Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“ - პენიტენციური სამსახური ბაჩიაშვილის ცემის შესახებ


გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 29 მაისი, 2025 წელი
გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 29 მაისი, 2025 წელი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

უწყება ამბობს, რომ ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.

„11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ხოლო, მიმდინარე წლის 12 ივლისს, გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მსჯავრდებული, თანამესაკნესთან ერთად დღემდე იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში“, - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

უწყება გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ცილისმწამებლურს“ უწოდებს:

„ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე“.

გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველიც. უწყების განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს (რელევანტური ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით), პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.

სახალხო დამცველის განცხადებით, „უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებაში რაიმე ფორმით შესაძლო მონაწილეობის, ასევე, მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის ირგვლივ“.

საპატიმროში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა, 14 ივლისს.

ამ ინფორმაციას მალევე მოჰყვა თავად მსჯავრდადებულის, გიორგი ბაჩიაშვილის ვრცელი წერილი, რომელშიც აღწერს, როგორ გაუსწორდა ფიზიკურად საკანში შესული მისთვის უცნობი პირი, საპატიმროს დირექტორის ინფორმაციით, ისიც მსჯავრდადებული.

2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი", - აცხადებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუსი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად".

გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს" და მას წამების საფრთხე ემუქრება.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.

პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG