„მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია“, - თქვა სარჯველაძემ.
მას გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანმა ჰკითხა, რიჟვაძის თურქეთში გადაყვანა გადაუდებელი საჭიროება იყო თუ ოჯახის მოთხოვნა, რაზეც სარჯველაძემ ასე უპასუხა:
„ოჯახის თხოვნა იყო. მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათ მაინც ამჯობინეს, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც, ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახევი ნამდვილად არ ყოფილა...“
სარჯველაძის თქმით, რიჟვაძეს კრიტიკულ დროს დახმარება ქართველმა ექიმებმა გაუწიეს საგარეჯოში, მოგვიანებით კი - თბილისში:
„ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, გადავლილია... ამანაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო. პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირება პრობლემა იქნებოდა“.
- 7 ივლისის დილას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა და დაიჭრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
- რიჟვაძის საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ მიყვანის შემდეგ ახვლედიანი პოლიციამ დააკავა „იარაღის დაუდევრად შენახვის“ ბრალდებით;
- რიჟვაძე იმავე დღესვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მას უკვე დადებითი დინამიკა აღენიშნებოდა;
- 8 ივლისს ახვლედიანისთვის ბრალის წაყენების შესახებ პროკურატურის განცხადებიდან გაირკვა, რომ გამოძიება მუშაობს თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით - ახვლედიანი სხდომათა დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს;
- 9 ივლისს, დილით ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის თხოვნით, თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
ფორუმი