დღეს, 1 ივლისს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკის დედაქალაქ იჟევსკზე. სოციალური ქსელებით გავრცელდა ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც აფეთქებები ჩანს.
უდმურტეთის რესპუბლიკის მეთაურის, ალექსანდრ ბრეჩალოვის ტელეგრამ-არხზე დილის 10 საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ „კიევის რეჟიმმა“ დრონებით შეუტია იჟევსკის „ერთ-ერთ საწარმოს“. რომელს, ბრეჩალოვს არ უთქვამს. ცოტა ხნით ადრე რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამსახურმა დროებით დახურა იჟევსკის აეროპორტი.
დღის 12 საათისთვის ბრეჩალოვმა განაცხადა, რომ არიან დაღუპულები და მძიმედ დაჭრილები, თუმცა მათი რიცხვი არ უთქვამს.
რუსული ტელეგრამ-არხის, Baza-ს თანახმად, იჟევსკში სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.
ტელეგრამ-არხი Astra იუწყება, რომ დრონებით დარტყმის სამიზნე იყო იჟევსკის ელექტრომექანიკური ქარხანა „კუპოლი“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ეს ქარხანა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის აწარმოებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, „ტორს“ და „ოსას“ და უპილოტო საფრენ აპარატებს, „გარპია“. იჟევსკის ამ საწარმოზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის ნოემბერშიც.
იჟევსკი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრია. ქალაქში განთავსებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არაერთი საწარმო, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, მართვადი საარტილერიო ჭურვების და სხვა იარაღის მწარმოებელი კონცერნის, „კალაშნიკოვის“.
განახლება: 1 ივლისს, დღის მეორე ნახევარში გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ დრონებით დაარტყეს იჟევსკის ელექტრომექანიკურ ქარხანა „კუპოლს“.
განახლება: უდმურტეთის რესპუბლიკის მეთაურ ალექსანდრ ბრეჩალოვის ტელეგრამ-არხზე დღის სამი საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაიღუპა 3 ადამიანი და ჰოსპიტალიზებულია 35, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
ფორუმი