სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვაზე სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში გამოსვლისას, "ოცნების" წევრმა და ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა დავით მათიკაშვილმა თქვა, რომ ცილისწამების შესახებ სარჩელების სასამართლოში შეტანა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევებზეც, რომლებიც კანონში ცვლილების განხორციელებამდე მოხდა. პარლამენტი ამ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს - მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, კანონში ცვლილების შემდეგ მკვეთრად გაუარესდება მედიის მდგომარეობაც და სიტყვის თავისუფლების სტანდარტიც.
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი შემდეგ დანაწესს ითვალისწინებს - როდესაც ცილისმწამებლური ან სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელება ხდება, სასამართლოში სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ ასეთ განცხადებას გასცნობოდა.
გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული იქნება, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდგომ იმ განცხადებებთან მიმართებით, რომელიც კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა გასული არ არის, საკითხის რეგულაციის ახალი წესრიგი იმოქმედებს.
კანონის ამოქმედების შემდგომ, ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადის ფარგლებში სარჩელები ამ კანონის წესით დარეგულირდება - ანუ თუკი აქამდე სასამართლოში სარჩელი წარდგენილი არ იქნა, სარჩელი ახალი რეგულაციით შევა და შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იქნება ინფორმაციის გამავრცელებელზე და არა ადრესატზე, როგორც ეს აქამდე იყო. მინდა თეა წულუკიანს მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ საკითხზე აქტიური მსჯელობა იყო. მან ამ თემის გადაწყვეტაში თავისი წვლილი შეიტანა“, - თქვა მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ის და მისი თანაგუნდელები ამ კანონს "ბოკერია-რამიშვილის" კანონის სახელით იხსენიებენ და თვლიან, რომ ამ დრომდე მოქმედი რედაქცია გაუმართლებლად დიდ თავისუფლებას აძლევდა მედიას.
"ამ კანონის ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" ლობირების მოტივაცია იყო ამოსავალი წერტილი იმის, რისიც მე და ჩემ თანამოაზრეებს გვჯერა - რესპუბლიკის რწმენა.
რესპუბლიკისთვის აუცილებელი პირობაა თავისუფალი დისკუსიის არსებობა, სადაც ნებისმიერ ხელისუფლებას და ნებისმიერ მოქალაქეს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, სხვა შეზღუდოს თავისუფალი დისკუსიისას. ეს მიდგომა, რომლის საწინააღმდეგო პროპაგანდასაც ივანიშვილის რეჟიმი სულ აწარმოებს, რომ ადამიანების განცდების დაცვის გამო შენ უნდა აგიკრძალონ დისკუსია და ფიზიკური ძალადობის, ფიზიკური შეზღუდვის და სიტყვიერი ტკენის გათანაბრება უნდათ, რაც ძალიან დიდი და სახიფათო შეცდომაა.
როგორც კი ის, ვისაც ძალაუფლება აქვს, ფული აქვს ან უმრავლესობის განცდა აქვს, ზღუდავს აზრებს, იქ ექმნება პრობლემა ყველაფერ დანარჩენს: საკუთრებას, პერსონალურ თავისუფლებას, პერსონალურ სივრცეს, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას - ამიტომ მიგვაჩნდა ეს ჯერ კიდევ "თავისუფლების ინსტიტუტში" ყოფნის დროს საკვანძო საკითხად. როცა ეს კანონი მივიღეთ, მაშინვე ვთქვი, რომ ჩვენ ამ კანონით ვიცავდით ჩვენი კრიტიკოსების უფლებას, რაც ასევე ყველას უფლებაა", - თქვა გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლების პოდკასტში ამ კანონზე და მასში ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.
"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული ცვლილებები, - რომლებიც ცილისწამების შეცვლილ განმარტებასა და ცილისწამებაზე სამოქალაქო დავისას მტკიცების ტვირთის ცვლილებას ეხება, - პარლამენტმა 25 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო. ამ ცვლილებების მიხედვით:
- ცილისწამებაზე დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება;
- სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადა ერთი თვიდან 10 დღემდე მცირდება;
- თუკი ამ კანონის ძალით აქამდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო "ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირებადი შეიძლება გახდეს „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა“;
- უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, - დაუშვებელია გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
ფორუმი