„მინდა ყველამ კარგად იცოდეს, არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი... ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აჰყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
ონლაინგამოცემა Euroscope ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეზღუდვები ამოქმედდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია.
„შვედეთი აგვისტოდან. უნგრეთი, რა თქმა უნდა, ღიაა, ავსტრიაც ამ ეტაპზე. არ გვაქვს ინფორმაცია დანარჩენ ქვეყნებზე, მაგალითად, გერმანია ან პოლონეთი“, - წერია გამოცემის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პაპუაშვილამდე მედიასთან ისაუბრა კობახიძემ. მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად მას და მის თანაგუნდელებს ვიზის აღება დასჭირდათ.
„ეს შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით. ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება და მზად ვართ, ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მას არ დაუკონკრეტებია, ევროკავშირის რომელ ქვეყანაში ჩასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ის და მისი მთავრობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ იტალიასა და უნგრეთში. მათგან უნგრეთს გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ არ შეუერთდება ამ შეზღუდვებს.
კობახიძე „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებთან და პარტიის ლიდერებთან ერთად იტალიაში ივნისის პირველ ნახევარში იმყოფებოდა. ისინი 10 ივნისს ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ - ეს საკონსულო მილანში 2023 წლიდან ფუნქციონირებს და ჰყავს კონსული, ნატალია კორძაია.
ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დროში დაემთხვა საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომელთა მთავარი მოთხოვნაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაა. პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს გახდა ცნობილი - ხელისუფლებაში მყოფი პარტია არ აპირებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში დააყენოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
დემონსტრაციების ძალადობრივად დაშლიდან ორ კვირაში, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიწყეს მსჯელობა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, 27 იანვარს კი ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
ფორუმი