მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს შეუძლოდ გრძნობენ, უჭირთ საუბარი, თვალების გახელა და წვანან, საჭირო მედიკამენტების მიღებაზე, მათ შორის, შაქრიანი წყლის დალევაზე, ექიმს უარს ეუბნებიან.
„იქნებ შაქრიანი წყალი მაინც დალიო. ელემენტარულს გთხოვს. დაგვიჯერე, გთხოვ, ეს არ ნიშნავს, რომ შიმშილობას წყვეტ, უბრალოდ, სიცოცხლის შესანარჩუნებლადაა საჭირო“, - უთხრა მირზა ლოლაძეს სასწრაფო დახმარების ექიმმა. თუმცა მოშიმშილე მაღაროელი, რომელიც სისუსტისგან ლაპარაკსაც ვეღარ ახერხებს, დახმარებაზე უარს ამბობს.
ექიმისა და მოშიმშილეების დიალოგს 4 ივლისს, შუადღის 2 საათისთვის, პირდაპირ ეთერში გადასცემდა ფეისბუკის გვერდი „მაღაროელი“.
ვინ და რამდენი მაღაროელი შიმშილობს?
შიმშილობს შვიდი მაღაროელი, მათგან სამს პირი აქვს ამოკერილი, ორი მშრალ შიმშილობაზეა. 4 ივლისს შიმშილობის მე-16 დღე შესრულდა.
- ტარიელ მიქაცაძე
- მირზა ლოლაძე
- სიმონ მიქაცაძე
- გოგა აბესაძე
- შავლეგ გოგსაძე
- ჯანო ლაბაძე
მოშიმშილეებს შორისაა მერაბ სარალიძე, რომელიც პოლიციამ სამ მაღაროელთან ერთად 29 აპრილს დააკავა. მათ გამოძიება შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას ედავება.
დავით ჩინჩალაძემ, ჭიათურის მკვიდრმა მაღაროელმა, რადიო თავისუფლებას გამოუგზავნა 4 ივლისის დილას ტარიელ მიქაცაძესთან და მირზა ლოლაძესთან ჩაწერილი ვიდეო. მოშიმშილე მაღაროელებს ლაპარაკი უჭირთ:
„თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ ბიჭებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“...
„ჩვენი მშრალი შიმშილობის დაწყების მიზანია, რომ ჩვენი ოთხი თანამებრძოლი, თანამოქალაქე, ჩვენი მეგობრები, გაათავისუფლონ. ამისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ“...
დავით ჩინჩალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ორი მოშიმშილის, ტარიელ მიქაცაძისა და მირზა ლოლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო ორი დღეა, მნიშვნელოვნად გართულდა. მირზა ლოლაძე მესამე დღეა ე.წ. მშრალ შიმშილობაზეა. მეორე დღეა სითხის მიღებაზე უარი თქვა ტარიელ მიქაცაძემაც:
„ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სისხლში შაქრის ზღვარი დაწეულია. სითხის მიღებასა და სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობენ. გვიშლიან, რომ მათთან მივიდნენ ექიმები. ტარიელის შემთხვევაში, გუშინ პირველად რომ გამოვიძახეთ სასწრაფო, უარით გაისტუმრა. მეორედ რომ გამოვიძახეთ, იმდენად შეუძლოდ იყო, რომ ლამის გაკოჭვა მოგვიწია, რომ გაესინჯათ და ანალიზმა აჩვენა, რომ სისხლში შაქრის დონე მინიმალურ ზღვრამდეა დასული. ვეხვეწეთ, ვემუდარეთ ან სითხე მიეღო, ან ცოტაოდენი გლუკოზა, რომ შეუქცევადი პროცესები არ დაიწყოს ორგანიზმში, მაგრამ ამაზეც უარს ამბობს. თავი გადადეს, სასიკვდილოდ იმეტებენ თავს, სანამ დღესდღეობით ჩვენი უპირველესი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, - ეუბნება დავით ჩინჩალაძე რადიო თავისუფლებას.
რას ითხოვენ მაღაროელები?
- ოთხი დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას;
- ღირსეულ მუშა პროცესს;
- სახელფასო დავალიანების დაფარვას;
- "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.
ოთხი მაღაროელი - გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე - პოლიციამ 29 აპრილს, ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე პატიმრობა ელით. დაკავებულების სასამართლო სხდომა 17 ივლისსაა დანიშნული.
მაღაროელების დაკავება დაემთხვა საპროტესტო აქციებს, რომლებიც ჭიათურაში უკვე 127-ე დღეა გრძელდება.
საპროტესტო ტალღა ჭიათურაში დაიწყო თებერვლის ბოლოს. იგი მოჰყვა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) 2024 წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებაზე. ამ პროტესტმა მარტში დროებით თბილისში გადმოინაცვლა.
2025 წლის თებერვალში გაჩენილი საპროტესტო კერის მიღმა, ჭიათურაში უკვე 465 დღეს ითვლის სოფელ შუქრუთელების პროტესტი. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების გამო, მათი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სხვადასხვა შენობა, მათ შორის ეკლესიები და სკოლა, ინგრევა, ხოლო კომპანია მათთვის ზარალის შესაბამის კომპენსაციას არ გასცემს. ისინი კომპენსაციების გაცემასა და მადნის მოპოვების ისეთი გეგმის შედგენას ითხოვენ, რომ 300-კომლიანი სოფლის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს. "ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურებაზე უკვე 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.
შუქრუთელების პროტესტმა რამდენჯერმე გადმოინაცვლა თბილისში, მათ შორის, ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტის შენობასთან, სადაც მაღაროელების ნაწილმა შიმშილობაც დაიწყო. შუქრუთელები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელებისა და პროტესტის მონაწილეების კიდევ ორი მოთხოვნა კუთვნილი სახელფასო დავალიანების დაფარვა და მაღაროელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა.
დავით ჩინჩალაძე ამბობს:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ პროტესტის მონაწილეები და ამ ეტაპზე არ ვმუშაობთ, ხელფასი მაინც გვეკუთვნის და ამას კომპანიაც აღიარებს - გვეუბნებიან, რომ თათბირობენ, ანგარიშობენ. ჩვენ, რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომლებმაც ხელი არ მოვაწერეთ ე.წ. კომპანიის რეორგანიზაციის გეგმას, არ გვეუბნებიან, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულები ვართ.
კომპანიის მენეჯმენტს, ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელს, მიხეილ სოცკის მივმართეთ და მოვთხოვეთ, მოეცათ შესაბამისი ცნობა ჩვენი გათავისუფლების შესახებ, რათა გვემოქმედა სამართლებრივად, მიგვემართა სასამართლოსთვის, პასუხად მან გვითხრა, რომ ჩვენ არ ვართ გათავისუფლებულები, ჩვენ ვართ დროებით მოცდენაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ 17 აპრილიდან ხელფასი არ აგვიღია“.
რას ამბობს კომპანია?
23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განაცხადა, რომ ახალი ხელმძღვანელის, მიხეილ სოცკის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, „წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში“.
მაშინ კომპანია განმარტავდა, რომ ცვლილებები შეეხებოდა ყველა რგოლს - როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
ამავე დროს, CMC-მა განაცხადა, რომ რეორგანიზაციის პარალელურად დაიწყებოდა „დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება“ და „თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყებოდა აღდგენა-გადამაგრებითი სამუშაოები“.
„რეორგანიზაციას, რომლის თანახმადაც, კომპანიამ სრული პასუხისმგებლობა აკიდა დასაქმებულს, პირობებში ეწერა, რომ დასაქმებული ემხრობოდა რეორგანიზაციის პირობებს. მათთან, ვინც დღეს კომპანიამ დაასაქმა, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები არ გაფორმებულა, არ არსებობს ეს დოკუმენტი. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ პირველ ივნისს უნდა ჰქონოდა მზად ეს დოკუმენტი, მაგრამ დღეს უკვე 4 ივლისია.
ვინც რეორგანიზაციას დათანხმდა და შესაბამისად, მუშაობაში ჩაერთო, სრულ გაურკვევლობაში არიან. არ იციან სახელფასო განაკვეთები, არ იციან გეგმები და გრაფიკები, როგორ უნდა იმუშაო და რა პრინციპებით. ახალი მენეჯმენტი აქ არ მოსულა მუშა პროცესის აღსადგენად, მოვიდა იმისთვის, რომ ხალხი მიეყვანა იმ ზღვრამდე, რომ თავისი ნებით წასულიყვნენ სამსახურებიდან - შექმნა ყველანაირად შეუსაბამო პირობები. შეამცირეს სანგრებში ადამიანების რაოდენობა და როდესაც ბრიგადაში მუშაობდა 21 ადამიანი, ახლა 9 კაცამდე ჩამოიყვანეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ჩინჩალაძემ.
რას სთხოვენ მაღაროელები ირაკლი კობახიძეს?
პროტესტის მონაწილე მაღაროელების მოთხოვნებს 4 ივლისს კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა - ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და წერილს ავრცელებენ:
„ადამიანები, რომლებიც თქვენ რადიკალებად წარმოგიდგინეს, სინამდვილეში საკუთარი მეგობრების დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ. ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება. პრემიერო, თქვენ ხშირად იწონებთ თავს ოჯახური ღირებულებებითა და პატრიოტიზმით, მაგრამ განა არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მეგობრისთვის თავის გაწირვაა? მაშინ, როდესაც მთელი საქართველო აგიმხედრდათ, ჩვენ არასდროს გვიწოდებია არალეგიტიმურები – ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. ვითხოვთ ღირსეულ შრომის პირობებს, ღირსეულ ანაზღაურებას და დაფასებას.
კომისიის მიერ წარმოდგენილმა მმართველმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
შთაბეჭდილება რჩება თითქოს, მიზანმიმართულად ცდილობენ ხელისუფლება კიდევ უფრო შესძულდეს ხალხს. ამ ყველაფერში თანაბრად მონაწილეობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე კომპანია, პრემიერო.
თუ გსურთ, პრობლემის სათავეებში გაერკვეთ, მობრძანდით, ან გაგვიღეთ თქვენი კაბინეტის კარი – ბევრ რამეს გიამბობთ. ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს საზოგადოებაში წარმოჩენილია. თუ ადამიანებს შეუძლია, მეგობრების გამო თავი გასწიროს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებს რადიკალური ვუწოდოთ? ამას დიდი ვაჟკაცობა და ღირსება სჭირდება.
ეს არის გულწრფელი წერილი, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს. თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ იმ ხალხზე, ვინც აგირჩიათ და ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვათ. იმედი მაქვს, ამ წერილს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება“, - წერენ პროტესტში ჩართული მაღაროელები.
„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომელშიც, კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, 6 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს.
ფორუმი