ხოშტარიამ, რომელიც შარშან რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ახერხებდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, დღეს საღამოს განაცხადა:
„მე აქ, რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს არ არის უბრალოდ თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება“.
„თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს არ ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით“, - ხოშტარიას თქმით, ეს არის მისი გზავნილი „ქართული ოცნებისადმი“.
მეორე გზავნილით კი ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას რევოლუციისკენ მოუწოდა (წინა შემთხვევებში, მათ შორის 2022 წლამდე, როდესაც სოციალურ ქსელებსა თუ აქციებზე გაკეთებული განცხადებები სუს-მა „რევოლუციისკენ მოწოდებად“ ჩათვალა, განაცხადა, რომ „ეს დანაშაულია“ და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
„მეორე განაცხადი არის ხალხისათვის: რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. მე ვერავის ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს გარეთ, როდის იშიმშილოს, ან ციხეში ჩაჯდეს, როდის გამოვიდეს. მე ჩემს მაგალითზე ვამბობ, მზად ვარ, თავი შევწირო ამ რეჟიმს. და შევწირავ“, - თქვა პოლიტიკოსმა.
მანამდე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბრძოლის „მძიმე და საამაყო ეტაპები“ გაიარა, ახლა კი „რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა ყველა პოლიტიკოსი“, რაზე პასუხიც არის მისი თქმით, ბრძოლის ახალი ფორმა.
მისი თქმითვე, ეს არის არა „რომელიმე პარტიასთან, მაგალითად, „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა, არამედ ბრძოლა რუსეთთან“.
ხოშტარიამ 2021 წლის ნოემბერში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ფორუმი