Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ტრამპი რუსეთზე „მნიშვნელოვანი განცხადების" გაკეთებას აპირებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ბოლო ხანს არაერთხელ გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუება და უკმაყოფილება, ორშაბათს(14 ივლისს) რუსეთის შესახებ „მნიშვნელოვანი განცხადების“ გაკეთებას აპირებს. ეს ტრამპმა 10 ივლისს უთხრა ტელეკომპანია NBC-ს.

აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რა განცხადება იქნება ეს.

დონალდ ტრამპმა ისევ გამოხატა რუსეთით იმედგაცრუება უკრაინაზე მასირებული შეტევების გამო და ისიც განაცხადა, რომ კონგრესი მიიღებს კანონპროექტს ახალი და მტკივნეული სანქციების შესახებ.

ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სანქციების ამოქმედება საბოლოოდ მან უნდა გადაწყვიტოს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებითვე, ნატოსთან მიაღწია შეთანხმებას, რომ უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ალიანსი შეიძენს.

ტრამპის თანახმად, აშშ გეგმავს ნატოს გაუგზავნოს სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი და შემდეგ მათ ნატო გაანაწილებს.

ამ კვირაში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას გადასცეს ერთი Patriot-ი. ეს იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მსგავსი გადაწყვეტილება, რადგან დღემდე უკრაინა იღებს ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ სამხედრო დახმარებას.

10 ივლისს, სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უახლოეს ხანში მიიღებს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის პირველ გადაწყვეტილებას. სავარაუდო ღირებულებად დაახლოებით 300 მილიონი დოლარი სახელდება.

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო და აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს.

უკრაინა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დასთანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთმა ეს ინიციატივა კონკრეტული პასუხის გარეშე დატოვა.

ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე უარს ამბობს და განაცხადა რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG