სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში სიტყვისა და გამოხატვის კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა გამოთქვა სურვილი, რომ ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად იქნას შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსში. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით უყრის კენჭს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადამიანების და ორგანიზაციების შეფასებით, მკვეთრად აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავს მედიას და კრიტიკოსების მიმართ დამატებითი წნეხის შექმნის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას.
თეა წულუკიანმა "ისტორიული სხდომა" უწოდა პარლამენტის დღევანდელ, 26 ივნისის სხდომას, რომელზეც ეს სადავო ცვლილებები განიხილება - მან გაიხსენა ყველა ის მცდელობა, რომლებიც "ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებაზე და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საბოლოოდ ეს საკითხი კანონის უფრო მკაცრ ჩარჩოებში ექცევა.
მან გამოსვლისას ახსენა როგორც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე ის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს და თქვა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესებისთვისა და მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისთვის სჭირდებოდა.
"საზოგადოებას შევახსენოთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციიდან" მალევე სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გააქრო ცილისწამების ცნება და ის დღემდე არ არის სისხლის სამართლის კანონმდებლობის ნაწილი. როცა ჩვენი კომისია მუშაობდა, გამოიკვეთა, რომ მას ეს მხოლოდ იმიტომ კი არ ჭირდებოდა, რომ ისეთებად შეერაცხა, როგორებადაც ის ჩათვლიდა საჭიროდ, არამედ, მაგალითისთვის, ყველა ის ადამიანი, ვინც უსასტიკესად მოკლეს, ამ ყოველივეს თან ახლდა ცილისწამება - მაგალითისთვის, სერგო თეთრაძისთვის დაბრალება იმის, რომ ის ჯაშუშია, პაატა ქარდავასთვის დაბრალება იმისა, რომ ქვეყანას უღალატა და სხვასთან ითანამშრომლა, იგივე დათო ცინდელიანის და სხვების შემთხვევაში. ეს ჩამოყალიბდა მაშინ მოდელად სწორედ იმის წყალობით, რომ მან წინსწრებად გააუქმა დამსჯელი ნორმა.
ჩვენ ალბათ მომავალში კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად იქნას მიჩნეული.
დღევანდელი სხდომა არის ისტორიული, რომ ადამიანი ცილისწამებისგან უკეთ იქნება დაცული მინიმუმ სამოქალაქო წესით, სისხლის სამართლის მიმართულებით შემოთავაზებაა, რომ მომავალში ერთად ვიმსჯელოთ", - თქვა თეა წულუკიანმა.
"ადამიანს, ვისაც წარსულში აქვს პოსტი ან განცხადება გაკეთებული, კანონის ამოქმედების შემდეგ შეუძლია თუ არა ეს გამოასწოროს?" - იკითხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ნინო წილოსანმა. მისი კითხვა გამოწვეულია საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილით, რომელიც კანონს უკუქმედების ძალას ანიჭებს და მის ამოქმედებამდე ასი დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებზე სასამართლო დავას ხდის შესაძლებელს.
"ეს არ არის კლასიკური ტიპის უკუქცევითი ძალა, თუმცა ნიშნავს რას: როდესაც განცხადება არის გაკეთებული და ადრესატი თვლის, რომ ეს არის ცილისწამება, ასდღიან ვადაში უნდა ჩაეტიოს და მიმართოს სასამართლოს. იმ სარჩელებზე, რომელიც უკვე არის აღძრული ამ კანონის ამოქმედების მიუხედავად, ეს კანონი ვეღარ იმოქმედებს, მაგრამ იმ საქმეებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შევა სასამართლოში, მათ განხილვებზე უკვე იმოქმედებს ეს ნორმა, რომელიც შეცვლილ სამოქალაქო ტვირთის რევერსულ ბუნებას გულისხმობს.
რაც შეეხება გამოსწორებას, ეს არის სამოქალაქო დავა, აქ არის ასევე მორიგებაზე საუბარი და თუკი ორი მხარე სასამართლოში მორიგდებიან, ამას წინ აღარაფერი უდგას. აქვე გეტყვით, რომ ის ერთთვიანი ვადა, რაც წინა კოდექსში იყო განსაზღვრული, შემცირდა და ერთი კვირიანი ვადა ექნებათ მხოლოდ მხარეებს, რომ მორიგდნენ", - ასე უპასუხა წილოსანის კითხვას საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა დავით მათიკაშვილმა.
ვიქტორ ჯაფარიძის კითხვის პასუხად კი, - რომელსაც აინტერესებდა, რა ხდება ისეთ შემთხვევებში, როცა ბრალდებას და ცილისწამებას წინ უსწრებს ისეთი ფრაზები, როგორიცაა "გონივრული ეჭვი", "სავარაუდო დანაშაული", - დავით მათიკაშვილმა თქვა, რომ კანონის არსებული რედაქციიდან ამოღებული იქნება მეოთხე მუხლი, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას უზრუნველყოფდა. ამ მუხლის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება კი დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. კანონის ჯერაც მოქმედი რედაქციით, მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ამ დრომდე მოქმედ კანონს, რომელიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებითაც კი სიტყვის თავისუფლების უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფდა, "ოცნების" წევრები "ბოკერია-რამიშვილის" კანონის სახელით იხსენიებენ და თვლიან, რომ ამ დრომდე მოქმედი რედაქცია გაუმართლებლად დიდ თავისუფლებას აძლევდა მედიას და ცალკეულ ინდივიდებს.
"ამ კანონის ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" ლობირების მოტივაცია იყო ამოსავალი წერტილი იმის, რისიც მე და ჩემ თანამოაზრეებს გვჯერა - რესპუბლიკის რწმენა.
რესპუბლიკისთვის აუცილებელი პირობაა თავისუფალი დისკუსიის არსებობა, სადაც ნებისმიერ ხელისუფლებას და ნებისმიერ მოქალაქეს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, სხვა შეზღუდოს თავისუფალი დისკუსიისას. ეს მიდგომა, რომლის საწინააღმდეგო პროპაგანდასაც ივანიშვილის რეჟიმი სულ აწარმოებს, რომ ადამიანების განცდების დაცვის გამო შენ უნდა აგიკრძალონ დისკუსია და ფიზიკური ძალადობის, ფიზიკური შეზღუდვის და სიტყვიერი ტკენის გათანაბრება უნდათ, რაც ძალიან დიდი და სახიფათო შეცდომაა.
როგორც კი ის, ვისაც ძალაუფლება აქვს, ფული აქვს ან უმრავლესობის განცდა აქვს, ზღუდავს აზრებს, იქ ექმნება პრობლემა ყველაფერ დანარჩენს: საკუთრებას, პერსონალურ თავისუფლებას, პერსონალურ სივრცეს, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას - ამიტომ მიგვაჩნდა ეს ჯერ კიდევ "თავისუფლების ინსტიტუტში" ყოფნის დროს საკვანძო საკითხად. როცა ეს კანონი მივიღეთ, მაშინვე ვთქვი, რომ ჩვენ ამ კანონით ვიცავდით ჩვენი კრიტიკოსების უფლებას, რაც ასევე ყველას უფლებაა", - თქვა გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლების პოდკასტში ამ კანონზე და მასში ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.
"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული ცვლილებები, - რომლებიც ცილისწამების შეცვლილ განმარტებასა და ცილისწამებაზე სამოქალაქო დავისას მტკიცების ტვირთის ცვლილებას ეხება, - პარლამენტმა 25 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო. ამ ცვლილებების მიხედვით:
- ცილისწამებაზე დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება;
- სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადა ერთი თვიდან 10 დღემდე მცირდება;
- თუკი ამ კანონის ძალით აქამდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო "ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირებადი შეიძლება გახდეს „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა“;
- უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, - დაუშვებელია გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
ფორუმი