ამ განცხადებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ისინი 15 ივლისს მიმართავენ.
„მოვითხოვთ, რომ როდესაც გიორგი დაასრულებს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობას, ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ. მართალია, მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში, არცერთ ადგილას არ არის უსაფრთხო გარემო, თუმცა, მე-8 დაწესებულება ამ მხრივ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ის უნდა გადაიყვანონ მე-12 დაწესებულებაში, სადაც თავდაპირველად იყო შესახლებული და შემდეგ, გარკვეული ლოგისტიკური მიზეზების გამო, მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ჯანდიერი.
ადვოკატებმა ციხის საკანში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართეს გენერალურ პროკურატურას.
მათ ასევე გამოითხოვეს სამეთვალყურეო ვიდეო-კამერების ჩანაწერები - როგორც საკანში, ისე საერთო სივრცეში, დერეფანში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები:
„ასევე მივმართავთ დღეს პენიტენციურ სამსახურსაც, რომ არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება. უპირველეს ყოვლისა, აქ საუბარია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებზე.
გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შემდეგ, მასთან შესული იყო ორი გამომძიებელი, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, გენერალური ინსპექციიდან, ისინი გუშინ დამიკავშირდნენ კიდეც. თუმცა მე ვუთხარი, რომ არსებობს პრეტენზიები სასჯელაღსრულების და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიმართ და შესაბამისად, ინსტიტუციური ქვემდებარეობის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ის რგოლი, რომელმაც უნდა გამოიძიოს ეს დანაშაული და სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას", - ამბობს დავით ჯანდიერი.
15 ივლისს, ადვოკატებმა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულეს ციხის საკანში ნაცემი გიორგი ბაჩიაშვილი. დავით ჯანდიერის თქმით, ბაჩიაშვილმა შეხვედრა დროზე ადრე დატოვა, რადგან თავი შეუძლოდ იგრძნო:
„როდესაც იქ ვიყავით, შემოვიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და სახალხო დამცველის ექიმი, მათ მოახდინეს მისი დაზიანებების დოკუმენტირება და შეაფასებს გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ პროცედურას ჩვენც დავესწარით.
პროცედურის დროს გიორგიმ შეუძლოდ იგრძნო თავი და ჩვენი შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა. მიუხედავად ამისა, მისი საერთო მდგომარეობა სტაბილურია და გუშინდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია დინამიკა. თუმცა დაზიანებების სიმრავლის და გადატანილი სტრესის ფონზე, მისთვის ძალიან რთულია, იყოს მშვიდად. მას, სავარაუდოდ, კიდევ დასჭირდება გარკვეული კვლევები. აქვს ყურში შუილი, მათ შორის, თავბრუსხვევა. ეტლით გადაადგილდება, აქვს კოორდინაციის პრობლემა, რაც შეეხება ვიზუალურ მდგომარეობას, თავი შეხვეული აქვს, რადგან ნაკერები ადევს კეფაზე, შეხვეული აქვს სხეულზე სხვა ჭრილობებიც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. მალევე, გიორგი ბაჩიაშვილის ვრცელი წერილი გაავრცელეს, მისმა ადვოკატებმა, სადაც პატიმარი წერს, რომ მას, 11 ივლისს, ფიზიკურად გაუსწორდა საკანში მისთვის უცნობი პირი. მისივე ინფორმაციით, მანამდე, 8 ივლისს, ის #8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა.
გიორგი ბაჩიაშვილს დასჭიდა სამედიცინო დახმარება. 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს #8 დაწესებულებაში. მომდევნო დღეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რომლითაც უწყება ციხეში გიორგი ბაჩაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი", - აცხადებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუსი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად".
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს" და მას წამების საფრთხე ემუქრება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
ფორუმი