაინაში ტყვეობაში მყოფ რუსებს განუსაზღვრელად უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე იმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში არიან?
ვლად ზადორინი: უკრაინა იცავს კონვენციებს და ომის ყველა წესს, ხოლო რუსები ჟენევის კონვენციიდან 2019 წელს გავიდნენ და არ იცავენ. რაც შეეხება წითელ ჯვარს — მათ წესებსაც არაფრად აგდებენ. ტყვეობაში გატარებული ორი წლის განმავლობაში ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელიც კი არ მინახავს, ვინც ჩემთან მოპყრობას გააკონტროლებდა. უკრაინაში კი ყოველი რუსი სამხედრო ტყვისთვის სამი წარმომადგენელი ჰყავთ წითელი ჯვრიდან ან სხვა ორგანიზაციიდან, რომელიც რუს ტყვეებთან მოპყრობას აკვირდება. როგორც კი რუსს ცხვირი აუწყლიანდება, უკვე გარბიან და უმშრალებენ. ისევ და ისევ — რუსებს კვირაში ერთხელ სახლში დარეკვის უფლება აქვთ, ჩვენ — ტელეფონზე არ გვირეკინებდნენ. მათ ნორმალურად აჭმევენ, ჩვენ — არა. არის უამრავი შემთხვევა, როცა თავად რუსები ამბობენ, ტყვეობაში უკეთ ვცხოვრობდით, ვიდრე სახლში. ჩემი დამოკიდებულება ამაზე... ნორმალურია. ჩვენ არ უნდა დავიდეთ იმ დონეზე, სადამდეც რუსეთი დაეცა. უკრაინა ცივილიზებული სახელმწიფოა.
გაქცევა არ მომხდარა, ე.ი. „ვირთხებმა“ იყოჩაღეს...
რადიო თავისუფლება: როგორც ვიცი, გაქცევაც სცადეთ?
ვლად ზადორინი: ვცადეთ სწორი ნათქვამია - გაქცევის გეგმა გვქონდა. კურსკში ყველა კამერას და დერეფანს ჩვენ გვასუფთავებინებდნენ და ზუსტად ვიცოდით, სად რა იყო - რომელ კამერაში ინახებოდა ყველა გასაღები, სად იყო გასასვლელები, სად იყო ხელკეტები, პისტოლეტები. გაქცევას 9 მაისისთვის ვგეგმავდით — იმიტომ რომ მაგ დღეს ზედამხედველები ილეშებოდნენ ხოლმე. დღესასწაულებზე ორი ან ერთი კაცი გვაყურებდა და როგორც წესი, იმ დღეს იმის თავიც არ ქონდათ, ჩვენთვის ერტყათ. მაგ მომენტის ჩვენთვის გამოყენება გვსურდა. და როცა ისევ დაიწყეს რუსებმა ჩვენი ერთი კამერიდან მეორეში გადასახლება, ინფორმაციას ვავრცელებდით — ყველამ ზუსტად იცოდა დრო, ადგილი და რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ თითოეულ კამერაში ერთი „ვირთხა” მაინც იყო — კოლაბორანტი, ვინც შეიძლებოდა ჩვენზე მიეტანა ამბავი. მე 2024 წლის 3 იანვარს გამცვალეს, მაისში გაქცევა არ მომხდარა, ე.ი. „ვირთხებმა“ იყოჩაღეს...
"ვჭამდით ტუალეტის ქაღალდსაც, საპონსაც, ლოკოკინებს, ჭიებს, თაგვებს ვეძებდით - ხორცი ხორცია, თაგვს და ვირთხას ვინ დაგიდევდა. ერთხელ მტრედი გვინდოდა დაგვეჭირა, მაგრამ ვერ შევძელით.”
რადიო თავისუფლება: იცით, ვინ იყვნენ კოლაბორანტები? ციხეშივე რომ „დამწვარიყვნენ“, რა დაემართებოდათ?
ვლად ზადორინი: ამ ეტაპზე ტყვეობიდან დაბრუნდა (სახელს და გვარს ასახელებს) — ეგ კოლაბორანტია. ერთ კამერაში ვისხედით ერთად. ფსიქიკურად არასტაბილური კაცია, ავადმყოფია. ნეონაცისტებს, ფაშისტებს გვეძახდა — ღმერთმა უწყის საიდან, მაგრამ რატომთაც დაასკვნა, რომ ის ტყვედ ჩვენ ჩავიგდეთ და არა რუსებმა. დარჩენა უნდოდა რუსეთში, მაგრამ მაინც გაცვალეს. ახლა უკვე მასზე გამოძიებაა დაწყებული — საქმეა გახსნილი სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს და სბუ-ს მიერ. არიან სხვა კოლაბორანტებიც — სამოქალაქო პირები, ვინც ტყვედ აიყვანეს და ჰპირდებოდნენ, ან რუსეთში დაგტოვებთ, ან სახლში გაგიშვებთო. სინამდვილეში ეგ ბლეფია, მაგრამ იმათ სჯეროდათ. რუსები ეძებენ ისეთებს, ვინც მხდალია, ვინც ტკივილს ვერ უძლებს, ფსიქოლოგიურად გატეხილია. წამების დროს თუ ეტყოდნენ — არ გცემთ და ეს და ეს გააკეთეო, თანხმდებიან. მე მაგალითად ორჯერ მომიტანეს რუსული პასპორტი — ჩემი ფოტო უკვე ჩაკრული იყო, მხოლოდ ხელი უნდა მომეწერა და ციხიდან გამოვიდოდი. ორივეჯერ უარი ვუთხარი. მეკითხებოდნენ — რატო? ორი მიზეზი მქონდა: ჯერ ერთი, სახლში, უკრაინაში ოჯახი მყავს — მამაჩემი რუსია, რუსეთშია დაბადებული, უფროსი ძმაც რუსეთშია დაბადებული, მაგრამ ისინი დასანახავად ვერ იტანენ რუსეთს. არ მინდოდა, ჩემს ოჯახს მოცხებოდა ჩირქი, ეს იქნებოდა გაუგონარი სირცხვილი ჩემი ოჯახისთვის - რომ მოღალატე ვარ, სამშობლოს მოღალატე. და მეორე — უკრაინელი ხალხისთვის მაქვს ფიცი დადებული. ვერ გავყიდდი ჩემს პრინციპებს და ზნეობას. ეს პასუხები, რა თქმა უნდა, არ ეპრიანათ და უმოწყალოდ მცემეს, ხერხემალი დღემდე დაზიანებული მაქვს.
რადიო თავისუფლება: აი, სწორედ ახლა უნდა მეკითხა ფიზიკურ ფასზე, რომელიც ამ ტყვეობაში გადაიხადეთ. ფაქტია, რომ ამან დაღი დაასვა თქვენს ჯანმრთელობას - ტყვედ ჩავარდნისას 120 კილოს იწონიდით, გამოსვლისას 60-ს..
ვლად ზადორინი: დიახ. ამას ემატება ჯანმრთელობის უამრავი სხვა პრობლემა, ფსიქიკურ ტრამვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყველაზე მეტად წონა სწორედ კურსკის კოლონიაში დავკარგე. წინა ადგილზე რაღაც საჭმელს მაინც გვაძლევდნენ, მაგრამ კურსკში მთელი დღისთვის სამი ნაჭერი შავი პური გვქონდა საჭმელად — თანაც ისეთი, ჭამა რომ შეუძლებელი იყო. ან ნახერხი ეყარა შიგნით, ან ქვიშა ერია. ან უმი იყო, ან ობიანი, ან სულ წყალში დასველებული. ამიტომ იქ ვჭამდით ტუალეტის ქაღალდსაც, საპონსაც, ლოკოკინებს, ჭიებს, თაგვებს ვეძებდით - ხორცი ხორცია, თაგვს და ვირთხას ვინ დაგიდევდა. ერთხელ მტრედი გვინდოდა დაგვეჭირა, მაგრამ ვერ შევძელით.
ჩემი ნება რომ იყოს, მთელ რუსეთს შემოვღობავდი და ზემოდან ბეტონს გადავასხამდი.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, ოდესმე შეძლებთ, რუსებს აპატიოთ? შესაძლებელია მეზობლური თანაცხოვრება, იმის შემდეგ, რაც თავს გადაგხდათ?
ვლად: გულწრფელად რომ ვთქვა — ჩემი ნება რომ იყოს, მთელ რუსეთს შემოვღობავდი და ზემოდან ბეტონს გადავასხამდი. ან ეპოქსიდი დაასხან და სხვა ქვეყნებიდან ატარონ ხალხი ექსკურსიებზე, აჩვენონ, როგორ არ უნდა მოიქცე, როგორ არ უნდა იცხოვრო. ეს ჩემი ოცნებაა. მგონია, რომ რუსების სიძულვილი უკვე ჩემს დნმ-შია ჩაწერილი და ამას ჩემს შვილებს და შვილიშვილებს გადავცემ. საშინელი შურისძიების წყურვილი მაქვს, რომელიც არაფრით მინელდება. ძალიან მინდა შური ვიძიო. ზუსტად ვიცი ყველაფერი ჩემს ჯალათებზე — და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს, იგრძნობენ იმავეს, რასაც ჩვენ ვგრძნობდით, თვითონაც გამოცდიან. მე არ შემიძლია ამის პატიება და ნურც ნურავინ მომთხოვს, ვაპატიო. და არც ის ბიჭები, ვინც ტყვეობიდან დაბრუნდა — არც ისინი არავის არაფერს აპატიებენ.
ფორუმი